ბედნიერების მექანიზმები
მამა ბრაიანი საუზმისთვის ქვემოთ ჩასვლას არ ჩქარობდა; მოეჩვენა, რომ იქიდან მამა ვიტორინის ხმა მოესმა, რომელიც რაღაცაზე იცინოდა. ვიტორინი, როგორც წესი, მარტო მიირთმევდა ხოლმე. ნეტავ ახლა ვისთან ერთად იცინოდა, ან ვის დასცინოდა?
„ჩვენ დაგვცინის, სხვა ვის“, გაიფიქრა მამა ბრაიანმა.
ისევ მიაყურადა.
დერეფნის მეორე მხარეს მამა კელიც თავის ოთახში იმალებოდა, ან, შეიძლება, მედიტაციით იყო დაკავებული.
ისინი არასოდეს აცლიდნენ ვიტორინის საუზმის დამთავრებას. ყოველთვის ახერხებდნენ, მაშინ დასდგომოდნენ თავს, როცა ის ბოლო ლუკმას ღეჭავდა. სხვა შემთხვევაში მთელი დღე უკმარისობის გრძნობა შეაწუხებდათ.
ეჭვგარეშე იყო, ქვემოდან ნამდვილად სიცილი ისმოდა. ალბათ მამა ვიტორინიმ დილის „თაიმსში“ ამოქექა რამე. ან, უარესი, ნახევარი ღამე იმ უწმინდურ მოჩვენებასთან, ტელევიზორთან გაატარა, რომელიც შესასვლელთან დაუპატიჟებელი სტუმარივით აყუდებულიყო. ელექტრული მხეცის მიერ გამორეცხილი ვიტორინის გონების კბილანები ალბათ გამალებით მუშაობდნენ და ახალ, ბრწყინვალე ეშმაკობას გეგმავდნენ. იჯდა და ტრაპეზობდა იმ იმედით, რომ თავისი იტალიური ოხუნჯობებით დანარჩენების ყურადღებას მიიპყრობდა.
– ო, ღმერთო! – ამოიხვნეშა მამა ბრაიანმა და თითებით მოსინჯა წინა ღამით მომზადებული კონვერტი, რომელიც შიდა ჯიბეში ჰქონდა შეჩურთული. არაა გამორიცხული, თავდასაცავად ამ კონვერტის პასტორ შელდონისთვის გადაცემა მოუწიოს. ვითომ შეამჩნევს რამეს მამა ვიტორინი ტანსაცმლის ქვეშ თავისი სწრაფი, ბნელი, რენტგენისებური მზერით?
წერილი სხვა ეპარქიაში გადაყვანის თხოვნას წარმოადგენდა. კონვერტის ამობურცულობების ჩამოსასწორებლად მამა ბრაიანმა ხელები ანაფორაზე ჩამოისვა.
– აბა, წავედით, – ჩაილაპარაკა მამა ბრაიანმა და ლოცვის ბუტბუტით კიბეებს ჩაუყვა.
– აჰ, მამა ბრაიან! – მამა ვიტორინიმ საუზმით სავსე ჯამიდან თავი ასწია. ჯერ მხოლოდ ფაფაზე შაქრის მოყრა მოესწრო.
მამა ბრაიანს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ლიფტის ცარიელ შახტში შედგა ფეხი. ხელი ინსტინქტურად გაიშვირა, თითქოს უნდოდა, რამეს მოჭიდებოდა, თუმცა, ხელთ მხოლოდ ტელევიზორის კუთხე შერჩა. თბილი იყო. თავი ვერ შეიკავა და ჩაილაპარაკა:
– წუხელ ისევ სეანსი გქონდათ?
– კი, ტელევიზორთან გავათენე.
