1 ყველაზე მეტად იმან განაცვიფრა, რომ ორშაბათიდან ლუჟინი უნდა გამხდარიყო. მამამისი – ნამდვილი ლუჟინი, ხნიერი ლუჟინი, რომელიც წიგნებს წერდა, მისი სამყოფიდან გაღიმებული გამოვიდა და ინგლისური გამჭვირვალე ღამის კრემით შეზელილი ხელების ფშვნეტით ფეხაკრეფით დაბრუნდა საძინებელ ოთახში. ცოლი იწვა. მან თავი ოდნავ წამოსწია და ჰკითხა:
– რაო, რა თქვა?
კაცმა ნაცრისფერი ხალათი გაიხადა და უპასუხა:
– ყველაფერი მოგვარდა. მშვიდად შეხვდა. უჰ... გულზე მომეშვა.
– რა კარგია, – ცოლმა აბრეშუმის საბანი წაიხურა, – მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს...
ეს, მართლაცდა, დიდი შვება იყო. მთელი ზაფხული – მყისიერი სააგარაკო ზაფხული, რომელიც იასამნის, თივისა და ხმელი ფოთლების სუნით იყო გაჟღენთილი, მსჯელობდნენ, როდის და როგორ გაემხილათ მისთვის ეს. სულ სამერმისოდ დებდნენ სათქმელს და ამ წილადობილაში აგვისტოს ბოლომაც მოაღწია. ორივენი მის სიახლოვეს ტრიალებდნენ, გულის ფანცქალით ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, მაგრამ როგორც კი ბიჭი თავს მაღლა ასწევდა, მამა მოჩვენებითი გულისყურით უკაკუნებდა თითს ბარომეტრის შუშას, რომლის ისარიც ყოველთვის ქარიშხალზე იყო მიბჯენილი, დედა სახლის სიღრმეში უჩინარდებოდა, ყველა კარს ღია ტოვებდა და ავიწყდებოდა როიალის სახურავზე მიყრილი მაჩიტების თაიგული. ფაშფაშა ფრანგი ქალი, რომელიც მას ხმამაღლა უკითხავდა „მონტე-კრისტოს“ და ხშირად ჩერდებოდა, რათა მგრძნობიარედ წამოეძახა – „საბრალო, საბრალო დანტესი“, მშობლებს სთავაზობდა, – კატას ეჟვანს მე შევაბამო, თუმცა ამ კატისა სიკვდილივით ეშინოდა. ბიჭს ეს „საბრალო, საბრალო დანტესი“ გულს ვერ უჩუყებდა, ქალის აღმზრდელობით ამოოხვრაზე მხოლოდ თვალებს ჭუტავდა, საშლელით ვატმანის ქაღალდს აწვალებდა და ცდილობდა, მისი ამობურცული ბიუსტი შეძლებისდაგვარად საშინლად დაეხატა.
დიდი ხნის შემდეგ, როცა მოულოდნელად დაუდგა იღბლიანი წელიწადი, აღფრთოვანებით გაიხსენა დრო, როცა ბაღის ხმაურში გაყურსულ ვერანდაზე წიგნს კითხულობდნენ. მოგონება მზითა და იმ ძირტკბილას ჩხირების მელნის მოტკბო გემოთი იყო გაჟღენთილი, რომლებსაც აღმზრდელი ჯაყვით აქუცმაცებდა და ბიჭს ურჩევდა, ენის ქვეშ ჩაიდეო. მიხაკები, რომლებიც ერთხელ მოწნულ სავარძელზე დადო აღმზრდელის ზორბა გავით ატეხილი ტკაცატკუცის მოსასმენად, მის მოგონებებში მზესაც ნიშნავდა, ბაღის ხმაურსაც და კოღოსაც, გადატყავებულ მუხლზე მიკრული, ლალისფერ მუცელს განცხრომით რომ აქანქარებდა. ძირისძირობამდე იცნობს ათი წლის ბიჭი თავის მუხლებს – ქავილით დასისხლიანებული ბებერა, ხვინჭას, კენჭებისა და ეკლიანი წნელების ნაკაწრებით მოხატულ მზემოკიდებულ კანზე ფრჩხილების თეთრი კვალი... სატყლაშუნოს გადარჩენილი კოღო მიფრინავდა, აღმზრდელი სთხოვდა, არ ეცელქა, მას კი დაეკრიჭა უსწორმასწორო, ქალაქელი დანტისტის მიერ პლატინის მავთულშემოჭერილი კბილები, ქოჩორაპრეხილი თავი დაეხარა და ნაკბენ ადგილს გააფთრებით, ხუთივე თითით იფხანდა და იფხეკდა, ქალი კი ნელ-ნელა, შეძრწუნებული იწევდა გადაშლილი სახატავი რვეულისკენ, რომელშიც უცნაური კარიკატურა ჩანდა.
