ნაწილი პირველი -
ცეცხლი და „სალამანდრა“
* * *
ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო!
განსაკუთრებულ სიამოვნებას კი მაშინ გრძნობდა, როცა ხედავდა, თუ როგორ შთანთქავდა, რუჯავდა და სახეს უცვლიდა ალი ნივთებს. აი ახლაც, ბრინჯაოს ცეცხლმფრქვევი ჩაუბღუჯავს ხელში და შხამიანი ნავთით რწყავს ქვეყნიერებას. სისხლი საფეთქლებს აწვება, ხელები კი ისტორიის დაფლეთილი ფურცლებისა და დანახშირებული ნანგრევების საბოლოოდ დაფერფვლისა და დაბუგვის სიმფონიებს დირიჟორობს. ჯიუტ შუბლს მუზარადი უფარავს, რომელსაც სიმბოლური ციფრი „451“ აწერია. თვალებში ნარინჯისფერი ცეცხლი უელავს, რადგან იცის, რომ ახლა რაღაც მოხდება. მართლაც თითის ერთი დაჭერა ცეცხლმფრქვევზე – და სახლი ხარბი ალის ხახაში ექცევა. საღამოს ზეცა მაშინვე წითლად, ყვითლად და შავად იფერება. მეხანძრე კი ფართოდ დაალაჯებს ციცინათელების გუნდში და იმ ბავშვივითაა გახარებული, რომელიც აპირებს ჯოხზე წამოცმული შაქარყინული შედოს ღუმელში. ამასობაში კი სულს ღაფავენ სახლის ზღურბლზე და გაზონებში მიმოფანტული მტრედებივით ფარფატა წიგნები. ეს წიგნები ნაპერწკლებად ადიან ცაში და მერე ჭვარტლით გაშავებული ქარი მიაქანებს ამ ნაპერწკლებს სადღაც.
მონტეგი დაიღრიჯა, ასე მხოლოდ მაშინ იღრიჯება ადამიანი, როცა სახეს ცეცხლი აულოკავს და უკან დაახევინებს ხოლმე. გამურულმა ცეცხლის მეხოტბემ იცოდა, რომ სახანძრო რაზმში დაბრუნებისას თვალს ჩაუკრავდა სარკეში თავის ორეულს; მერე, დაძინების წინ, სიბნელეში იგრძნობდა, რომ სახეზე ისევ ის ალმურიანი ღიმილი აქვს შეყინული, რომელიც არასოდეს სცილდებოდა და რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი იყო.
მონტეგმა ხოჭოსავით შავი მუზარადი მოიხადა, გააპრიალა და კედელზე ჩამოკიდა. იქვე, მუზარადის გვერდით, ფრთხილად მიაკიდა ცეცხლგამძლე ქურთუკი და შხაპი მიიღო. მერე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, სტვენა-სტვენით გადაჭრა სახანძრო სადგურის ზედა სართულის დარბაზი და ლუკში გაუჩინარდა. ბოლო წამს, როცა თითქოსდა მიწას უნდა დახეთქებოდა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ოქროსფერ ჭოკს მოეჭიდა. გაისმა ჭრიალი და მონტეგი ქვედა სართულის ცემენტის იატაკიდან სულ რაღაც ერთ გოჯზე შეჩერდა.
