თავი პირველი
სებასტიან ნაითი 1899 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ჩემი სამშობლოს ყოფილ დედაქალაქში. ერთხელ, პარიზში ყოფნისას, ხანში შესულმა რუსმა ქალბატონმა, რომელმაც, ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო, მთხოვა, მისი სახელი არავისთვის გამემხილა, თავისი ძველი დღიური მანახა. ის წლები, როგორც ჩანს, მოვლენების ისეთი სიმწირით გამოირჩეოდა, რომ ყოველდღიური წვრილმანების დაგროვება და ჩამოთვლა (რაც, ჩვეულებრივ, თვითშენარჩუნების ძალზე არასაიმედო ხერხია) სხვა არაფერი იყო, თუ არა მხოლოდ განვლილი დღის ამინდის აღწერა. საინტერესოა, რომ დიდგვაროვანთა უმრავლესობის კერძო დღიურებიც, მათ ადგილ-მამულებზე თავს დატეხილი სხვადასხვა განსაცდელის მიუხედავად, ძირითადად, ამავე თემას ეძღვნება. ზოგჯერ ბედი მას უფრო გაუღიმებს ხოლმე, ვინც იღბალს სანთლით არ დაეძებს. მეც ასე დამემართა - განზრახ რომ მეძებნა, მაინც ვერაფრით მივაგნებდი იმას, რაც მანახვეს. ასე კი შემიძლია გამცნოთ, რომ სებასტიანი უქარო და ნათელ დილას მოევლინა ქვეყანას, თერმომეტრი თორმეტ გრადუს ყინვას უჩვენებდა (რეომიურით 1 ). თუმცა სულ ეს იყო, რაც გულკეთილმა მოხუცმა ქალმა აღნიშვნის ღირსად მიიჩნია. სიმართლე გითხრათ, მისი სახელის საიდუმლოდ შენახვის მიზეზს ვერ ვხედავ - წარმოუდგენელია, მან ეს წიგნი ოდესმე წაიკითხოს. ამიტო მაც გეტყვით, რომ მას ოლგა ოლეგოვნა ორლოვა ერქვა და ახლაც ჰქვია - დასანანი იქნებოდა, ამ ოოსებრი ალიტერაციის 2 დამალვა.
მისი მშრალი პატაკი ვერაფერს ეტყვის შინაყუდა მკითხველს ზამთრის პეტერბურგული დღის დაფარულ, თუმცა ნაგულისხმევ მშვენიერებათა შესახებ: უღრუბლო, კრიალა ზეცა მხოლოდ თვალის გასახარად მოევლინებინა ბუნებას და არა სხეულის გასათბობად; ფართო ქუჩებში, მოყინულ თოვლში, მარხილების თავკავების ნაკვალევი ბრწყინავდა, მათ შორის შიგადაშიგ ცხენების მიერ დატოვებული მოყვითალოწითური ფუნის გუნდები მოჩანდა; წინსაფრიან გამყიდველს ხელში ერთმანეთზე გადაბმული კაშკაშა, ნაირფერი ბუშტები ეჭირა; აგერ კონტურები ტაძრის გუმბათისა, რომლის ოქროც შეყინულ მტვერს გაეფერმკრთალებინა; ქალაქის ბაღებში კოხტად მდგარ არყის ხეებს ყოველი ტოტი საგულდაგულოდ შესთეთრებოდათ; სხვადასხვა მხრიდან ზამთარში ქუჩებისთვის დამახასიათებელი ღრჭიალი და ზარ-ზანზალაკების რეკვა ისმოდა. სხვათა შორის, ძველი საფოსტო ბარათის ყურებისას (იმის მსგავსისას, მაგიდაზე რომ დავდე მეხსიერების თავშესაქცევად) უცნაური გრძნობა გეუფლება კაცს - გახსენდება, როგორ უთავბოლოდ უხვევენ ხოლმე აქეთ-იქით რუსი მეეტლეები, როცა მოეპრიანებათ, ასე რომ, თანამედროვე ტრანსპორტის მოწესრიგებული და სწორხაზოვანი ნაკადის ნაცვლად, ამ გაფერადებულ ფოტოსურათზე განიერ, თითქოს სიზმარში ნანახ ქუჩას ხედავთ, სადაც მსუბუქი