ორშაბათი
პეტრეს გაყინული ხელები აქვს, რა აღარ ჩავაცვით, მაგრამ ვერაფრით ვუთბობთ. ასე ბებიამისის გამოა, საცოდავი ქალი ამოღებული კბილივით დევს ლოგინში და გამოხრული გულმუცელი ოდნავ, სულ ოდნავ უფეთქავს. თურმე კვირაზე მეტია, სიცხემ არა და არ დაუწია, ზამთარში მოტეხილმა ფეხმაც თავი გაუხსენა, ყვირილის თავი სად აქვს, მაგრამ გაუჩერებლად აკვნესებს. აქ რომ მოვედი, პირველად ამ ქალთან მიმიყვანეს – ამაზე მძიმე ავადმყოფი ერთი ცისიააო, მაგრამ ჯერ ეს გასინჯეო. დიდი ნესტიანი თვალებით ამომხედა. სანაგვეზე გადაგდებულ თოჯინას ჰგავდა. გამარჯობამეთქი, მილეული ხელი ჩამოვართვი. მშიაო, მითხრა. არაფერს მაჭმევენო, მცემენო, მიშველეო. მაგათ ჰგონიათ, უპატრონო ვარო და შვილი რახან არ მიჩნდება, მიბრიყვებენო. მოიცადონ ჯერ მაგათო, ისეთი ბიჭი გავაჩინოო, რომ!..
ასე გავიცანი.
დღე და ღამე თავზე ევლებიან, ეს კატო ბებო მაინც უკმაყოფილოა. ათას სისულელეს იგონებს და საკუთარ შვილიშვილს კი ვერაფრით იხსენებს. პეტრე და ის ერთად მოვიდნენ აქ, ჯერ პეტრე მოიყვანეს და მერე თვითონვე დაავლო ხელი ბებიამისს და ჩააბარა აქაურ პატრონებს. თურმე პეტრეს მამა აყვანილი ჰყოლია კატო ბებოს, მერე ყველა და ყველაფერი შემოეცალა ბებიაშვილიშვილს გარშემო და, დარჩნენ ერთმანეთის ამარა. ქალს სკლეროზი მწვავე ფორმით განუვითარდა, ბიჭს გაჩენის დღეს აწყევლინებდა, მაგრამ მაინც არ მიატოვა. უვლიდა, როგორც შეეძლო.
ყველაფერი მეუცხოვება – ეზოც: ნაძვებით მოფენილი, რაღაცნაირად გრილი, გამაყრუებლად ჩუმი. შენობებიც: უფრო სწორად, პატარა ხის კოტეჯები, სადაც ესენი ცხოვრობენ. გირჩებით დაკბილული ბილიკები, გარშემო მთები – ფიჭის კედლებივით ამოშენებული. ყველაფერი მეუცხოვება და დილიდან ვსაქმიანობ – რამდენჯერმე გამოვედი ეზოში (მერე აღმოვაჩინე, რომ ამას თურმე განგებ ვაკეთებდი, ყოველ გამოსვლაზე ერთით მეტი საგანი ან მოვლენა რომ დამენახა), რამდენჯერმე შევხედე თითოეულ ბინადარს, ვაკვირდები მათ სხეულს, სახეს, სენს; ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე დავუსვი ზოგიერთ მათგანს და პასუხებს ბეჯითად ვიმახსოვრებ.
დღის პირველი საათია და უკვე დაღლილი ვარ.
