ორსული
ეს წიგნი ეძღვნება ყველა გამოგონილ პერსონაჟს, რომლებშიც ამაოდ ეძებენ
საკუთარ თავს ჩვენი შეყვარებულები.
მაისის მზე მორკალული გველივით წევს გზაზე. ოხორკლიანი სითბო აქვს, გრილი.
ლიანდაგების განაპირას ვარდკაჭაჭაა მიმობნეული. მზეს ღრუბელი ეფარება და ჩრდილის მსხვილი ფოთლები იშლება მიწაზე.
შენ ლიანდაგებს შორის დგები, დიდი ნაბიჯებით მიაბიჯებ. გგზას თითქმის ვერც ხედავ. რკინის ორ მსხვილ ძაფს მიჰყვები მხოლოდ და სუნთქვაც ისეთი გაქვს, გეგონება მოგპარეს. ცარიელი ფილტვები სტვენენ.
მიდიხარ გაუჩერებლად. პერანგზე ხელისგულისოდენა ლაქაა, მუქი ლურჯი და წვეთებად გაბნეული. ხელებიც ლურჯი გაქვს, შაბიამნისფერი, ლაქები ფრჩხილებამდეა ჩასული. მერე ხელის მტევანს შუბლზე ისვამ და სუნით გახსენდება, კადრივით შემოდის დაცარიელებულ გონებაში: იმის გამოწვდილი ორი პეშვი... შიგვე ჩაუსხი წყალი... შიგვე ჩაუყარე ცისფერი ფხვნილი, შიგვე აუმღვრიე საჩვენებელი თითით... და მერე შენც გაილოკე ის თითი... რა ლამაზი იყო, პეშვში რომ ჩააცქერდი და იქ დაუნახე თვალები... თვითონაც შენ გიყურებდა, თავისი ხელისგულიდან... სულ ეგრე გიყურებდა ხოლმე... რაც არ უნდა ენახა, რაშიც ან სადაც არ უნდა ჩაეხედა – თვალებით შენ გპოულობდა...
და ახლა მიდიხარ ლიანდაგებს შორის, ეს ერთადერთი სურათი გიკიდია გონების ცარიელ კედელზე და თვალები გეხუჭება, ისეთი მომთენთავია მზე.
სადღაც ჩიტი გაფრთხიალდა. ან სულაც თხუნელა. ძალიან ქვევიდან მოგესმა. შრიალი მძაფრდება. გგეგონება ბალახებმა ხმა ამოიღეს, ტუჩთან სისველეს გრძნობ. თვალებს არ ახელ, წვეთს ენით იშრობ.
არ ტირი. არ ტირი, მაგრამ ეს წვეთი საიდან. თან არც მლაშეა, თან ცივია, ერთიბეწო და ისეთი ცივი, რომ ფეხისგულებამდე ატანს სიცივე.
მიდიხარ. არ ჩერდები. ალბათ ტირი... ახლა არც ამაზე ფიქრობ. ვიღაც გელაპარაკება შენშივე: დედის ჩანაწვეთარ ცრემლზე თუ ია ამოდის?.. მამისაზე? კაცისაზე?.. ტირი? არავინ შეგამჩნევს ნუ გეშინია, მიდი!.. ვიღაც დაგცინის. – კაცის ცრემლზე – ალბათ კაკტუსი!.. ან ვარდკაჭაჭა!.. შემოგხარხარებს...
სახე კი თანდათან წვეთებით ინამება და შენ გრძნობ, რომ ცრემლია თუ რაც არი, შენგან კი არ გადის, შენში შემოდის, სხეულის ყველა ნაწილზე მიუგნია სადინარისთვის და მოდის, მოჟონავს და სველი ხარ შიგნიდან, ცივი და, ახელ თვალებს და აღარ იცი, დაიჯერო თუ არა! – თოვს...
