წინასიტყვაობა
თავდაპირველად იყო შეხვედრა.
ეს გახლდათ ჭიანჭველა ბაბუისა და ბებიის ბაღში.
შვიდი წლის ვიყავი და მაინტერესებდა, ნეტავ, რას ფიქრობდა ჭიანჭველა, რომელიც გაცხარებული ამოძრავებდა თავის ანტენებს და ისეთი გაჭირვებით მიცოცავდა ჩემს ხელზე, თითქოს თბილი და ვარდისფერი გორაკი უნდა გადალახოსო.
გარდა ამისა, იყო მამაჩემი.
სულ პატარაობიდან, ვიდრე დავიძინებდი, ამბებს მიყვებოდა. იმ ამბებს მერე სიზმრად ვნახულობდი.
წერა რვა წლისამ დავიწყე. ჩემი პირველი მოთხრობის გმირი არა ჭიანჭველა, არამედ რწყილი იყო, რომელიც ადამიანის სხეულზე აცოცებული მის ჭიპში ჩაიკარგა. მერე, როდესაც იქაურობას, როგორც იქნა, თავი დააღწია, თმის სავანამდე მოახერხა აღწევა.
მას შემდეგ, წერაში რომ მევარჯიშა, სულ ვწერდი პატარ-პატარა ამბებს.
მწერლობა არასოდეს მომდომებია. ეს თავისთავად მოხდა, შეიძლება ითქვას, ჩემგან დამოუკიდებლად. მხოლოდ რაღაც ამბების გამოგონება და მათი მოყოლა მიყვარდა. ჯერ კიდევ ძალიან პატარას, კარგად მახსოვს, წარმოსახვითი სამყაროების შესახებ ისტორიების მოსმენა ან მათი შეთხზვა მიტაცებდა; ასეთ სამყაროებს ვაფარებდი თავს, როდესაც გარშემო ყველაფერი გაუგებარი მეჩვენებოდა.
თხუთმეტი წლისა, ტულუზის ლიცეუმში სწავლის დროს, ძალიან მოწყენილი ვიყავი. გონება სხვა საქმეზე რომ გადამერთო, ლიცეუმის გაზეთი „ეიფორია“ ჩავიბარე. ამ გამოცემაში მე და ჩემი მეგობრები ვაქვეყნებდით კომიქსებს, რომელთა წაკითხვასთან ერთად ჩვენი დამზადებული სუნამოების ნიმუშების დაყნოსვა და ჩვენი შერჩეული მუსიკალური ნომრების მოსმენა შეიძლებოდა. ამ ყველაფერს „მუსიკალურ-სურნელოვანი კომიქსი“ (მუსურკომიქსი) ვუწოდეთ.
გაზეთის მაშინდელი მხატვრის, ფაბრის კოჟესთვის შვიდგვერდიანი სცენარი დავწერე, რომელსაც „ბელოკანი“ ეწოდებოდა. მასში აღწერილია ჭიანჭველების ქალაქის ცხოვრება, როდესაც დედოფალი ცდილობს, სანიმუშო საზოგადოება ჩამოაყალიბოს. ჭიანჭველები ამ ქალაქს დაჭმუჭნილი ფოლგის ქაღალდისგან აშენებენ, ხოლო დედოფლის ოთახი შვეიცარიული ყველის ნაჭრის ნახვრეტშია განთავსებული.
საჭირო ფინანსების არარსებობის გამო „ეიფორიის“ მხოლოდ რამდენიმე ნომერი გამოვიდა. მე კი ვაგრძელებდი „ბელოკანის“ ტექსტს. თავდაპირველად ეს იყო ორმოცდაათგვერდიანი მოთხრობა, მერე ასგვერდიანი გახდა, ბოლოს ას ორმოცდაათს მიაღწია. გამოვიგონე პერსონაჟი 103683-ე და მისი თავგადასავლების მოფიქრებას შევუდექი.
