2014 წელი, შაბათი, 9 აგვისტო, 06:00 საათი მეწამული ლეგიონის თოფოსანი წითური მედდის ყურადღებას ელოდებოდა. გოგონა ოცდახუთისაც არ იქნებოდა და მის სილამაზეს დიდად არ ეხამებოდა მხარზე გადაკიდებული შაშხანა. გოგონა მოხდენილად მიუყვებოდა რიგს დაჭრილებს შორის. გამოცდილი ხელებით მონდომებით უვლიდა მათ, ვისთვისაც ომის სისასტიკეს უკვე დაემჩნია კვალი. ბოლოს, როგორც იქნა, თოფოსნამდეც მიაღწია.
თოფოსანმა მედდას ახედა და თვალი გააყოლა კვამლის ბოლქვებს, გოგონას ზურგს უკან რომ ასდიოდა გადამწვარი სოფლის დანახშირებულ ნანგრევებს. კვამლი ტაატით მიიწევდა ცისკენ და დამთრგუნველ სიცხეს ერწყმოდა. თოფოსანმა მზერა გრენადერისკენ გადაიტანა. წარმოსადეგი აღნაგობის მიუხედავად, ისიც ოცი-ოცდახუთი წლის იქნებოდა. ხის კუნძზე იჯდა, მის გვერდით სამუშაო ხელსაწყოები ეყარა გროვად.
აჭარხლებული გრენადერის სახეზე ოფლი, მტვერი და ჭუჭყი ერთმანეთს შერეოდა და ღარებად აჩნდა ლოყებზე. ოფლის წვეთები მუქყავისფერ ულვაშზე ჩამოჰკიდებოდა. ოფლი შუბლიდან მოიწურა, სანამ თვალებში ჩაუვიდოდა და ახალგაზრდა მედდაზე გადაიტანა მზერა, რომელიც ფრთხილად უწმენდდა თოფოსანს მხარზე იარას, მერე კი პირქუში გამომეტყველებით შეუხვია.
გრენადერთან რომ მორჩა, თოფოსანს მიუჯდა და სხარტად შეუყვანა ვენაში გამაყუჩებელი, რომელსაც დაჭრილი ტკივილიდან ნეტარებაში უნდა გადაეყვანა. თოფოსანმა, რომელსაც სულ ახლახან შესრულებოდა ოცდახუთი წელი, ამოიხვნეშა და ნარკოტიკის ბურანს მისცა თავი. ექიმმა კი მომდევნო სასოწარკვეთილი სულისკენ გადაინაცვლა.
მის წინ სამხედრო ტყვეები ტალახში დაჩოქილები იდგნენ, მაგრად შეკრული კოჭებით, ზურგს უკან შეკრული ხელებითა და თავებზე ჩამოცმული მეწამული ტომრებით. ამ ტომრებს მიღმა მათ ოდესღაც ამაყ სახეებზე განწირულება და სასოწარკვეთა იკითხებოდა, მათი სულები მოახლოებული აღსასრულის წინაშე ძრწოდნენ.
როცა გრენადერი ფეხზე წამოდგა და ზორბა სხეულით მზეს აეფარა, ტყვეები დაიზაფრნენ, თუმცა მისი სხეულის ჩრდილის სიგრილით მცირეოდენი შვება იგრძნეს. გრენადერს გული მოეწურა მათ დანახვაზე – საბრალონი ისე თრთოდნენ, როგორც ფოთლები ქარში. სწრაფად შეტრიალდა და მისი თვალები მედდისას შეეფეთა. და ამ წამს თითქოს რაღაც აუხსნელი ურთიერთგაგება დამყარდა მათ შორის: არც ერთს და არც მეორეს არ სძულდა ეს ადამიანები – გაცილებით მნიშვნელოვანი ძალების თამაშში ჩათრეული პაიკები.
მხუთავ ბოლს ლეიტენანტის მაღალი ფიგურა გამოეყო – გრძელი ნაბიჯებით ორად აპობდა კვამლს. წითელი მოსასხამი ოქროს აბჯარს უფარავდა. დაღრეჯილი პირიდან ბასრი, თეთრი კბილები მოუჩანდა და ამ გარეგნობით ლეიტენანტი დემონს უფრო ჰგავდა. მისი სათვალე მზეს წყვილად ირეკლავდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თვალები წითლად უელავდა.