მონტეგი სახანძრო სადგურიდან გამოვიდა და ბნელი, უკაცრიელი ქუჩით გაემართა მიწისქვეშა მატარებლისკენ. გარინდებული პნევმატური მატარებელი დაიძრა და უხმოდ გასრიალდა გაპოხილ მიწისქვეშა მილში. ცოტა ხნის შემდეგ სადგურზე შეჩერდა, მონტეგი მოყვითალო ფილებით მოფენილ ესკალატორზე გადმოსვა და უკან თბილი ჰაერის ჭავლი მიაყოლა. ამ ესკალატორს მგზავრები ერთ-ერთ გარეუბანში აჰყავდა. მონტეგი სტვენით ავიდა ღამის მშვიდ სამფლობელოში და მოსახვევისკენ გაემართა. თავში ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა, მაგრამ დიდხანს არც ერთზე არ ჩერდებოდა. მოსახვევთან ნაბიჯი ისე შეანელა, თითქოს საიდანღაც მონაბერი ქარი მოხვდა ან თითქოს ვიღაცამ სახელი დაუძახაო. უკვე რამდენიმე ღამე იყო, ამ მოსახვევს იქით მდებარე ვარსკვლავებით განათებულ ქვაფენილს რომ მიუახლოვდებოდა, უჩვეულო გრძნობა შეიპყრობდა ხოლმე. ეჩვენებოდა, თითქოს ერთი წამის წინ ამ მოსახვევს იქით ვიღაც იდგა. იქაურობას უცნაური სიმშვიდე მოჰფენოდა, თითქოს იქ მშვიდად, უხმოდ ელოდებოდა ვიღაც და სწორედ მაშინ, როცა პირისპირ უნდა შეხვედროდა, უეცრად აჩრდილად იქცეოდა და მონტეგი ამ აჩრდილში გაივლიდა ხოლმე. იგი სუსტ სურნელებასაც კი იყნოსავდა, იმ ადგილას რომ გაივლიდა; ხელები და ლოყები სითბოს მომატებას გრძნობდნენ, თითქოს ის ვიღაც იქაურობას ერთი ათი გრადუსით ათბობსო. მონტეგი ვერაფერს მიმხვდარიყო, რადგან ის თეთრი, უსწორმასწორო ქვაფენილით მოგებული შესახვევი ყოველთვის უკაცრიელად ახსოვდა. ოღონდ ერთ ღამეს მოეჩვენა, რომ ვიღაცის ჩრდილმა მინდორი გადაჭრა და ისე სწრაფად გაქრა, რომ მონტეგმა ვერც შეთვალიერება მოასწრო, ვერც დაძახება.
ახლა კი, იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, ისე შეანელა ნაბიჯი, რომ თითქმის შეჩერდა. გონებით უკვე გასცდა ამ კუთხეს და ოდნავი ხმაურიც გაიგონა. „ვინმე სუნთქავს? ან იქნებ იმ ვიღაცამ ააშრიალა ჰაერი, განაბული რომ იცდის კუთხის იქით?“
მონტეგმა კუთხეში შეუხვია.
მთვარით განათებულ ქვაფენილზე ნიავი შემოდგომის ფოთლებს მოაფრიალებდა. მონტეგისკენ მიმავალი ქალიშვილიც თითქოს ამ ნიავსა და ფოთლებს მინდობოდა და ისე მისრიალებდა ჰაერში. უცნობს ოდნავ დაეხარა თავი და უმზერდა, თუ როგორ ეფლობოდა მისი ფეხსაცმელი ქარისგან აფრიალებულ ფოთლებში. თხელი, თოვლივით თეთრი სახე მოკრძალებული, მაგრამ დაუღალავი ცნობისწადილით გასხივოსნებოდა. მას, ალბათ, არასოდეს სცილდებოდა სახიდან ოდნავ გაოცებული გამომეტყველება. შავი თვალები ისე დაჟინებით მისჩერებოდა ყველაფერს, რომ ეტყობოდა, არაფერი გამოეპარებოდათ. ქალიშვილს თეთრი შრიალა კაბა ეცვა. მონტეგს თითქოს მისი ხელების მოძრაობის ხმაც კი ესმოდა; თითქოს ის მცირე ხმაურიც კი გაიგონა, რომელიც ქალიშვილის გამომეტყველების შეცვლამ გამოიწვია. გამომეტყველება კი მაშინ შეეცვალა, როცა დაინახა, რომ სულ ორ ნაბიჯზე ქვაფენილის შუაში ვიღაც მამაკაცი იდგა და მის მიახლოებას უცდიდა. ხეები შრიალით უშვებდნენ ძირს ხმელი ფოთლების წვიმას. ქალიშვილი შეჩერდა და ეტყობოდა, უკან დახევა დააპირა შეშფოთებულმა, მაგრამ ამის ნაცვლად ჯერ ყურადღებით შეხედა მონტეგს, მერე კი შავ