პროლოგი
უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რომ იდგა ოქტომბერი - ბიჭებისთვის განსაკუთრებული თვე. არა, ყოველი თვე კი განსაკუთრებულია, მაგრამ, როგორც მეკობრეები ამბობენ, არსებობს ცუდი და კარგი თვეები. მაგალითად, სექტემბერი ცუდი თვეა, იმიტომ, რომ სწავლა იწყება. აი, აგვისტო კარგია, რადგან სწავლა ჯერ არ დაწყებულა. ივლისი კი მართლაც შესანიშნავია - ჯერ სკოლის სახსენებელიც არ არის. მაგრამ ყველას მაინც ივნისი სჯობია, რადგან სკოლის კარი ფრიალით იღება და სექტემბერიც ცხრა მთას იქითაა.
მაგრამ ახლა უკვე ოქტომბერია. სწავლა ერთი თვის დაწყებულია და შენც ლაგამს თანდათან ეგუები. იმისთვისაც კი იცლი, დაფიქრდე, რა დაუყარო მოხუც პრიკეტს წინკართან, ან გაიხსენო ბანჯგვლიანი მაიმუნის მშვენიერი კოსტიუმი, აქო-ს (ახალგაზრდების ქრისტიანული ორგანიზაცია) სადღესასწაულო შეხვედრაზე რომ გეცმევა თვის ბოლო ღამეს. თუუმცა, თუ ჯერ ოქტომბრის ოცია, ყველაფერს კვამლის სუნი ასდის და მწუხრის ცაც ნარინჯისფერ-ფერფლისფერია, გეჩვენება, რომ ჰელოუინი (ყველა წმინდანის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს) , ცოცხების ქნევითა და ზეწრების ფრიალით, არასდროს მოვა.
მაგრამ ერთ უცნაურ, საშიშ, ბნელ, გრძელ წელიწადს ჰელოუინი ადრე მოვიდა.
მოვიდა 24 ოქტომბერს, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდა.
იმ დროს ოუკ-სტრიტის 97-ის მკვიდრი ჯეიმს ნაითშეიდი ცამეტი წლის, თერთმეტი თვისა და ოცდასამი დღის იყო, მეზობელ სახლში მცხოვრებ უილიამ ჰელოუეის კი ცამეტი წელი, თერთმეტი თვე და ოცდაოთხი დღე შესრულებოდა. ორივენი თოთხმეტს უახლოვდებოდნენ, თოთხმეტი წელი თითქმის ხელში ეჭირათ.
სწორედ ოქტომბრის ამ კვირაში გაიზარდნენ ისინი ერთ ღამეში და ბავშვობასაც გამოეთხოვნენ...