ოთხთვალები ყოველ მხარეს დაქრიან კრიალა ლურჯი ცის ქვეშ, რომელსაც ტრაფარეტული მოგონება გვერდებს უვარდისფრებს. ვერსად მივაგენი იმ სახლის სურათს, სადაც სებასტიანი დაიბადა, თუმცა ის კარგად მახსოვს, ვინაიდან მეც იქ დავიბადე ექვსი წლის თავზე. ჩვენ საერთო მამა გვყავდა, რომელმაც მალევე მოიყვანა მეორე ცოლი სებასტიანის დედას თან გაყრის შემდეგ. უცნაურია, მაგრამ ეს მეორე ქორწინება ნახსენებიც არაა მისტერ გუდმენის წიგნში, სახელწოდებით "სებასტიან ნაითის ტრაგედია" (იგი 1936 წელს გამოიცა. დაწვრილებით მას მოგვიანებით დავუბრუნდები). ასე რომ, გუდმენის მკითხველებისთვის მე არც ვარსებობ, ვიღაც გამოგონებული ნათესავი, სიტყვამრავალი თვითმარქვია ვარ. თუმცა თვითონ სებასტიან ნაითი თავის თხზულებაში ("დავიწყებული ნივთები") რამდენიმე კეთილ სიტყვას არ იშურებს დედაჩემისთვის, რაც მან, ვფიქრობ, უდავოდ დაიმსახურა. არც სებასტიანის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებული მასალაა სრული სიმართლე, რომლის თანახმადაც, მამამისი 1913 წელს დუელში მოკლეს. სინამდვილეში, იგი მკერდში დაიჭრა და უკვე გამომჯობინების გზაზე იდგა, როდესაც ერთი თვის თავზე გაცივდა და ბოლომდე მოურჩენელი ფილტვებით მას ვერ გაუმკლავდა.
ამ შესანიშნავ ჯარისკაცს, გულისხმიერ, იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ, მამაც ადამიანს აზარტული დაუდგრომლობა მოსჭარბებოდა, რაც მემკვიდრეობით აისახა სებასტიანის შემოქმედებაში. როგორც ამბობენ, ამ ზამთარს სამხრეთ კენსინგტონში გამართულ ლიტერატურულ საუზმეზე ერთ ცნობილ ხანდაზმულ კრიტიკოსს, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდი ბრწყინვალე ჭკუისა და ერუდიციის გამო, ასე უთქვამს, როდესაც საუბარი სებასტიანის უდროო სიკვდილს შეეხო: "საბრალო ნაითი! რეალურად, მას ორი პერიოდი ჰქონდა: თავდაპირველად მოსაწყენი პიროვნება დამტვრეული ინგლისურით წერდა, შემდეგ კი წელში გატეხილი კაცი - მოსაწყენი ინგლისურით". ბოროტი, საძაგელი ხუმრობა, მით უმეტეს, რომ გაცილებით ადვილია გარდაცვლილი მწერლის წიგნებზე პუტუნი. იმედია, ამ ხუმრობის გახსენება სიამაყეს ვერ მოჰგვრის მის ავტორს, რომელმაც გაცილებით მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინა რამდენიმე წლის წინათ სებასტიან ნაითის წიგნის რეცენზირებისას.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ, გარკვეულწილად, სებასტიანის არცთუ მოსაწყენ ცხოვრებას მაინც აკ ლდა მისი ლიტერატურული სტილისთვის დამახასიათებელი უსაზღვრო ენერგია. ყოველთვის, როდესაც მის რომელიმე წიგნს ვათვალიერებ, თითქოს თვალნათლივ ვხედავ აჩქარებით შემოსულ მამას, რომელიც, მისთვის დამახასიათებელი მანერით, ფართოდ აღებს კარს და დაუყოვნებლივ ჰკიდებს ხელს საჭირო ნივთს ან საყვარელ არსებას. პირველი