1
მანგო
თოვლის კაცი უთენია იღვიძებს. უმოძრაოდ წევს და წყლის მიმოქცევას აყურადებს. ტალღები ბარიკადებს ერთიმეორის მიყოლებით, გულისცემის რიტმში ეხეთქებიან – შშშუუუ, შშიიი, შშშუუუ, შშიიი. დიდი სიამოვნებით დაიჯერებდა, რომ ჯერაც სძინავს.
აღმოსავლეთის ჰორიზონტზე გადაკრული მორუხო ბურუსი უკვე ვარდისფერი, მომაკვდინებელი ციალით განათებულა. უცნაურია, ეს ფერი ისევ ნაზი რომ ჩანს. ნაპირისგან მოშორებული კოშკები ბნელ სილუეტებად იკვეთებიან და ვარდისფერი და ღია ცისფერი ლაგუნიდან უადგილოდ წამომართულან. იქ დაბუდებული ჩიტების ჭყივილი და მანქანების ჟანგიანი ნაწილების, დამსხვრეული აგურებისა და სანაპიროს კენჭების ურთიერთმონაცვლე ერზაცი რიფების მცოხნავი ოკეანე უქმეებზე საგზაო მოძრაობის მსგავს ხმაურს ქმნის.
თოვლის კაცი, ჩვეულებისამებრ, საათს დაჰყურებს – უჟანგავი ფოლადისგარსიანი და მბზინავი ალუმინისსამაჯურიანი მოწყობილობა ჯერ კიდევ პრიალებს, თუმცა აღარ მუშაობს. ერთადერთი თილისმასავით დაატარებს. საათი მხოლოდ უმეტყველო სახეს უჩვენებს: ნული საათია. ნანახი შიშს ჰგვრის, ოფიციალური დროის არარსებობა ზარავს. არავინ არსად არ იცის, რა დროა.
– დაწყნარდი, – ეუბნება საკუთარ თავს. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ნაკბენ ადგილებს იფხანს. ცდილობს, კანი ნაკბენის გარშემო მოიქავოს და ფუფხი არ აიგლიჯოს – ახლა სისხლის მოწამვლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება. ქვემოთ მიწას ათვალიერებს და ამოწმებს, რამე გარეული არსება ხომ არაა ჩასაფრებული. სიწყნარეა: სლიკინა ან მხოხავი არაფერი ჩანს. მარცხენა ხელი, მარჯვენა ფეხი, მარჯვენა ხელი, მარცხენა ფეხი – ხიდან ნელ-ნელა ჩამოდის. წვრილ ტოტებსა და ხის ქერქის ნამცეცებს იფერთხავს და ჭუჭყიან ზეწარს სხეულზე ტოგასავით იხვევს. რედ სოქსის(ბეისბოლის გუნდი ბოსტონიდან.) ნაყალბევი კეპი დაძინებამდე ტოტზე შეინახა, ახლა ხსნის, ათვალიერებს, შიგ მოკალათებულ ობობას ძირს აგდებს და ქუდს იხურავს.
რამდენიმე იარდით(იარდი –დაახლოებით 90 სანტიმეტრი.) მარცხნივ ინაცვლებს და ბუჩქებს აფსამს.
– ყურადღებით! – აფრთხილებს კალიებს, რომლებიც ბუჩქების შერხევისთანავე ქაოსურად იფანტებიან. თავისი პისუარიდან საკმაოდ მოშორებულ, ხის მეორე მხარეს უახლოვდება და თაგვებისა და ვირთხებისგან დასაცავად მავთულის ბადით შემოსაზღვრულ, ბეტონის ფილებისგან სახელდახელოდ აგებულ საწყობში იქექება. აქ პოლიეთილენის პარკში გამოხვეული რამდენიმე მანგო, ერთი ქილა "სვილტანას" უხორცო, პატარა სოსისები, უძვირფასესი ნახევარი ბოთლი – არა, ალბათ უფრო მესამედი – სკოჩი და ბორბლებიანი სახლების პარკიდან მოპარული, ფოლგაში ჩამდნარი და წებოვანი, შოკოლადისგემოანი ენერგეტიკული ფილა გადაუნახავს. მის ჭამას ვერ ბედავს – შეიძლება მეტი ვეღარც იპოვოს. იქ ინახავს თუნუქის ქილის გასახსნელსაც, გაურკვეველი დანიშნულებით გადანახულ ყინულსაჭრელსაც, სენტიმენტალური მიზეზითა და თან სუფთა წყლის შესანახად მოგროვებულ ლუდის ექვს ცარიელ ბოთლს. მისი მზის სათვალეც აქაა; იკეთებს. ერთი შუშა აკლია, მაგრამ სულ არაფერს ჯობს.
