იყო და არა იყო რა,
ღვთის უკეთესი არც არა.
მაღლა მთა, დაბლა მინდორი,
მთის ძირას წყარო ანკარა.
მოჩუხჩუხებდა ჩუხჩუხით,
მინდორს შუაზე კვეთავდა,
ნაკადულს აქეთ-იქიდან
ხშირი ბუჩქნარი სერავდა.
მაყვალი,კუნელ-მოცხარი,
ერთმანეთს ენაცვლებოდა.
მდელო ხასხასა ბალახით,
როგორც ზღვა ისე ღელავდა.
შველი-ირემი, გნოლი-დურაჯი,
იყვნენ ხშირ-ხშირი სტუმარნი,
ხანდახან დათვი ბელებით
და მელაკუდა მსუნაგი.

მრავლად ჰქონდათ ბუნაგი,
ველის მუდმივ ბინადრებს.
თაგვს,თხუნელას,ენოტს,მაჩვებს,
ყურცქვიტებს და ზღარბუნებს.
მართლაც,რომ სამოთხე იყო
გარეულ ფრინველ-ცხოველთა,
განგებამ შექმნა და ასე
უბოძა ირგვლივ ყოველთა.