თავი პირველი სიკვდილი ლოგიკური დასასრულია სიცოცხლისა, გინდა ადამიანურისა და გინდა ვირთხისა.
აკაფრცხა და ნაჩიჩა თანასოფლელები იყვნენ და აგერ უკვე მეორე წელი გადიოდა, ადამიანისტოლა ვირთხების, ვადორინელების ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
აკაფრცხა ვადორინელების საერთო ტყვე იყო.
ხოლო ნაჩიჩა ვადორინელთა ბელადის პირადი ტყვე, რომელიც მას მადლიერმა თანატომელებმა მოგებული ომების, ბრძოლებისა და შეტაკებების გამო უძღვნეს.
***
ვადორინელთა, ადამიანისტოლა ამაყ ვირთხათა, ტომის ბელადი, ვარდასნ ფერ მუკოლაფირი (ანუ ვაფემუკი, როგორც მას უწოდებდნენ სიყვარულით ვადორინელები), მალე გამოაცხადებდა ბუძოლიების კვირეულს.
ბუძოლიები წინ უძღოდა ვადორინელების მთავარ დღესასწაულს, მითოზუმაფას.
მითოზუმაფა შეწყვილებისა და გამრავლების დღესასწაული იყო და ის მოძრავი გახლდათ (ადამიანისტოლა ვირთხებს კალენდარი, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ და ბიოლოგიური საათის შეგრძნების უნარიც ნამდვილ, ანუ პატარა ვირთხებთან შედარებით, დაჰქვეითებოდათ) და ვარდასნ ფერ მუკოლაფირი მას მაშინ დანიშნავდა ხოლმე, როცა სოფლის დედობაშემძლე მდედრთა უმეტესი ნაწილი ამძუვნდებოდა.
დღესასწაული ერთკვირიანი იყო და ის სოფლის სტადიონზე ტარდებოდა. სტადიონის ცენტრში ამ დღისთვის წინასწარ შემზადებული წყვილები დგებოდნენ და ვაფემუკის ზემოთ აშვერილ კუდის ბოლოს შეაჩერდებოდნენ.
როგორც კი ვაფემუკი კუდს მოწყვეტით დაუშვებდა, წყვილები შეწყვილებას იწყებდნენ ყველას თვალწინ.
ამ რიტუალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ახალბედა წყვილები, ასევე უკვე შეუღლებულები.
და იდგა ჰაერში ვირთხათა სპერმის სუნი.
***
მითოზუმაფის დადგომას ყველა ვირთხა - ახალგაზრდაც და ბებერიც, მოუთმენლად ელოდებოდა.
დღესასწაულისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყებოდა. უცოლო ვაჟები ერთმანეთთან ორთაბრძოლებს, ბუძოლიებს მართავდნენ გასათხოვარი ვირთხების საქმროს ტიტულის მოსაპოვებლად, მათი წრიპინი ცას სწვდებოდა; ხოლო ახალგაზრდა მდედრები ისე აღიგზნებოდნენ, რომ მათ ამოოხვრას (ზოგჯერ ამოქშენასაც) ერთი კვირის შემდეგ განსაცდელი ორგაზმის ნოტები გაერეოდა ხოლმე.
მამრები ბუძოლიების დროს ერთმანეთს არ ასახიჩრებენ და, მით უმეტეს, არ კლავდნენ. ბუძოლიებს ტრადიციულად ვარდასნ ფერ მუკოლაფირის უფროსი ვაჟი, ლი გვა ლი ზედამხეველობდა და სრულიად სამართლიანად მიუკერძოებელი მსაჯის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
***
მითოზუმაფას დროს ის ვირთხები, რომლებიც შეწყვილების რიტუალში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, სტადიონის ირგვლივ განლაგდებოდნენ და იყვნენ მხიარულებასა და მონაწილეთა შეწყვილების ყურებაში.
დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა, ზოგჯერ დილამდეც. ამიტომ მაყურებელთა უმრავლესობას საჭმელ-სასმელი თან მოჰქონდა, ზოგიერთები კი სადილ-ვახშმის მოსატანად შვილებს ან შვილიშვილებს გაუშვებდნენ ხოლმე სახლში.