თოვს კი არა, ბარდნის. და ეს წვეთებიც, ცრემლები რომ გეგონა, ფიფქებია, კვირტისხელა ფიფქები, დინჯად და ტაატით მოირწევიან ზეციდან და შენც უკვე მთლიანად დაგთეთრებია ტანი...
მაისია და, სადღაც ღრუბლების მიღმა მზე მშვიდად წევს... ღრუბლები პირებდახსნილი ბალიშებივით პენტავენ ფიფქის ბუმბულებს...
მერე თვალს უსწორებ გზას. შორს ქალაქია, მანამდე კი უსასრულოდ გრძელი რკინის ზოლი, ვიღაც უხილავს მაშველი თოკივით რომ გადმოუგდია შენთვის და შეგიძლია გაჰყვე... გაუყვე...
ღრმად ისუნთქავ სადაფისსუნიან ჰაერს. ფილტვები ტკენამდე გებერება და ამდენი ხნის მერე სულაც პირველად გრძნობ ტკივილს... მხრებზე იყურები. თოვლის ფაფუკი ორდენები გაყრია... იფერთხავ მკლავებს და უცებ, ისევ კრთება გონების კედელზე ის ერთადერთი სურათი:
ის წევს შენს მკლავზე, თვალები მძიმედ ეხუჭება და სადღაც გულის უკნიდან ამბობს: ნუ გეშინია. ხეებსაც აშინებენ ხოლმე, ნაყოფი რომ მოისხან...
მერე გინდა, რომ იღრიალო და, უმწეო ბრაზით შესცქერი ამ ფიფქებს, ასე უთავბოლოდ, უდროოდ, უსაშველოდ მშვიდად მოსულ ფიფქებს და თითქოს გეშინია არ დააფრთხო მათი სიჩუმე, მუხლებზე ეცემი, ლიანდაგებს მთელი ძალით ეჭიდები, შუბლით მიწას ენარცხები და რკინის ამ ცივ და თოვლიან ბალთებს სიმწრით კბეჩ... ტუჩის კუთხეებიდან სისხლისფრად მოჟონავს, მოიწრიტება ამოუყვირალი ჯავრი...
ცაზე, ღრუბლების მიღმა მაისის თეთრი მზე მოჩანს.
* * *
კარი ბრახაბრუხით გაიღო და ოთახში ნინო შემოვიდა, გულზე თივთიკის ჩანთით მიკრული ბავშვით და ორივე ხელში – ჩემოდნით.
– ნინოოო! ნიინ!.. – ეკა შემოეხვია მკლავებზე, ბავშვს ჩანთაში ჩაუყო ცხვირი.
ნინომ ჩემოდნები კართან დააწყო. მძიმედ გაიღიმა და ოთახში გამოჩენილ ქალს შეევედრასავით:
– მიმიღეთ!.. ჩამოვედი.
ბავშვი გასუსული იჯდა ტახტზე, საგანგებოდ მისთვის ბალიშებით აშენებულ სამფლობელოში და წვრილი, საშინლად კეთილი თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა.
ნინომ სულმოუთქმელად დაცალა წყლიანი დიდი ჭიქა. ზუსტად ათ წუთში თითქმის ყველაფერი თქვა, ყველა მოვლენას თუ საგანს, თავის გარშემო, ნათელი მოჰფინა. ასე იცოდა. შეკითხვისთვის ადგილს აღარ დაგიტოვებდა,ნ ნინო, ნინო ლაშხი.
– მითხრა, ჩამოდიო. დროებით სადმე გაჩერდიო. ვიმუშავებ და ბინას გიქირავებო... ჩემებმაც – წადიო, როდის იყო, რამეს გვეკითხებოდიო და, აი... ცოტა ხანს აქ ვიქნები. მერე ალბათ მეც მეშველება.
ეკა ბავშვს ეფერებოდა. პაწია, ბუთქუნა ფეხისგულები გაუშიშვლა, თევზებივით ჩაიწყო კალთაში და იმათ ეთამაშებოდა. ბავშვი ახითხითდა.
– დათუუ... დათუჩი...