ბრმათა ქვეყანა
ჩიმბორასოდან სამას მილზე, კოტოპახის მყინვარებიდან ასი მილის დაშორებით, ეკვადორის ანდების ყველაზე მივარდნილ მხარეში, გარე სამყაროსგან მოწყვეტით მდებარეობს იდუმალი მთიანი ველი - ბრმათა ქვეყანა. მრავალი წლის წინ ეს ველი ჯერ კიდევ იმდენად ღია იყო ქვეყნიერებისთვის, რომ ადამიანებს საშინელი ხეობებით, ყინულოვანი ბილიკებით მაინც შეეძლოთ მისი ბრტყელი მდელოებისთვის მიეღწიათ. და აი, იქ ადამიანები მივიდნენ - პერუელი მეტისების ორი-სამი ოჯახი, რომლებიც სასტიკი ესპანელი მეფისნაცვლის სიხარბესა და ტირანიას გამოექცნენ. შემდეგ მინდობამბის საშინელი ამოფრქვევა მოხდა, როდესაც ჩვიდმეტი დღე-ღამის განმავლობაში კიტოში უკუნი ღამე ჩამოწვა, წყალი დუღდა იაგვაჩში და თვით გუაიაკილამდე მთელი თევზი ამოცურდა და დაიღუპა. წყნაროკეანურ ფერდობებზე ზვავები ჩამოწვა, რომლებიც სწრაფად გადნა და უეცარ წყალდიდობებად გადაიქცა, არაუკანის ძველი ქედის მთელი თხემი იძრა, ქუხილით ჩამოემხო და მკვლევართათვის სამუდამოდ ჩაკეტა ბრმათა ქვეყნის გზა. მაგრამ ერთ-ერთ ახალმოსახლეს მიწისძვრამ ხეობის აქეთა მხარეს მიუსწრო და ისიც, ძალაუნებურად, იძულებული გახდა, დაევიწყებინა ცოლი და ბავშვი, ყველა მეგობარი და მთელი თავისი ავლადიდება, რაც იქ, მთებში დარჩა და ხელახლა დაეწყო ცხოვრება ბარში. მან თავიდან დაიწყო იგი, მაგრამ წარუმატებლად, დაბრმავდა და მაღაროებში გადასახლებული მოკვდა, მაგრამ მისი ნაამბობიდან ლეგენდა დაიბადა, რომელიც ანდებში დღემდე ცოცხლობს.
ის ჰყვებოდა, თუ რატომ გაბედა წასულიყო საიმედო თავშესაფრიდან, სადაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიყვანეს ლამაზე დაბმული, ბარგი-ბარხანით სავსე ორ ვეებერთელა ფუთას შორის. ხეობაში, ამბობდა იგი, ყველაფერი იყო, რაც კაცმა შეიძლება ინატროს: მტკნარი წყალი, საძოვრები და ზომიერი კლიმატი, პოხიერი შავმიწა ფერდობები, ბუჩქნარი, რომელიც გემრიელ ნაყოფს იძლეოდა, ხოლო ვეება ფიჭვები ერთ-ერთ ფერდობზე მაღლა მთებში ზვავებს აკავებდა. სამი მხრიდან მონაცრისფრო-მწვანე ფრიალო კლდეებს აღემართათ თოვლის ქუდებით დაფარული თავები. მაგრამ მყინვარები აქამდე არ აღწევდა, ისინი გვერდით ეშვებოდნენ - შორეულ ფერდობებზე, და მხოლოდ დროდადრო ჩამოსრიალდებოდა ხეობის ბოლოში ყინულის დიდი ხორგები. იქ არასოდეს მოსულა არც წვიმა, არც თოვლი, თუმცა ურიცხვი წყაროები საშუალებას იძლეოდა, მთელი ველი მორწყულიყო და იგი ერთიან, საკვებით მდიდარ საძოვრად გადაქცეულიყო. ახალმოსახლეები, რა თქმა უნდა, ბარაქიანად ცხოვრობდნენ. მათი საქონელი სუქდებოდა და მრავლდებოდა. მხოლოდ ერთი რამ ჩრდილავდა მათ ბედნიერებას, მაგრამ ეს ერთიც საკმარისი იყო, რომ ბალღამად ექცია მათი წუთისოფელი. უცნაური სენი დაატყდათ თავს, რომელიც ყველა ახალშობილს აბრმავებდა, ხოლო ზოგჯერ მოზარდებსაც არ ინდობდა. და აი, წყეული სიბრმავის