დიდის ნეტარებით იყნოსავდნენ ბებერი ვირთხები სპერმის სუნს. ყოველ მათგანს ჰყავდა ფავორიტი წყვილი, რომლებსაც ირჩევდნენ არა ნათესაური ნიშნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით, თუ ვინ მიიპყრობდა მათ ყურადღებას. იყო უამრავი მოწონების გამომხატველი შეწრიპინება, აპლოდისმენტები და ოვაციებიც.
ამ შეწყვილებისა და გამრავლების დღესასწაულს შეჯიბრის ელფერიც დაჰკრავდა და იმათ, ვინც ყველაზე მეტჯერ შეეწყვილებოდა ერთმანეთს, სოფლის თითოეული ოჯახი ერთ მუჭ მოხალულ ნიგოზს მიართმევდა ხოლმე.
***
სიცოცხლე დილის მზეზე აბრწყინებული ნამია, გარდაცვლილი დედის მშვიდად დახუჭული თვალებია, ცოლის შეკივლებაა, როცა მასში პირველად შედიხარ, შვილის მიერ პირველად დაუთოებული საკუთარი პერანგის სითბოა და სიკვდილის მოლოდინია.
სიკვდილის ყოველწამიერი მოლოდინი.
სიცოცხლე სიკვდილის მოლოდინია.
მოლოდინი კიდევ ტვირთია.
სიცოცხლე სიკვდილის ტვირთის ზიდვაა.
მოხალული ნიგოზი ვადორინელების ყველაზე საყვარელი საჭმელი იყო და კაკლის ტყის დასაპატრონებლად ზოგჯერ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს მართავდნენ ვირთხათა მეორე ტომთან, ნეძიანელებთან.
ნეძიანელებიც ვადორინელებზე არანაკლებ ხარბი და გაუმაძღარი ადამიანისტოლა ვირთხები იყვნენ და მათზე არანაკლებ გულადი მეომრები ჰყავდათ. ზოგჯერ ხდებოდა, რომ ეს ორი ტომი ერთმანეთში მოილაპარაკებდა, გაერთიანდებოდა და ადამიანებზე გაილაშქრებდა.
ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს აიყვანეს ტყვედ ორი წლის წინათ აკაფრცხა და ნაჩიჩა.
***
აკაფრცხა და ნაჩიჩა.
ორივენი შეძლებული გლეხები იყვნენ, მეზობლები, დაახლოებით ერთი ხნისანი, მაგრამ აგერ უკვე მეშვიდე წელი გადიოდა, რაც ერთმანეთთან უბრად იყვნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შვიდი წლის წინათ ნაჩიჩას სახლში სტუმრად მყოფი ნაჩიჩას ცოლის ძმისშვილი შეუყვარდა აკაფრცხას ბიჭს, თანაც ისე ძალიან, რომ ღამეები არ ეძინა საწყალს.
აკაფრცხა თვლიდა, რომ მისი ბიჭისთვის ცოლის მოყვანა ჯერ ადრე იყო, მაგრამ როცა დაინახა, რომ გვარის ერთადერთი გამგრძელებელი სიყვარულისგან ლამის გაგიჟებულიყო, დაძლია სიამაყე და მივიდა ნაჩიჩასთან, ასე და ასეა საქმე, ჩემს ბიჭს შენი ცოლის ძმისშვილი შეყვარებია და მიშუამდგომლე გოგოს მშობლებთანო.
პასუხად ნაჩიჩამ, რომელიც მაშინ ნასვამი გახლდათ, აკაფრცხას უხეშად მიახალა, ჩემს ცოლისძმას ვერც ვაკადრებ, რომ შენი ბიჭი სიძედ შევთავაზოო.
აკაფრცხა თვლიდა, რომ არც მას, არც მის ბიჭს და მთლიანად მის გვარსა და ჯილაგს ნაჩიჩასა და მისი ცოლისძმის დასაწუნი არაფერი სჭირდა და რომ, უფრო მეტიც, პირიქითაც კი იყო.
ნაჩიჩას ცოლისძმა ერთი უბრალო კაცი იყო და, როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, რომ გაეგო, აკაფრცხას ჩემთან