ერთი
1
ბებერი ფოლზი ლამის ღრიალებდა:
- პოლკოვნიკი თავის საყვარელ სკამზე იჯდა, წინდების ამარა, ფეხები აივნის მოაჯირზე შემოელაგებინა და აი, ამ ჩიბუხს აბოლებდა. იქვე კიბეზე მოკალათებული თქვენი ბებერი ლავინიაც ბარდას არჩევდა ვახშმისთვის. ბარდას მაინც თუ იშოვიდი ხანდახან კაცი, მაგითაც ბედნიერი უნდა ყოფილიყავი იმ დროში. შენც იქვე იყავი, ბოძს მიყუდებული. მეტი არავინ. ხო, კიდე მამიდაშენი, მის ჯენის ჩამოსვლამდე რო ცხოვრობდა თქვენთან. პოლკოვნიკმა ორივე გოგო მემფისში გააგზავნა ბაბუაშენთან, როცა ომში წასვლა გადაწყვიტა. შენ მაშინ პატარა ბიჭი აღარ გეთქმოდა. რამდენის იყავი, ბაიარდ?
- თოთხმეტის, - მიუგო მოხუცმა ბაიარდმა.
- რაო?
- თოთხმეტის-მეთქი, - აყვირდა ბაიარდიც. - რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? რამდენჯერაც მაგ დაწყევლილ ამბავს მომიყვები?
- მოკლედ, იქ ისხედით ყველანი, - ნირშეუცვლელად გააგრძელა ბებერმა ფოლზმა,- როცა ჭიშკარში გადმოუხვიეს და ხეივანს გამოუყვნენ ჭენებით. ლავინიას ბარდით სავსე ქვაბი ხელიდან გაუვარდა და ერთი წამოიკივლა, მარა პოლკოვნიკმა ხმა გააკმენდინა, უთხრა, გაიქეცი, ჩემი ჩექმები და დამბაჩა ნახე და უკანა კართან დამახვედრეო. შენ კიდე, თავლაში გავარდი, იმ ულაყის შესაკაზმად. როცა იანკები სახლს მოადგნენ და გაჩერდნენ - ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეხლა ყვავილნარია, პარმაღზე და ეზოში კაციშვილი არ ჭაჭანებდა პოლკოვნიკის გარდა... ისიც იჯდა თავისთვის, ვითომც თავის დღეში იანკების სახსენებელიც არ გაუგონიაო. იანკები ჯერაც ცხენებზე სხედან, რაღაცას თათბირობენ ერთმანეთში - ხო ის სახლია, ხო არაფერი შეგვეშალაო? პოლკოვნიკს კიდე წინდებიანი ფეხები მოაჯირზე შემოუწყვია და გაშტერებული უყურებს, ვითომ ვიღაც სოფლელი ტეტიაა. იანკების ოფიცერმა ერთ-ერთ თავისიანს უბრძანა, წადი თავლაში ნახე, ის ულაყი თუ დგასო, და მერე პოლკოვნიკს ეუბნება, ერთი მითხარი, მეამბოხე ჯონ სარტორისი სად ცხოვრობსო.
- ცოტა ქვეითკენ, ამ გზას უნდა გაყვეთო, - თვალდაუხამხამებლად პასუხობს პოლკოვნიკიც, - ორი მილი იქნება. ოღონდ ახლა შინ ვერ ნახავთ, ისევ იანკებთან საომრადაა წასულიო. - ეგ არაფერი, ძმურად, ერთი გამოგვყევი და გზა გვაჩვენეო, - ეუბნება იანკების ოფიცერი... პოლკოვნიკი ზლაზვნით წამოდგა, უთხრა, ფეხზე ჩავიცვამ და ჯოხსაც ავიღებო, და კოჭლობ-კოჭლობით შინ შევიდა; ისინიც იდგნენ და ელოდებოდნენ. როგორც კი თვალს მიეფარა, გაიქცა. ბებერი ლავინია უკანა კართან ელოდებოდა - მუნდირით, ჩექმებით, დამბაჩებით და პურის ყუით. ამ დროს ის მეორე იანკი, ჯარისკაცი, თავლაში შევიდა; პოლკოვნიკმა ლავინიას ყველაფერი გამოართვა, მუნდირში გამოახვია და უკანა ეზოსკენ ისე ნელ-ნელა დაიძრა, ვითომდა სასეირნოდ გამოსულაო. ის იყო, იანკების ჯარისკაცმაც გამოყო თავლის კარიდან თავი. თავლა ცარიელია, არც ცხენია შიგ და არც არაფერიო, პოლკოვნიკს ეუბნება.
