პროლოგი
ტანმოხატულ კაცს პირველად ადრეული სექტემბრის ერთ თბილ საღამოს შევხვდი. ვისკონსინის შტატში ჩემი ორკვირიანი ტურისტული ტურის დასასრულს, მოასფალტებულ გზაზე მივაბიჯებდი. ბინდდებოდა. ის იყო, ღორის ხორცით, ლობიოთი და ღვეზლით წავიხემსე და წიგნის წასაკითხად მიწაზე მოვკალათდი, რომ შევამჩნიე – იქვე, ბორცვზე, ტანმოხატულმა კაცმა დაიწყო ასვლა. წვერზე რომ მოექცა, შედგა. ცის ფონზე ჩამოქნილ ქანდაკებას დაემსგავსა.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ტანმოხატული იყო. ჩანდა მხოლოდ ის, რომ იყო მაღალი და ჩაფსკვნილი. ოდესღაც კარგად დაკუნთულიც იქნებოდა. შევნიშნე, რომ გრძელი მკლავები და დიდი ხელისგულები ჰქონდა, სახე კი – ზორბა სხეულთან შეუსაბამოდ – პატარა ბავშვისას მიუგავდა.
ჩანდა, ჩემი იქ ყოფნა იგრძნო და ისე, რომ ჩემკენ არ მოუხედავს, მკითხა:
– ვერ მეტყვით, სად შეიძლება ვიშოვო სამსახური?
– ვწუხვარ, მაგრამ არ ვიცი, – ვუპასუხე მე.
– უკვე 40 წელიწადია, სამსახური ვერ მიპოვია, – ჩაილაპარაკა მოწყენით.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილოდა, ნიკაპამდე შეკრული მატყლის ქურთუკი ეცვა და დათბილული სამკლაურებიც ბოლო ღილამდე შეეკრა. სახეზე ოფლად იღვრებოდა, მაგრამ ქურთუკის გახსნა აზრადაც არ მოსდიოდა.
– კარგი, – კარგა ხანს დუმილის მერე ისევ ჩაილაპარაკა, – ესეც ისევე მშვენიერი ადგილია ღამის გასათევად, როგორც ნებისმიერი სხვა. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, კომპანიონობა რომ გაგიწიოთ?
– პირიქით, ძალიან გთხოვთ, სამხარზე დამეწვიოთ, – შევთავაზე გულწრფელად და ისიც მძიმედ, ხვნეშა-კრუსუნით დაჯდა მიწაზე.
– ინანებთ, დარჩენა რომ მთხოვეთ. ყველა ნანობს. სწორედ ამიტომ დავწანწალებ... აი, სექტემბრის დასაწყისია, საკარნავალო სეზონი, და მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ფული ნიჩბით ვხვეტო ნებისმიერ პატარა ქალაქში, მაგრამ ხომ ხედავთ, აქ ვზივარ, უიმედოდ და უსაქმურად.
ტანმოხატულმა კაცმა ჩექმა გაიხადა და ყურადღებით შეათვალიერა.
– სამუშაოს, როგორც წესი, ათ დღეს ვინარჩუნებ. შემდეგ რაღაც ხდება და მაგდებენ ხოლმე. ამერიკის არც ერთი კარნავალი მე არ ამიყვანს. ცდადაც კი არ ღირს.
– რატომ? – დავინტერესდი მე, პასუხად კი ტანმოხატულმა კაცმა ქურთუკის მჭიდროდ შეკრული საყელო შეიხსნა. მერე თვალები დახუჭა, პერანგი გადაიღეღა და მკერდზე ხელი მოისვა.
– მაგარია, – ალაპარაკდა თვალდახუჭული, – ვერ ვგრძნობ, მაგრამ აქ არიან. სულ მგონია, ერთ მშვენიერ დღეს დავხედავ და აღმოვაჩენ, რომ გაქრნენ, წავიდნენ, აღარ არიან. საათობით დავხეტიალობ მზის გულზე, ვიხრუკები იმის იმედად, რომ ჩემივე ოფლი ჩარეცხავს ან მზე შებრაწავს, მაგრამ სულ ტყუილად, ყოველ საღამოს ძველებურად ისევ აქ მხვდებიან.
