ამერიკელი რუსის რუსული რომანი
„მე ამერიკელი მწერალი ვარ, რომელიც რუსეთში დაიბადა, განათლება ინგლისში მიიღო, სადაც ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა მანამ, სანამ თხუთმეტი წლით გერმანიაში გადასახლდებოდა“, – ეს ნაბოკოვის იმ „მარადიული კითხვის“ პასუხია, რომელიც ალბათ ყოველთვის დაისმება: სადაური მწერალია ვლადიმირ ნაბოკოვი? ეს კამათი არასდროს დასრულდება, მით უმეტეს, რომ რუსებს არასოდეს უყვარდათ ადვილად დათმობა, თუკი რამეს „ამოიჩემებდნენ“ და ეს ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კამათიდან მარტივი გამოსავალი არსებობს, იმდენად მარტივი, რომ არ მგონია, პირველი ვიყო, ვინც ეს პრობლემა გადაჭრა: გააჩნია, ნაბოკოვის რომელი ნაწარმოების ავტორზე ვმსჯელობთ, მისი სადაურობა ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ. მაგალითად, თუკი „ლოლიტაზეა“ საუბარი, მისი ავტორი უდავოდ ამერიკელი მწერალია, მაგრამ როდესაც „ლუჟინის დაცვას“ ვკითხულობთ, ნაბოკოვის რუსობას ვერაფრით უარვყოფთ. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ლოლიტა“ ინგლისურად დაწერა, ხოლო „ლუჟინის დაცვა“ რუსულად („ჩემი“ პრინციპით, ინგლისურენოვანი „მკრთალი ალი“ მის ყველაზე რუსულ რომანად მიმაჩნია).
დასაწყისში მოყვანილი მწერლისეული სიტყვები მაინც არ არის საკმარისი მისი „კოსმოპოლიტობის“ დასადასტურებლად – ახსოვს მსოფლიო ლიტერატურას პოეტები თუ პროზაიკოსები, რომლებსაც ერთ ქვეყანაში უწყვეტად ხუთიოდე წელზე მეტი არ უცხოვრიათ და მაინც რუს, გერმანელ, თუ ამერიკელ მწერლად დარჩენილან; მწერლის ოჯახის თავგადასავალიც, რომელიც „სტანდარტული“ ამბავია რუსი დიდგვაროვნების ოჯახებისა, რომლებმაც 1917 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებას ევროპაში გაასწრეს ქონების ნარჩენებით, ვერ იქნება ნაბოკოვის „მრავალენოვნებისა და მრავალეროვნების“ ერთადერთი ახსნა. მთავარი მიზეზი ალბათ ბავშვობაში, რუსეთშივე მიღებულ განათლებასა და ოჯახურ ტრადიციაში უნდა ვეძებოთ: მისივე თქმით, იგი ბავშვობიდან ერთნაირად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ხოლო წერა-კითხვა რუსულზე ადრე ინგლისურად უსწავლია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ რუსეთში დარჩენის შემთხვევაშიც არ გამოირიცხებოდა მის მიერ ინგლისურენოვანი ლიტერატურის შექმნა. თვითონ მწერალი ასე „ინაწილებს“ ამ სამ „მშობლიურ“ ენას: „ჩემი თავი ინგლისურად საუბრობს, ჩემი გული – რუსულად, ხოლო ჩემი ყური – ფრანგულად“. მაშ ასე, „შევთანხმდით“: თქვენ ხელში რუსი მწერლის ნაწარმოები გიჭირავთ და მერწმუნეთ, მართლაც ლიტერატურული შედევრის გაცნობა გელით. დიდ უსამართლობად მიმაჩნია (და მარტო მე არა), რომ ვლადიმირ ნაბოკოვი მხოლოდ 1955 წელს გამოქვეყნებული „ლოლიტათი“ გახდა დასავლეთში ზეპოპულარული. არადა, მასზე გაცილებით მაღალი დონის (მაპატიონ ეს თამამი აზრი „ლოლიტას“ თაყვანისმცემლებმა) „ლუჟინის დაცვა“ მეოთხედი საუკუნით ადრე იყო გამოქვეყნებული. აქაც ორიგინალის ენამ ითამაშა გარკვეული როლი.
