წამი აქა, წამი - იქა
ტყემ თითქოს პირი შეკრა – სიბნელეში უცებ დაიკარგა გზა.
მანქანა გააჩერა. ხელები საჭეს ჩამოაყრდნო. საყვირი აზრიალდა. არ განძრეულა. საყვირი დიდხანს ჭყვიტინებდა, მერე თავიც დაამხო ხელებს და ირგვლივ ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა.
დიდხანს იყო ასე. მანქანის ანთებული ფარები ზედ ორ უშველებელ მუხაზე იყო მიბჯენილი. მეტი არც არაფერი ჩანდა. სამანქანო გზა აქ წყდებოდა.
გადმოვიდა. ფარების სინათლეებს შორის, მკრთალად მოციმციმე მტვერში ჩაჯდა და ზევით აიხედა. ტოტებში ვარსკვლავები გახლართულიყვნენ, თითქოს ხეები ფუნჯები იყო და ბავშვობის მერე ასე ახლოს ამ წყალთან აღარ ყოფილა.
წყალი იყო ცა. უფრო სწორად, ჯერ ყველაფერი წყალი იყო და მერე ღმერთმა მოუჭირა მას ხელი, და ზედ შუაწელში, სადაც წყალს თითების სარტყელი შემოავლო, ცა გააჩინა. დანარჩენი ასე დაიყო: ცის ზემოთ და ცის ქვეშ. ასე იცოდა დედისგან, რომელიც ხანდახან რაღაც უცნაურობებს უყვებოდა ხოლმე. დედამ – დედამისისგან იცოდა და იმან კი ვისგან – ესეც ლოგიკურია. ასეთი სანათესაო თვისება ჰქონდათ – მათ დიდ ოჯახში ქალებმა უფრო მეტი იცოდნენ. ეს ცოდნა ქალიდან ქალზე გადადიოდა და კაცებიც ამ ამბავს არასდროს შეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, ქალები ამ ოჯახში უბედურები იყვნენ, ისევე, როგორც ყველა, ვინც რაღაც იცის.
დედამ არ იცოდა, გიო რომ ჩამოვიდა. მმოულოდნელად უნდა დასდგომოდა თავზე. მაგრამ ამ ტყეში ისე გაიხლართა, გამთენიას, დღის შუქში თუ გააღწევდა. მანქანაში დაბრუნება არ უნდოდა. სციოდა, მაგრამ ჰაერზე ერჩივნა. წამოდგა, საცალფეხო გზასავით ჩანდა ფეხქვეშ, იმას გაუყვა. ცოტა ხანში მანქანის ფარების სინათლეც გაქრა და სანთებელას ამარა დარჩა. რამდენჯერმე ფეხი დაუცდა, კინაღამ ხევში გადაიჩეხა, სანთებელას ფრჩხილისტოლა შუქი ფათერაკს ვერ ანიშნებდა, ამიტომ ალალბედზე მიდიოდა.
მერე ვეება წყვდიადი გამოჩნდა. ღამის სიბნელეზე ახალი საკერებელივით დადებულ ნაჭერს ჰგავდა. მიუახლოვდა, წყვდიადი მკვრივი იყო, კედელი აღმოჩნდა. შემოუარა და კარიც იპოვა. რკინის ჯაჭვით იყო დაბმული. ხელები შემოავლო კედელს.
სალოცავი რამ იყო. ჩვეულებრივ შენობას, ან ფარეხს ან გომურს ან სამწყემსურ ქოხს არ ჰგავდა. ჯაჭვს ცოტა ხანს ეჯაჯგურა, მაგრამ არაფერი ჩანდა. ბოლოს კართან ჩაიჩოქა და მოწყენილმა ჩამოისვენა.