ტანმოხატული კაცი სანახევროდ შემობრუნდა ჩემკენ და მკითხა:
– ახლაც აქ არიან, ხომ?
– კი, აქ არიან, – ვუპასუხე სუნთქვაშეკრულმა.
ნახატები.
– აი, მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიკრავ საყელოს ასე მჭიდროდ. ბავშვები ყველგან კუდში დამყვებიან. ყველას უნდა ამ ნახატების დანახვა, მაგრამ არავის სიამოვნებს, – კაცმა თვალები გაახილა, პერანგი გაიხადა და მკლავზე გადაიკიდა. მთელი სხეული, კისრიდან თეძომდე, მოხატული ჰქონდა.
– წელსქვემოთაც ასეა, – განაგრძო, თითქოს ჩემი ფიქრი გამოიცნოო, – მთელი ტანი მოხატული მაქვს. შეხედეთ.
ხელები გაშალა და ხელისგულზე ახლად ამოტვიფრული ვარდი მაჩვენა. კრისტალივით სუფთა წვეთებით დაცვარული ვარდის სათუთი, ხავერდოვანი ფურცლები იმდენად ჰგავდა ნამდვილს, რომ მისკენ ინსტინქტურად ხელიც კი გავიწოდე.
ვიჯექი და ვუცქერდი სხეულზე კოსმოსური ხომალდების, შადრევნების, ადამიანების მთელ არმიას, ისეთი უწვრილესი და ურთულესი დეტალებით, ფერთა ისეთი გამით, რომ ჩუმი შარიშურიც კი მესმოდა. პაწაწკინტელა პირი, მწვანე და ოქროსფერი თვალები თუ ციცქნა ხელები კაცის ყველა ამოსუნთქვაზე ტალღებად მოძრაობდნენ. მკერდზე, ოქროსფერი თაველებით დახუნძლულ მინდვრებს ლაჟვარდოვანი მდინარეები კვეთდნენ, მათ თავზე კი მთები მაღლდებოდნენ პლანეტებამდე, მზემდე, ვარსკვლავებამდე, ირმის ნახტომის გალაქტიკამდე; მკლავებზე, მუცელზე, ფერდებზე, ხერხემალზე და მხრებზე, ოც თუ მეტ ადგილას, ადამიანები ჯგუფდებოდნენ თმათა უსიერ ტევრში, იმალებოდნენ ჭორფლის თანავარსკვლავედებში, იცქირებოდნენ იღლიათა მღვიმეებიდან და თვალები უგიზგიზებდათ. თითოეულის ისტორია განუმეორებელი იყო და პორტრეტთა მთელ გალერეას ქმნიდა.
– რატომ ფიქრობთ, რომ არავის სიამოვნებს? ძალიან ლამაზია! – აღმომხდა უნებურად.
არც კი ვიცი, როგორ აღვწერო ეს ნახატები. ანატომიის უბადლო მცოდნე ელ გრეკო, თავისი ხელისგულისოდენა მომწვანო-მოყვითალო მინიატურებით, ალბათ სწორედ ასე მოხატავდა ადამიანის ტანს. სამ განზომილებაში აელვარებული ფერები თითქოს ფანჯრებს ქმნიდნენ, რომელთაც ცეცხლოვან სამყაროში გადავყავდი. სხეულზე სამყაროს ულამაზესი, ზღაპრული სანახაობა იშლებოდა. ტანმოხატული კაცი სურათების მოსიარულე გალერეა გახლდათ. ეს არ იყო რომელიმე იაფფასიანი ლოთი მხატვრის სამ ფერში მოთითხნილი საქმე. ეს იყო ცოცხალი გენიის ნათელი, მკვეთრი და ლამაზი ქმნილება.
– ლამაზია, აბა რა! – გაბრაზებით ჩაიბურტყუნა