უებარი საშუალების მოსანახად ადამიანი უდიდესი ძალისხმევითა და ფათერაკებით დაბრუნდა ბარში. იმ დროისათვის ხალხი მსგავს შემთხვევებში არა მიკრობებსა და სნებაზე, არამედ მხოლოდ ცოდვებზე ფიქრობდა; და იგი თვლიდა, რომ უბედურების მიზეზი - რელიგიისადმი გულგრილობაა: ახალმოსახლეთა შორის არ მოიძებნებოდა მღვდელი და ხეობაში დამკვიდრებიდან მათ არც უზრუნიათ, რომ სამლოცველო აღემართათ. მან ეკლესიის აგება განიზრახა, რისთვისაც კულტის სხვადასხვა საგანი - წმინდა რელიკვიები, საიდუმლო ხატები, ლოცვანი ესაჭიროებოდა. მის შულდაკში ადგილობრივი ვერცხლის ზოდი ინახებოდა, რომლის წარმოშობასაც არავის უმხელდა. უგერგილო ცრუპენტელა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ვერცხლი ხეობაში არ მოიპოვება. მისი სიტყვებით, ახალმოსახლეებმა, რომლებიც ამგვარ ძვირფასეულობებს არ საჭიროებდნენ, მთელი თავიანთი ფული და სამკაულები შეაგროვეს და ისინი ამ ზოდად გადაადნეს, რათა ამით თავიანთი სნეულების საწინააღმდეგოდ ღვთის დახმარება ეყიდათ. მე თვალწინ მიდგას იგი, ახალგაზრდა თვალნაკლული მთიელი, როგორ დგას კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, მზით გარუჯული, გაძვალტყავებული, აღელვებული, ბარში მცხოვრებთა ადათ-წესებში გაუცნობიერებელი, რომელიც გაცხარებით ჭმუჭნის ქუდს და თავის ისტორიას ვინმე თვალგამჭრიახ, ხარბად მსმენელ ხუცესს უამბობს. წარმომიდგენია, როგორ მიიჩქაროდა შემდეგ შინისკენ თავიანთი უბედურების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი საშუალებებით და რა უსაზღვრო სასოწარკვეთით იდგა იგი კლდეთა ნაზვავთან, რაც იმ ადგილას წარმოიქმნა, საიდანაც სულ ახლახან ხეობის შესასვლელი იწყებოდა. მისი შემდგომი ფათერაკების ისტორია ჩემთვის უცნობია. ვიცი მხოლოდ მისი უსახელო სიკვდილის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ. საბრალო ყარიბივით გაშორდა იგი ნაზვავ ალაგს. ნაკადულები, რომლებმაც ოდესღაც კლდეებში ხეობას მისცეს დასაბამი, ახლა მთის მღვიმის ყელიდან გამოედინებოდა, ხოლო თქმულება, რომელიც ახალმოსულის ძუნწი, შეუსაბამო გადმოცემებით შეიქმნა, გადაიზარდა ლეგენდად სადღაც „ცხრა მთას იქით“ უსინათლო ხალხის შესახებ, რომლის მოსმენა ახლაც შეიძლება.
ხოლო გარე სამყაროს მოწყვეტილი და მივიწყებული ხეობის მცირერიცხოვან ბინადართა შორის სენი თავის მსახვრალ საქმეს აგრძელებდა. მოხუცები, ნახევრად დაბრმავებულნი, ხელის ცეცებით მოძრაობდნენ, ახალგაზრდები ბუნდოვნად ხედავდნენ, ხოლო ხეობაში დაბადებული ბავშვები საერთოდ იყვნენ მოკლებულნი თვალისჩინს. მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა ამ თოვლით შემოზღუდულ, დანარჩენი სამყაროსათვის დაკარგულ ქვაბულში, სადაც არ იყო არც ეკალბარდები, არც მავნე მწერები და არც ცხოველები თვინიერი ლამების გარდა, რომლებიც ადამიანებმა მოიყვანეს აქ, -