- კარგი ნამუშევარია, ჯარისკაცებო, – ლეიტენანტის ღიმილივით მჭრელმა ხმამ სიჩუმე დაარღვია, – ახლა ბანაკში დაბრუნება და დასვენებაც შეგვიძლია.
თოფოსანი, მედდა და გრენადერი გაუნძრევლად იდგნენ და გულში მრისხანება უდუღდათ. ლეიტენანტისთვის არცერთს არ უპასუხია. ჰაერი გაბლანტებულიყო ამოუთქმელი სიტყვებით, დამძიმებულიყო იმის ცოდნით, რომ ლეიტენანტი მხოლოდ ახლა იწყებდა გახურებას. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ხელქვეითებთან როგორი თამაშები ანიჭებდა ლეიტენანტს სიამოვნებას.
– ოღონდ, – განაგრძო ლეიტენანტმა, თან მსმენელის დაძაბულობით ნეტარებდა, – იმის საშუალება არ გვაქვს, რომ თხუთმეტი მძევალი დავაბინაოთ. თან, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ერთი მძევალი გვჭირდება.
ლეიტენანტმა გაუფრთხილებლად გამოაძრო ლაბადიდან ოქროს ნაგანი М1895 და გაისროლა. გასროლა სამგლოვიარო ზარივით გაისმა. ერთ-ერთი ტყვე სისხლით გაჟღენთილ მიწაზე უსულოდ დაეცა. დანარჩენები შეკრთნენ. შეკავებული კივილი მოსწოლოდა მათ აცახცახებულ ტუჩებს.
– სიჩუმე! – დაიგრგვინა ლეიტენანტმა და კიდევ ერთი გასროლაც გაისმა.
გრენადერმა შუბლი შეიჭმუხნა, ზიზღმა დაუბრიცა ტუჩები, მედდა კი სასოწარკვეთილი ცდილობდა თავისი საქმის გაგრძელებას და მის წინ გათამაშებული სცენისთვის თვალისა და ყურის არიდებას. თოფოსანმა ყელზე ხელი მოიჭირა და ძლივს გადაყლაპა ბურთი, რომელიც თითქოს ხორხში გასჩხეროდა, სხეული უხმო პროტესტმა დაუძაგრა.
ლეიტენანტი ისე აგრძელებდა, თითქოს საშინელი არაფერი მომხდარიყო.
– როგორც ვხედავ, ამათ შორის არცერთი ღირებული ოფიცერი არ არის. ამიტომ ჩვენთვის სულერთია. მძევლად ნებისმიერი გამოგვადგება.
ლეგიონის ჯარისკაცები, დაშავებულები და გაბრუებულები, ჭოჭმანობდნენ, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ლეიტენანტის გაღიზიანება არ ღირდა. ნელ-ნელა წამოდგნენ. მათი მოძრაობები მექანიკური იყო, შიში უფრო ამოძრავებდათ, ვიდრე მოვალეობის განცდა.
მედდა, გრენადერი და თოფოსანი არც კი განძრეულან, რაც მათ დაუმორჩილებლობასა და ადამიანობაზე მეტყველებდა.
ლეიტენანტმა მაშინვე შენიშნა ამბოხის ეს ნიშნები. ავისმომასწავებელი ღიმილი მოეფინა ტუჩებზე; სათვალე მოიხსნა და სამეულს თვალი ჩაუკრა. მზესავით გამჭოლი იყო მისი მზერა, მორჩილების მოლოდინით აგზნებული.
როცა ლეგიონერებმა იარაღი ასწიეს, თვალები გამოცარიელებული ჰქონდათ, ხელები უკანკალებდათ. ლეიტენანტის ხმამ სიჩუმე სამართებელივით გასერა:
– სდექ! არცერთი თქვენგანი არ გაინძრეს!
ლეიტენანტი დაუმორჩილებელ სამეულს მიუბრუნდა. ღიმილი გაუფართოვდა, როცა მათი მოგუზგუზე ბრაზი იგრძნო. მძევლები ჯერაც მუხლებზე იდგნენ და შიშისგან კანკალებდნენ.
– აბა, საყვარელო თანამებრძოლებო, – დაიწყო ლეიტენანტმა ყალბი, დათაფლული ხმით, – არ გეჩვენებათ, რომ