ვლადიმირ ნაბოკოვი 1899 წელს დაიბადა პეტერბურგში. მამამისი ცნობილი იურისტი და პოლიტიკოსი იყო – რუსეთის კადეტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დედა – საარაკოდ მდიდარი ოქროსმომპოვებლის შვილი, პაპა (მამის მხრიდან) – რუსეთის იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე II-ისა და ალექსანდრე III-ის დროს, დედის მხრიდანაც არა მხოლოდ ოქროს საბადოებით გამდიდრებული „ფულის ტომრები“, არამედ რუსული არმიის გერმანელი გენერლები და მეფეთა საიდუმლო მრჩევლები ჰყავდა. ცხადია, განათლება ოჯახის სიმდიდრის შესაფერისი მიიღო და ნიჭიც ადრეულ ასაკში გამოავლინა. 16 წლისამ ბიძისაგან (დედის ძმისაგან) მემკვიდრეობად დიდი მამული და სასახლე მიიღო როჟდესტვენოში, პეტერბურგის ახლოს და მილიონი მანეთი ფულადაც, მაგრამ რამდენიმე თვეში რუსეთში „ძალიან მშივრები“ აუჯანყდნენ „ძალიან მაძღრებს“ და ამ უკანასკნელთაგან ვინც გაასწრო, ხომ კარგი, ხოლო დარჩენილთა უმეტესობა ბოლშევიკთა ბრბოების სისასტიკეს შეეწირა. ნაბოკოვები არეულობას ყირიმში დაემალნენ. 1919 წელს კი, როდესაც ბოლშევიკებმა ყირიმიც დაიპყრეს, ოჯახმა სამუდამოდ დატოვა რუსეთი. ყირიმში ცხოვრების ორი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ვლადიმირ ნაბოკოვისთვის – სწორედ იქ ეწვია მას პირველი ლიტერატურული წარმატება და ალბათ, მაშინ გადაწყვიტა საბოლოოდ მწერლობა, იმის მიუხედავად, რომ ევროპაში ჩასვლის შემდეგ, გადარჩენილი საგვარეულო ძვირფასეულობის გაყიდვით აღებული ფული ბერლინში საცხოვრებლადაც ეყოთ და ნიჭიერი ჭაბუკის კემბრიჯში სასწავლებლადაც. კემბრიჯი და ენტომოლოგობა „მეორად“ საქმედ ექცა ნაბოკოვს, თუმცა „პეპლების ჭერა“ სამუდამო გატაცება დარჩა. 1922 წელს ინგლისიდან ბერლინში დაბრუნდა, რადგან ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს – მწერლის (უკვე მწერლის) მამა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ემიგრანტთა ერთ-ერთ შეკრებაზე მოკლეს. ამას ფინანსური პრობლემებიც დაერთო და ვლადიმირ ნაბოკოვი იძულებული გახდა, ინგლისურის კერძო გაკვეთილებით ერჩინა თავი. უეცრად თავს დამტყდარი სიღარიბე და მუდმივი სამსახურის უქონლობა გახდა იმის მიზეზიც, რომ საცოლის ოჯახმა ქორწინება ჩაშალა. ამ სირთულეების მიუხედავად, ნაბოკოვმა აღარ გადაუხვია დასახულ მიზანს: ის მეტ-ნაკლები წარმატებით მუდმივად აქვეყნებდა მოთხრობებს ბერლინის რუსულენოვან პერიოდიკაში, რომელიც მაშინ უხვად გამოდიოდა. 1925 წელს ახალი სიყვარული ეწვია, პეტერბურგელი ებრაელის ქალიშვილზე დაქორწინდა, ხოლო 1926 წელს კი პირველი ნამდვილი მწერლური წარმატება ხვდა – მისმა რომანმა „მაშენკამ“ ევროპის რუსულენოვანი მკითხველის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
აღიარებამ სტიმული მისცა და 1937 წლამდე კიდევ რვა რომანი გამოაქვეყნა