– არა, აჯობებს თვითონ ვუთხრა, – გაუბედავად გადახედა უფროსმა ლუჟინმა ქალს, – მოგვიანებით ვეტყვი. მანამდე კი მშვიდად წეროს ჩემი ნაკარნახები. „ვინ იცის, სად არის შენი სადარი, – რიტმულად კარნახობდა იგი და საკლასო ოთახში ბოლთას სცემდა, – ვინ იცის, სად არის შენი სადარი“.
და შვილიც წერდა, ლამის მაგიდაზე გაწოლილს, ლითონის ხარაჩოებში ჩასმული კბილები დაეკრიჭა და სიტყვების – „სად არის“ და „სადარის“ ნაცვლად ცარიელ ადგილებს ტოვებდა. არითმეტიკის საქმე უკეთ მიდიოდა: იდუმალ ტკბობას გრძნობდა, როცა გრძელი, წვალებით მიღებული რიცხვი საჭირო წამს, ბევრი დავიდარაბის შემდეგ, უნაშთოდ იყოფოდა ცხრამეტზე.
უფროს ლუჟინს ეშინოდა, ვაითუ, როცა შვილი გაიგებს, თუ რატომ იყო ასე საჭირო სრულიად უსახური ტრუვორი და სინეუსი (ტრუვორი და სინეუსი – ვარიაგ რიურიკის ლეგენდარული ძმები (IX ს.), ძველი რუსეთის მთავრები.), რბილნიშნიანი სიტყვების ნუსხა და რუსეთის უმთავრესი მდინარეები, იგივე არ დაემართოს, რაც ორი წლის წინ, როდესაც ნელა და მძიმედ მომავალი ფრანგი ქალი გამოჩნდაო; მის მოსვლას კი თან ახლდა კიბის საფეხურების ჭრაჭუნი, სკივრების რახარუხი... მსგავსი არაფერი მომხდარა. ბიჭი მშვიდად უსმენდა და როცა მამამ, საინტერესო და მიმზიდველი წვრილმანებით რომ ცდილობდა სათქმელის გადმოცემას, სასხვათაშორისოდ აუწყა, ამიერიდან, როგორც მოზრდილს, გვარით მოგმართავენო, გაწითლდა, თვალები ააფახულა, ბალიშზე დაემხო და პირდაღებული მოჰყვა თავის ქნევას. „ნუ წრიალებ“, – უთხრა დარცხვენილი შვილის ცრემლების მომლოდინე მამამ, მაგრამ ბიჭი არ ატირებულა – გაიბუსხა, სახე ბალიშში ჩარგო და ტუჩებით უცნაური ბგერები გამოსცა, მერე მოულოდნელად წამოხტა თმააჩეჩილი, თბილი, თვალებგაბრწყინებული და სწრაფად ჰკითხა, – შინაც ლუჟინს დამიძახებენ თუ არაო.
და ახლა, ამ ღრუბლიან, დაძაბულ დღეს, სადგურში მიმავალი უფროსი ლუჟინი ეტლში ცოლის გვერდით იჯდა, შვილს შესცქეროდა და მზად იყო, მაშინვე გაეღიმა, თუ იგი ჯიუტად გვერდზე მიტრიალებულ თავს მისკენ მოაბრუნებდა. ვერ მიმხვდარიყო, რამ გაამაგრა ასე მოულოდნელად ბიჭი, როგორც ცოლი ამბობდა. ის