პეტრეს ოთახში თავშესაფრის უფროსმა გამამწესა. დირექტორს ვერ ვეძახი, რადგან თვითონ ამიკრძალა – დირექტორი არა ისო. რა ისმეთქი, და ალუბლის ტოტიო. ამაზე ორივემ ვიცინეთ. მაგრამ მერე მთელ ეზოში უამრავი ალუბლის ხე შევნიშნე და დირექტორის ნათქვამი გამახსენდა. რა ბუნებრივი კანონით ჰქონდათ ეზოში თანაბარი რაოდენობით დარგული ამდენი ნაძვი და ალუბალი – ეს კითხვაც ჩავინიშნე და უახლოეს წუთებში დავუსვამ მას, როგორც კი მოვიხელთებ. თუმცა, პასუხს მეც ვგრძნობ. ხომ არის ასეთი კითხვებიც – კი არ უპასუხებ, იგრძნობ. გრძნობა გემრიელი რამეა, ნეტარ არიან მგრძნობიარენი!
ტელეფონი გამორთული მაქვს და დღის ბოლომდე არც ჩავრთავ. შესაძლოა, არც მერე. დარეკვით არავინ დამირეკავს – ყველა საქმე მოგვარებული დავტოვე. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, ისეთი განცდა მაქვს, სიკვდილიც მეადვილება. ყველგან ყველაფერი მოწესრიგებული: სამსახურში ოქმები და საბუთები შევსებულდაბინავებული, პაციენტები მორიგე ექიმისთვის გადაბარებული, მეგობრები კარგად არიან. ცოლშვილი არ მყავს. სრული თავისუფლება. სხვა ჩემს ადგილას მოიწყენდა კიდეც. მე კი დედაჩემს ვგავარ – საშინლად მშრომელი და მხიარული ქალია. მამის გარდაცვალების მერე ცხოვრებასთან ბრძოლის ხერხი იპოვა – მოგზაურობა გადაწყვიტა. ამჯერად შტატებშია და როგორც მეუბნება, კიდევ ნახევარ წელიწადს დარჩება იქ, რადგან თუკი რამე სამშობლოს მერე თავისთავს აგონებს, ეს – იქაურობაა. მე კი მიხარია დედაჩემის კარგადყოფნა და არც იმაზე ვდარდობ, მის მოგზაურობაში ჩადებული კრედიტის პროცენტის ყოველთვიური დაფარვა რომ მიწევს ბანკში. რაღაცნაირად მსიამოვნებს კიდეც. ხელფასი – ამ თვის აღებული მაქვს და აგერ, ჯიბეში მიდევს. მეზობლებს ჩემგან წყალი არ ჩაუვათ, რადგან პირველ სართულზე ვცხოვრობ და, სხვა არც არავითარი ვალი მაქვს არც სახელმწიფოს და არც ღვთის წინაშე.
მოკლედ – აქ ვარ. პეტრეს ოთახში თბილა. საწოლზე ვწვები და აქაურებზე ვფიქრობ. პეტრე შემოდის. უხერხულადაა, მაგრამ მალევე მეჩვევა. რაღაცას ღელავს, ფორიაქობს. ხელით მანიშნებს ფანჯრისკენ. ვიყურები. ქალი და ბავშვი ჩანან მხოლოდ, ქალს ბავშვის ცალი ხელი უჭირავს და ის კი მიწაში იჩიჩქნება. პეტრეს სუნთქვა უხშირდება და მუშტს ადებს ფანჯარას, ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ბავშვის ჩიტივით სილუეტი მოჩანს. რაო, რამე სჭირს? – ვეკითხები. თავს მიქნევს და მადლიერია, რომ მესმის მისი. ბავშვს თუუ დედას? ხელებით პატარა სივრცეს ხაზავს – ესე იგი, ბავშვს. თუ ის დედამისი არცაა? – ისევ ვეკითხები. არისო, მპასუხობს. სად ცხოვრობენ? ბავშვს ვაკვირდები. პატარა თითებით თხრის მიწიდან კენჭებს. პეტრე კოტეჯისკენ მანიშნებს. ხვალ საღამოს შევუვლი... – ვეუბნები და პეტრეს ძალიან უხარია, მხარზე ფრთხილად მეხება. რა სჭირს? – იქნებ როგორმე ამიხსნას. გულთან მიაქვს პეშვი და ისე