– გათენება სწორი სიტყვაა, – ამოიფრუტუნა მამა ბრაიანმა, – ადამიანები ხომ ავადმყოფებს ან მკვდრებს უთენებენ ხოლმე? ოდესღაც უიჯას დაფასთან საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი, თუმცა, ისიც კი არ იყო ასეთი სულელური ნივთი, – თქვა მამა ბრაიანმა და იდიოტური ელექტრომოწყობილობიდან მზერა ვიტორინიზე გადაიტანა, – თქვენც გესმოდათ შორეული ყვირილისა და მოჩვენებების გოდების ხმა იმ ადგილიდან? მგონი, კანავერალი ჰქვია, ხომ?
– გაშვება დილის სამ საათზე იყო.
– ახლა კი აქ ხართ და პატარა ბავშვივით კარგად გამოძინებულს ჰგავხართ, – მამა ბრაიანმა თავის ქნევით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, – რა უსამართლობაა.
ვიტორინიმ ბურღულის ფაფას ბლომად რძე დაასხა.
– თქვენ კი ისე გამოიყურებით, თითქოს ჯოჯოხეთში მოგზაურობიდან ეს-ესაა დაბრუნდით.
საბედნიეროდ, ამ მომენტში მამა კელიც შემოვიდა, ორივე მღვდელს ბუტბუტით მიესალმა, დაჯდა და შეწუხებულ მამა ბრაიანს მიაშტერდა.
– მართალია, უილიამ, საკუთარ თავს არ ჰგავხართ. უძილობა გაწუხებთ?
– ცოტათი.
მამა კელიმ თავი ოდნავ გვერდით გადახარა და ორივე შეათვალიერა.
– აბა, რამე მოხდა, სანამ წუხელ აქ არ ვიყავი?
– პატარა კამათი გვქონდა, – თქვა მამა ბრაიანმა, თან თავის თეფშზე სიმინდის ფანტელებს ეთამაშებოდა.
– პატარა კამათი! – გამოეპასუხა მამა ვიტორინი ისე, თითქოს გაცინება უნდოდა, თუმცა, თავს მოერია, – ირლანდიელი მღვდელი იტალიელი პაპით უკმაყოფილოა.
– გეყოფათ, მამა ვიტორინი, – თქვა კელიმ.
– შეეშვით, გააგრძელოს, – ჩაერია მამა ბრაიანი.
– გმადლობთ, რომ ნება დამრთეთ, – თქვა ვიტორინიმ თავაზიანად და მამა ბრაიანს თავი მეგობრულად დაუკრა, – პონტიფიკოსი ხშირად იწვევს უსუსურ გაღიზიანებას ირლანდიური სამღვდელოების ზოგიერთ წარმომადგენელში, თუ ყველაში არა. რატომ არ გვყავს პაპი, სახელად ნოლანი? რატომ არ შეიძლება, წითლის ნაცვლად მწვანე ქუდი ეხუროს? რატომაც არ შეიძლება, რომ წმინდა პეტრეს ტაძარი ოცდამეხუთე საუკუნეში დუბლინში ან კორკში გადავიტანოთ?
– იმედი მაქვს, ეგ ყველაფერი ვინმეს მართლა არ უთქვამს, – თქვა მამა კელიმ.
– ფიცხი ადამიანი ვარ, – თქვა მამა ბრაიანმა, – სიბრაზისას შეიძლება რამე მსგავსი მეგულისხმა.
– რატომ ბრაზობ? ან მსგავსი რამ რატომ უნდა გეგულისხმა?
– გაიგონეთ, რა თქვა ოცდამეხუთე საუკუნეზე? – შეეკითხა მამა ბრაიანი, – ეს ის დროა, როცა ფლეშ გორდონი და ბაკ როჯერსი სარკმლიდან ბაპტისტერიუმში შემოფრინდებიან, ხოლო თქვენი მონა-მორჩილისნაირ ღვთისმოშიშ ხალხს იქიდან თავქუდმოგლეჯით გაქცევა მოუწევს.
მამა კელიმ ამოიხვნეშა.
– ო, ღმერთო, ისევ იგივე ხუმრობა?
მამა ბრაიანმა იგრძნო, როგორ მიაწყდა სისხლი მის ლოყებს, თუმცა, დიდი ბრძოლის შედეგად შეძლო და