ჰერბერტ უელსი (1866-1946)
ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი, ჰერბერტ ჯორჯ უელსი ყველაზე უკეთ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვისაა ცნობილი: ამ ჟანრში დაწერილი მისი რომანები - „დროის მანქანა“, „სამყაროთა ომი“, „უჩინარი კაცი“ და მრავალი სხვა, მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
ხელმოკლე ოჯახში დაბადებული ჰერბერტი წიგნის კითხვას პატარაობაშივე დაეწაფა: ეს, მისივე თქმით, იმ „იღბლიანი“ შემთხვევის წყალობით მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბიჭუნამ ფეხი მოიტეხა და საკმაო ხნით ლოგინს მიეჯაჭვა.
განათლება მომავალმა მწერალმა ლონდონის უნივერსიტეტის „კინგს-კოლეჯში“ მიიღო, რომელიც 1888 წელს დაასრულა, ხოლო სამი წლის შემდეგ, ბიოლოგიის დარგში ორი სამეცნიერო წოდების მოპოვება შეძლო. უმუშავია მანუფაქტურით მოვაჭრესთან, აფთიაქში, შემდეგ - მასწავლებლად სკოლაში. 1893 წელს პროფესიულ ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი.
მისი პირველი რომანი - „დროის მანქანა“ 1895 წელს გამოვიდა დღის სინათლეზე და მას შემდეგ, ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში, ჰერბერტ უელსმა 40 რომანი, რამდენიმე ტომი მოთხრობა, ორი მსოფლიო ისტორია, ფილოსოფიური პრობლემატიკის საკითხებზე დაწერილი ათეული ნაშრომი, პოლიტიკური და სოციალური პროგნოზების შემცველი 30-მდე ტომი, 3 საბავშვო წიგნი და ავტობიოგრაფია შეთხზა.
ბევრი მისი ნაწარმოები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მაგალითად, რომანში „დროის მანქანა“, ალბერტ აინშტაინამდე ათი წლით ადრე, უელსი ირწმუნებოდა, რომ ჩვენი სინამდვილე ოთხგანზომილებიანი სივრცე-დროა, 1898 წელს („სამყაროთა ომი“) საბრძოლო მოქმედებების დროს მომწამვლელი გაზების, ავიაციისა და ლაზერის მსგავსი მოწყობილობის გამოყენება იწინასწარმეტყველა, 1914 წელს დაწერილ „გათავისუფლებულ მსოფლიოში“ მსჯელობდა მეორე მსოფლიო ომზე, რომელიც 1940-იან წლებში გაჩაღდებოდა; იქვე ნახსენებია ატომური ბომბი, რომელიც ბირთვის დაშლის შედეგადაა შექმნილი და რომელსაც თვითმფრინავიდან ჩამოაგდებენ... 1923 წელს უელსმა პირველმა შემოიღო ფანტასტიკაში პარალელურ სამყაროთა ცნება („ადამიანები და ღმერთები“). მას ეკუთვნის ასევე: ანტიგრავიტაციის („პირველი ადამიანები მთვარეზე“), უჩინმაჩინის („უჩინარი ადამიანი“), ცხოვრების ტემპის ასაჩქარებლის („უახლესი ასაჩქარებელი“) ცნებები.
ბოლო წლებში მწერალმა ხელი აიღო ფანტასტიკის წერაზე, მაგრამ რეალისტური პროზით გაცილებით ნაკლებ წარმატებას მიაღწია: სხვა ჟანრებში დაწერილი თხზულებები ახლოსაც ვერ მიდის მისი ფანტასტიკის პოპულარობასთან.
1933 წელს ჰერბერტ უელსი „პენ-კლუბის“ პრეზიდენტად აირჩიეს. უმეტესად ლონდონში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად მოგზაურობდა და ლექციებს კითხულობდა. იმ ადგილების რაოდენობა, სადაც მწერლის მემორიალური დაფებია განთავსებული, ათეულს აჭარბებს.
ჰერბერტ უელსი 1946 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. 80 წლამდე თვეზე ცოტა მეტი დააკლდა. მწერლის ანდერძის შესაბამისად, მისი ნეშტის კრემირება მოხდა, ხოლო ფერფლი ვაჟიშვილებმა ლა-მანშის თავზე მიმოაბნიეს.