პოლიეთილენის პარკს ხსნის: ერთადერთი მანგოღა დარჩენილა. სასაცილოა, მეტი ახსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ პარკი, რამდენადაც შეეძლო, მაგრად შეკრა, ჭიანჭველები მაინც შემძვრალან. ახლა უკვე მკლავებზე აცოცდებიან, ზოგი შავია, ზოგიც – ყვითელი და უფრო აგრესიული. მწერების ჩამოფერთხვას ცდილობს.
– სწორედ ყოველდღიური რუტინის მკაცრი დაცვა იძლევა სულიერი მდგომარეობისა და სიჯანსაღის შენარჩუნების საშუალებას, – აცხადებს ხმამაღლა. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რომელიღაც წიგნიდან ამონარიდი წაიკითხა, ევროპელი კოლონისტი პლანტატორების დასახმარებლად შექმნილი რაღაც უძველესი დირექტივა. ვერ იხსენებს, ოდესმე ასეთი რამ მართლა თუ წაუკითხავს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მისი ტვინის გოროხში უამრავი სიცარიელეა გაჩენილი იმ ადგილებში, სადაც ადრე მოგონებები იყო ჩალაგებული. კაუჩუკის პლანტაციები, ყავის პლანტაციები, ჯუთის პლანტაციები. (ჯუთი რა იყო?) ნაბრძანები ჰქონდათ, რომ მზისგან დამცავი ქუდი ეტარებინათ, სადილისთვის სათანადოდ ჩაეცვათ და ადგილობრივთა გაუპატიურებისგან თავი შეეკავებინათ. არა, "გაუპატიურება" არ იქნებოდა ნახსენები. მდედრ მცხოვრებლებთან ურთიერთობის დამყარებისგან თავის შეკავება, ან რამე მსგავსი სიტყვები ეწერებოდა...
თუმცა, ნაძლევს ჩამოვა, რომ თავს არავინ იკავებდა. ათიდან ცხრა შემთხვევაში მაინც.
– შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით..., – ამბობს თოვლის კაცი. ამჩნევს, რომ პირდაღებული დგას და წინადადების დანარჩენი ნაწილის გახსენებას ცდილობს. მიწაზე ჯდება და მანგოს ჭამას იწყებს.
ნამსხვრევები
მარჯნითა და დამსხვრეული ძვლებით მოფენილ სანაპიროზე ბავშვების ჯგუფი მოაბიჯებს. ალბათ ახლახან იცურავეს, ჯერ კიდევ სველები ბზინავენ. მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ: ვინ იცის, როდის რომელი პარაზიტი დაიბუდებს ლაგუნაში? მაგრამ ბავშვები წინდაუხედავები არიან; თოვლის კაცი კი პირიქით, წყალში ფეხის თითს არ ჩაყოფს ღამითაც კი, როცა მზე თვალსაა მიფარებული. შესწორება: ღამით კიდევ უფრო მეტად.
ბავშვებს შურით გასცქერის. თუ ნოსტალგიით? არა, ნოსტალგია ვერ იქნება: ბავშვობისას ზღვაში არასდროს უცურავია და არც ტიტლიკანას ურბენია პლაჟზე. ბავშვები არემარეს ათვალიერებენ, იხრებიან, მიწიდან ნამსხვრევებს კრეფენ. შემდეგ ერთმანეთში მსჯელობენ, ზოგ ნივთს იტოვებენ, დანარჩენებს კი უკან ყრიან; მოპოვებულ განძეულს დაფხრეწილ ტომარაში აგროვებენ. ადრე თუ გვიან – ამაში