I -
ხიდი
ომი ათი დღის დამთავრებული იყო, როცა ჩემი და, ლორა, მანქანით ხიდიდან ხევში გადაიჩეხა. ხიდზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მან კი პირდაპირ გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნისკენ აიღო გეზი. მანქანამ ასი ფუტი იფრინა, ახლად აბიბინებულ ხეებს კენწეროები წააცალა, ალმოდებული რამდენჯერმე ამოტრიალდა, მდინარის თავთხელში ჩავარდა და ხიდის ნანგრევებით დაიფარა. ჩემი დისგან დანახშირებული ძვლების გროვაღა დარჩა.
უბედურების ამბავი პოლიციელმა შემატყობინა; მანქანა ჩემი იყო და ადვილად მომაგნეს. პოლიციელი მოწიწებული და დამწუხრებული ტონით მესაუბრა. ცხადია, ჩემი ქმრის, რიჩარდის, გვარი მაშინვე ეცნო. ალბათ, ტრამვაის ლიანდაგზე მოსრიალდა ან მუხრუჭმა უმტყუნაო, მითხრა... თუმცა, საჭიროდ ჩათვალა, ისიც ეთქვა, რომ თურმე ორი დარბაისელი თვითმხილველი - ყოფილი ადვოკატი და ბანკის მოლარე - ამტკიცებდა, ქალბატონმა ხევისკენ სრულიად შეგნებულად და წარბშეუხრელად გადაუხვია, თეთრი ხელთათმანები ეკეთა და მისი ხელები საჭეზე კარგად მოჩანდაო.
მუხრუჭი ნამდვილად არ უმტყუნებდა-მეთქი, ვიფიქრე. მან ეს რაღაც მიზეზით გააკეთა. მერე რა, რომ სხვებსაც ჰქონდათ მსგავსი მიზეზები... ლორა ამ მხრივ სრულიად დაუნდობელი ადამიანი იყო.
- ალბათ გვამის ამოცნობა იქნება საჭირო... ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად მოვიდე, - ვუპასუხე პოლიციელს და საკუთარი ხმის სიმტკიცემ გამაოგნა - თითქოს მე კი არა, ვიღაც უცხო და შორეული ლაპარაკობდა... სინამდვილეში სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი, ტუჩები დაბუჟებული მქონდა და აუტანელი ტკივილისაგან სახის ნაკვთებს ვერ ვიმორჩილებდი, დანტისტთან ყოფნისას რომ იცის ხოლმე, ისე. ლორას საქციელმა გამაცოფა!.. და, მართალი გითხრათ, პოლიციელზეც გავცოფდი, ჩანაფიქრს რომ მიუხვდა და ყველაფერი პირუთვნელად რომ მომახსენა. თითქოს საშინელი ქარიშხალი დამატყდა თავს, ისედაც უკვე ყალყზე დამდგარი თმა ამიწეწა და მერე წყალში ჩავარდნილი მელნის წვეთივით უთავბოლოდ დამაბზრიალა.
- ვშიშობ, რამდენიმე კითხვაზეც მოგიწევთ პასუხის გაცემა, მისიზ გრიფენ, - მითხრა პოლიციელმა.
- ბუნებრივია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უბედური შემთხვევა იქნებოდა. ჩემი და ყოველთვის ცუდი მძღოლი იყო.
ლორას ფაქიზი სახის ოვალი დამიდგა თვალწინ... მისი კეფაზე საგულდაგულოდ დამაგრებული თმა და სადა კაბა, რომელიც ეცმებოდა - წელში გადაჭრილი, პატარა მრგვალი საყელოთი, უჟმური, უსიცოცხლო ფერის: მეზღვაურების ფორმასავით მუქი ლურჯი, ფოლადივით რუხი, ან ჰოსპიტლის კედელივით ჩაჟამებული მწვანე... მოკლედ, „პენიტენციალური“ შეფერილობის… ისეთის კი არა, რომლის ტარებაც გულს გაუხარებდა, არამედ ისეთის, პატიმარს რომ შეეფერება... ალბათ საზეიმო ღიმილიც დასთამაშებდა სახეზე და ოდნავ გაკვირვებული წარბიც აქაჩული ექნებოდა, როგორც თვალწინ გადაშლილი პერსპექტივით აღფრთოვანებულ ადამიანს.
თეთრი ხელთათმანები... პილატე პონტოელი გაითამაშა ქალბატონმა, ჩემზე ხელები დაიბანა!.. ჩემზეც და ყველა დანარჩენზეც.
ნეტა რაზე ფიქრობდა, მანქანით ხევისკენ რომ მიფრინავდა, ნაშუადღევის მზის სხივებში რომ გამოეკიდა წამით, ნემსიყლაპიასავით აბრჭყვიალებული, და ბოლოჯერ რომ ამოისუნთქა დანარცხებამდე? ალექსზე? რიჩარდზე? საკუთარ უიღბლობაზე? მამაჩვენზე და მის მარცხზე? იქნებ ღმერთზე და თავის საბედისწერო სამმხრივ გარიგებაზე? ან სულაც იმ იაფფასიანი სასკოლო რვეულების დასტაზე, რომელიც ჩემი კარადის წინდების უჯრაში დილაადრიან საკუთარი ხელით შეჩურთა იმ იმედით, რომ მხოლოდ მე ვიპოვიდი?
პოლიციელი რომ წავიდა, ზედა სართულზე ავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. მორგში, ალბათ, ხელთათმანები და პირბადიანი ქუდი დამჭირდებოდა. თვალები რაღაცით ხომ უნდა დამეფარა? ჟურნალისტების შემოსევაც არ იყო გამორიცხული… ტაქსი უნდა გამომეძახებინა, რიჩარდთანაც უნდა დამერეკა, ოფისში; ალბათ საგაზეთო სტატიის მომზადებას დაავალებდა ვინმეს. გარდერობს მივაშურე. რამე შავი უნდა ამერჩია და ცხვირსახოციც არ უნდა დამვიწყებოდა.
კარადის უჯრა გამოვაღე და რვეულები დავინახე. დასტაზე ჯვარედინად შემოხვეული თასმა გავხსენი. ვიგრძენი, რომ კბილს კბილზე მაცემინებდა და მთლად გაყინული ვიყავი. შოკის ბრალი იქნება-მეთქი, ვიფიქრე.
უცებ რენი წამომიტივტივდა ბავშვობის დროინდელი მოგონებებიდან. რამეს რომ ვიტკენდით, ჭრილობებს რენი გვიხვევდა ხოლმე. დედა ან ისვენებდა, ან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმით იყო დაკავებული. რენი კი მუდამ ჩვენთან იყო. ხელში აგვიყვანდა და სამზარეულოს მაგიდაზე შემოგვსვამდა, ღვეზლის ცომის (რომელსაც ზელდა), ან დაჭრილი ქათმისა თუ გამოშიგნული თევზის გვერდით, სადილად რომ გვიმზადებდა. მერე ყავისფერი შაქრის ერთ კვნიტსაც ჩაგვიდებდა პირში, რომ გავეჩუმებინეთ, და გვკითხავდა, - აბა მითხარი, სად გტკივა? ნუღარ მოთქვამ, დამშვიდდი და მაჩვენე, რა გტკივა.
მაგრამ ყველას არ შეუძლია იმის ახსნა, რა სტკივა. ზოგი ვერც მშვიდდება და არც მოთქმის შეწყვეტა უნდა.
ტორონტო სტარი, 26 მაისი, 1945