თექვსმეტი წლისამ, როდესაც ბაკალავრის დიპლომი ავიღე, დღის რეჟიმი შევიმუშავე; ჩემი აზრით, ეს ერთადერთი საშუალება იყო კარგი ტექსტის შეთხზვისთვის: ყოველდღე, ნებისმიერ პირობებში, დილის რვიდან პირველის ნახევრამდე, ოთხსაათნახევრის განმავლობაში წიგნზე მუშაობა. ამის შემდეგ ჩემმა „ბელოკანმა“ ხესავით დაიწყო ზრდა. ერთი წლის შემდეგ მზად იყო პირველი, ოთხასგვერდიანი ვერსია. ამას მოჰყვა მეორე, ხუთასგვერდიანი, შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული. მესამე ვერსიაში უკვე შვიდასი გვერდი იყო. ასე შეიქმნა ახალი სამყარო.
მაგრამ ეს სამყარო ფეხმრუდე გახლდათ. მისთვის მეტი ძალა უნდა მიმენიჭებინა. ჩემი მოფიქრებული ახალი წესის თანახმად, რაც მეტია რეალობა, მით უფრო მაგიურია ის. ამიტომ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, რათა ზუსტად გამეგო, რას წარმოადგენს ჭიანჭველების ყოფა — რით იკვებებიან? რას აშენებენ? ასეთ პაწაწინებს, რა აშინებთ და რა ხიბლავთ?
ჩემი მეორე წესი ასე ჩამოვაყალიბე: უკეთესია ჩვენება, ვიდრე ახსნა; მიხვედრება, ვიდრე ჩვენება. დიდ ფურცელზე გადატანილი ეს ორი წესი ჩემს სამუშაო მაგიდასთან, კედელზე გავაკარი. იმავდროულად დავიწყე გეგმების ხატვა — ჭიანჭველების ქალაქის, ტყის. გარდა ამისა, ეპიზოდებს კადრებად ვხატავდი, რათა მცოდნოდა, რა შეიძლება წარმოიდგინოს მკითხველმა, როდესაც ტექსტს კითხულობს.
ვერსია „ბელოკანი“-C43 (ვერსიის აღმნიშვნელ ასოს ვცვლი ყოველთვის, როგორც კი იცვლება სიუჟეტი, ხოლო ამბავში მიზანსცენის ელემენტების ან სტილის შეცვლისას ვცვლი რიცხვებს) ჩემს ახლობლებს მივეცი წასაკითხად. შევამჩნიე, რომ ადამიანების უმეტესობამ, ვინც ხელნაწერი გამომართვა, ის ბოლომდე არ წაიკითხა.
ბევრმა მითხრა, რომ სიუჟეტიც კი ამაზრზენი იყო.
— ვწუხვარ, ბერნარ, მაგრამ უნდა გესმოდეს, არავის აინტერესებს ჭიანჭველები, ეს მეტისმეტად უცნაური თემაა, — ასე მეუბნებოდნენ ისინი.
არ ჭრიდა ჩემი არგუმენტები, რომ ჭიანჭველა უძველესი სოციალური ცხოველია და მათი რაოდენობა დედამიწაზე ძალიან დიდია; ჭიანჭველები არ არიან მხოლოდ ის აბეზარი მწერები, პიკნიკის ჩაშხამება რომ ეხერხებათ.
ასე რომ, გადავწყვიტე, დამეწერა ჩვეულებრივი ამბავი ადამიანებზე დაძაბული სიუჟეტით, რომლის ბოლომდე წაკითხვის სურვილი ყველას გაუჩნდებოდა. ამის შედეგი იყო „სარდაფი“. ინტრიგა მარტივია: მემკვიდრეობით მიღებული სახლი, იდუმალი სარდაფი, რომელიც ქრება, როგორც კი იქ ადამიანები ჩადიან, ხოლო ამოსულებს ვერ დააცდენინებ, რა ნახეს. ყველაფერი მკითხველის წარმოსახვაზე იყო დამოკიდებული, თავად რას წარმოიდგენდა, რა უნდა ყოფილიყო სარდაფში.
ახალი ამბავი უკვე ახალი წესის მიხედვით დაიწერა: თუ არ იტყვი, რას მალავს სარდაფი, მკითხველები თავად წარმოიდგენენ, რაც მათ სურთ. და ამრიგად, წიგნის ნაწილის შექმნას მკითხველი თავის თავზე იღებს.
სპირალური კიბის საფეხურებზე ჩასვლასთან ერთად თითოეულს ვთავაზობდი საკუთარ „შინაგან სარდაფში“ ჩასულიყო და მეტად გამართო იმ ფაქტმა, რომ ცალკეული მკითხველი ამ ლიტერატურული