წინასიტყვაობა
გმადლობთ, რომ ეს წიგნი შეიძინეთ. იმედია, ჩემი იდეები თქვენც დაგეხმარებათ, ისე, როგორც მეც და ათასობით სხვა ადამიანს დაგვეხმარა. გულახდილად რომ ვთქვა, ამ წიგნის საბოლოო მიზანია, შეცვალოს თქვენი ცხოვრება სამუდამოდ.
ადამიანს არასოდეს აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რასაც გეგმავს. თქვენ თავზე გაყრიათ სამუშაო, პროექტები, პირადი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების წინაშე, აპირებთ, წაიკითხოთ უამრავი ჟურნალი, დაამუშაოთ უამრავი წიგნი, მაგრამ ყველაფრის გადადება გიწევთ, იმ დროისთვის, როცა სამუშაოს მორჩებით.
სამუშაო კი არასოდეს მთავრდება. საქმეს ბოლო არ უჩანს. ჟურნალებისა და წიგნების წაკითხვის დრო არ გრჩებათ, დროის სასიამოვნოდ გატარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დასვენება მუდმივ ოცნებად რჩება.
თქვენ ფიქრობთ, რომ თუ დროს სწორად გაანაწილებთ, უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ? ეგ განზრახვა დაივიწყეთ, რადგან ნაყოფიერების გაზრდის რამდენ ხერხსაც უნდა ფლობდეთ და რამდენი დროც უნდა გამოყოთ ამოცანის შესასრულებლად, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რის გაკეთებასაც ვერ ასწრებთ.
პირველ ყოვლისა, იმისათვის, რომ დროის მართვა ისწავლოთ, აზროვნების წესი უნდა შეიცვალოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუმკლავდებით საქმეებისა და პასუხისმგებლობის იმ უშრეტ ნაკადს, რომელიც ყოველდღიურად თქვენკენ მოედინება. ამისათვის მოგიწევთ, უარი თქვათ რაღაცებზე და მეტი დრო დაუთმოთ საქმიანობას, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
დროის მართვის საკითხის შესწავლას ოცდაათი წელი შევალიე. წავიკითხე პიტერ დრუკერის, ალეკ მაკენზის, ალან ლაკეინის, სტივენ კოვეისა და სხვათა ნაშრომები. თვალი გადავავლე ასობით წიგნსა და ათასობით სტატიას ინდივიდუალური შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტურობის შესახებ. წინამდებარე წიგნი სწორედ ამ შრომის შედეგია.
ყოველთვის, როდესაც თავში კარგი იდეა მომდის, პირველ ყოვლისა, უბის წიგნაკში გადმომაქვს, შემდეგ კი ცხოვრებაშიც ვნერგავ. თუ კარგ შედეგს ვიღებ, საუბრებისა და სემინარების დროს ვიყენებ და სხვებსაც ვუზიარებ. როგორც გალილეო გალილეი წერდა: „ადამიანს ვერაფერს ასწავლი, შეგიძლია მხოლოდ დაეხმარო, საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის, რაც იქ უკვე არსებობს“.
რა თქმა უნდა, ყველას თავისი ცოდნა და გამოცდილება აქვს, ამიტომ შესაძლოა, ზოგი იდეა გეცნოთ კიდევაც, მაგრამ წინამდებარე წიგნი თქვენთვის ნაცნობ იდეებს ახალ მნიშვნელობას შესძენს. როდესაც ამ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს იმდენჯერ გამოიყენებთ, რომ თანდათან ჩვევად გექცევათ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.