აბა, საიდან იქნებაო, - პოლკოვნიკმაც, - ისე, შენმა კაპიტანმა გიბრძანა, დაბრუნდიო, - უთხრა ჯარისკაცს და გზა გააგრძელა. გრძნობდა, როგორ არ აშორებდა თვალს იანკი, პირდაპირ ბეჭებშუა მიშტერებოდა, სადაც ტყვია უნდა დაძგერებოდა წუთი-წუთზე. ეგეთი მძიმე დღე ცხოვრებაში არ გამომივლიაო, ამბობდა ხოლმე მერე. როგორი საქმე იყო, ზურგი შეგექცია იანკისთვის, მთელი ეზო გადაგევლო და თან ნაბიჯი არ აგეჩქარებინა?! ერთი სული ქონდა, თავლის კუთხემდე მიეღწია, მაშინ უკვე მოახერხებდა სახლს მოფარებოდა; ამბობდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელი წელი მივდიოდი იქამდე და მაინც ვერაფრით ვუახლოვდებოდიო. თან თურმე უკან მიხედვასაც ვერ ბედავდა; არაფერზე არ ვფიქრობდი, მარტო ის მიხაროდა, გოგოები რო არ იყვნენ შინო. მამიდაშენი ერთხელაც არ გახსენებია თურმე - ვიცოდი, ისეთი მამალი სარტორისი იყო, თორმეტ იანკისთან გამკლავება უჩემოდაც არ გაუჭირდებოდაო.
მერე იანკის დაუყვირია მამაშენისთვის, მარა პოლკოვნიკს გზა გაუგრძელებია, არც უკან მიუხედია და არც არაფერი. მაშინ იანკის ერთხელაც დაუძახია, გაჩერდიო; მამაშენი ამბობდა, გავიგონე, როგორ დაძრეს ცხენებიო და უფიქრია, ეხლა კი დროა, მოვუსვაო. სწორედ იმწამს მიფარებია თავლის კუთხეს, როცა იანკის პირველი ტყვია უსვრია, როცა იანკისაც მიურბენია კუთხემდე, მამაშენი უკვე ღორების საჩიხში ყოფილა, უკვე ლემაში მიშლიგინებდა ნაკადულისკენ, სადაც შენ ელოდებოდი ულაყთან ერთად ტირიფებში.
იდექი იქ, ცხენი სადავით გეჭირა, იანკების რაზმი კიდე სადღაც თქვენ ზურგს უკან გაკიოდა თავისას; მამაშენმა საჩქაროდ ამოიცვა ჩექმები და მაშინ გითხრა სწორედ, მამიდაშენს გადაეცი, ვახშმად ნუ დამელოდებაო.
ბებერმა ფოლზმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თან მოიყოლა ჯონ სარტორისი. თუმცა მისი, უკვე დროისგან გათავისუფლებული აჩრდილის ყოფნა ოთახში მაინც გაცილებით მძაფრად შეიგრძნობოდა, ვიდრე დიდი ხნის წინათ, გარდასულ ხანაში საერთო სიყრუით ჩაკირული, დარჩენილი დღეების მდორე კვდომით გაცვეთილი და გამოფიტული ამ ორი ბერიკაცისა. თითქოს ზემოდან დასცქეროდა ორივეს, თავს დასტრიალებდა, წვეროსანი, ქორისპროფილიანი, საკუთარი ოცნების გამონაშუქში გახვეული.
მოხუცი ბაიარდი იჯდა და გადაჯვარედინებული ფეხები ბუხრის