შიშს ვერ გრძნობდა. უსხეულო ძალთა ლაშქარიც რომ დასდგომოდა თავს, მაინც ვერაფერს იგრძნობდა. უნდოდა კიდეც, ვინმე შეფეთებოდა, ვინმესთვის ამ კარის გაღება ეთხოვა. ისე უნდოდა, ისე ძალიან, რომ უცებ კარმა თვითონვე გაიჟღარუნა და რაღაც საეჭვოდ შეჭრიალდა. წამოხტა, ჯაჭვს ხელი ჩამოჰკრა და ისე სწრაფად გახსნა, თითქოს წუთის წინ თვითონ არ ყოფილიყო უმოწყალოდ დაგმანული.
შევიდა. წამით სული შეუგუბდა, ისეთი უცნაურად გამჭვირვალე ჰაერი ჩაყლაპა. სანთებელას ჩამოჰკრა თუ არა, კედლებზე უამრავი სანთელი დაინახა, თავმომწვარი, თითით მიკრული. აანთო და აანთო, ააგიზგიზა იქაურობა. მერე შუაგულში დადგა და ამ ყველაფერს რომ შეხედა, უნებურად მუხლებზე დაეცა. თვალებს ზევით ვეღარ სწევდა, რაღაც ძალა ძირს ახრევინებდა, თორემ უფრო კარგად დაინახავდა, სალოცავის ზედა კედლიდან ცხენოსანი მხედარი რომ მოიწევდა მისკენ, ლამის კედლები შეძრა და გიოსკენ ისე წამოვიდა, ანთებული სანთლებივით უელავდა თვალები.
გიომ მხოლოდ ის დაინახა, როგორ ლეკვებივით ჩაწვნენ მის ფეხებთან უცნაური ჩრდილები, ჩაიყუჟნენ და მასაც ჩაუთბეს მუხლები.
მერე თვითონ არა, ისევ იმ რაღაც ძალამ გულზე დააკრეფინა ხელები და მთელი ძალით ათქმევინა: გადაარჩინე ბავშვი, რომელიც ჩემია, გადაარჩინე, გთხოვ, და რაც გინდა სანაცვლოდ, წაიღე ჩემგან!
ეგ იყო და ეგ.
მანქანაში გამოეღვიძა. საშინლად სციოდა და მანქანაც ძაგძაგებდა მასთან ერთად. საწვავი გასინჯა – იყო. ცა დღის შუქით იხსნებოდა. სწრაფად დაქოქა მანქანა და მოატრიალა. გზის განაპირას ძველისძველი აბრა იყო დარჭობილი და აბრაზე კი მხოლოდ ჯვარი ესვა, მეტი არაფერი ნიშანი.
გიჟივით ჩამოახრიგინა დაღმართი და გათენდა თუ არა, სოფელიც გამოჩნდა.
ქალმა ოთახში თბილი წყლით სავსე ვარცლი შემოიტანა, გიოს წინ დადგა, გიოს ფეხები ფრთხილად ასწია და ცოტათი გაძალიანების მიუხედავად, მაინც თვითონ დაბანა. ამას ისეთი მზრუნველობით სჩადიოდა, ხელს ვერ შეუშლიდი. მერე იატაკი ტილოთი მოამშრალა, გიოსკენ სკამი მიიწია, ხალათის ჯიბიდან პაპიროსი ამოიღო, საჩვენებელი თითის ბალიშზე ორჯერ დაიფერთხა და გააბოლა. გიოს ბედნიერი შესცქეროდა.
– კიდე ეწევი? – გაეცინა გიოს.
– ვინ დამიშლიდა, – ქალმა მხრები აიჩეჩა.
– მარტო რატო ხარ?
– გული მიგრძნობდა ალბათ, შენ რომ ჩამოხვიდოდი და, ყველა დავითხოვე სახლიდან.
– დედა, სულ ნუ დამცინი რა!
– არ დაგცინი, მართლა გეუბნები.
– დიტო?
– დიტო თავის დასთანაა, გაღმა.
– რატომ?
– დისქმარი მოუკვდა დიტოს ამ გაზაფხულზე, შეშა აქვს დასაჩეხი და წავიდა