მარსის ქრონიკა -
2030, იანვარი
რაკეტის ზაფხული სულ ერთი წუთის წინ ოჰაიოში ზამთარი იდგა – ჩარაზული კარებით, დაგმანული ფანჯრებით, დათრთვილული მინებითა და ლოლუებისაგან მოვარაყებული სახურავებით. ფერდობებზე თხილამურებით დაქროდნენ ბავშვები, ქურქებში გახვეული ქალები დიდი, შავი დათვებივით დააბოტებდნენ ქუჩებში.
უეცრად სითბოს ძლიერმა ტალღამ გადაურბინა პატარა ქალაქს; ცხელი ჰაერი ზვირთივით მოასკდა – თითქოს ვიღაცამ სახაბაზოს კარები დატოვა ღიად. სახლების, ბუჩქების, ბავშვების ირგვლივ სითბოს ჭავლებმა იწყო ლივლივი: ლოლუები ჩამოცვივდა, დაიმსხვრა და წყლად წავიდა; კარები გაიღო, ფანჯრები გაიხსნა; ბავშვებმა შალის ტანსაცმელი გაიხადეს; ქალები დათვებს აღარ ჰგავდნენ. თოვლი გადნა და წინა ზაფხულისაგან გადახუნებული გაზონები გამოაჩინა.
რაკეტის ზაფხული! კარგამოღებულ, მოფარღალავებულ სახლებს შორის დაქროდა და ყველას პირზე ეკერა ეს ორი სიტყვა – რაკეტის ზაფხული. უდაბნოს სუნთქვასავით გავარვარებული ჰაერი წყალში ყრიდა ყინვა-მხატვრის ნახელავს – ფანჯრის მინებზე სურათებს სახეს უცვლიდა. თხილამურები და მარხილები ერთბაშად უმაქნისი გახდა. ცივი ციდან ქალაქზე გადმოფრქვეული თოვლი ცხელ თქეშად იქცა ჰაერშივე.
რაკეტის ზაფხული! წვეთებით ახმაურებული აივნებიდან ადამიანები გადმომდგარიყვნენ და ალმურწაკიდებულ ცას შეჰყურებდნენ.
კოსმოდრომზე რაკეტა იდგა და ცეცხლისა და ღუმელის სიმხურვალის ვარდისფერ ბოლქვებს აფრქვევდა. იდგა იგი ზამთრის სუსხიან დილას და ყოველი ამოსუნთქვით ირგვლივ ზაფხულს ავრცელებდა. რაკეტა ამინდს ქმნიდა და მთელ იმ მხარეში ერთხანს ზაფხულმა დაისადგურა...