წიგნი პირველი - თავი პირველი - ფლემი
1
ფრანგისხევი ჯეფერსონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოციოდე მილზე იყო გაშენებული მდინარისპირა ნაყოფიერ სანახებში. გორაკებსა და გორაკებს შუა მიკარგული, გამომიჯნული, ორი ოლქის საზღვრებს მირთული და მაინც ორივე ოლქისთვის თავმოუდრეკელი ფრანგისხევი ოდესღაც ებოძებინათ მისი პირველი მფლობელისთვის და მერე სამოქალაქო ომამდე ქცეულიყო ვრცელ პლანტაციად, რომლის ნაშთებსაც - ვეება სახლის გამოცარიელებულ ჩონჩხს, ჩამოქცეულ თავლას, მონათა ბარაკებს, მოუვლელ ბაღებს, ხეივნებს თუ აგურით ამოშენებულ ტერასებს - ფრანგის ნასახლარს უწოდებდნენ კვლავაც, თუმცა ამ პლანტაციის ოდინდელი მიჯნები ჯეფერსონის საოლქო სასამართლოს არქივში გადანახულ ძველისძველ ჩანაწერებშიღა არსებობდა, ხოლო ნაყოფიერი ველები ალაგ-ალაგ ლერწმოვანსა და კვიპაროსის ტევრებს გადაებურა ხელახლა და პირველი პატრონის მიერ გაკაფული ახოებიც აღარსად ჩანდა.
შესაძლოა, მართლა უცხოელი ყოფილიყო ამ პლანტაციის მფლობელი, ოღონდ მისი ფრანგობა იქნებ სათუოც აღმოჩენილიყო, რადგან იმ გადამთიელის ნამოსახლარზე დაფუძნებულსა და მისი აქ ყოფნის კვალის ხელის ერთპირად წარმხოცველ ხალხს ყოველი კაცი ფრანგი ეგონა, ვისაც ოდნავ მაინც დაჰკრავდა უცხოური კილო, ვის გარეგნობას ან თუგინდ ხელობასაც უჩვეულო ეთქმოდა. ყოველი ამგვარი კაცი, რა ეროვნებისთვისაც უნდა მიეკუთვნებინა თავი, მათთვის ფრანგი იყო, სწორედ ისევე, როგორც ქალაქელი ჭკუის კოლოფებისთვის (თუკი, მაგალითად, ჯეფერსონში დამკვიდრებას იფიქრებდა) უეჭველად ჰოლანდიელი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ახლა აღარავინ იცოდა იმ გადამთიელის, იმ ფრანგის სადაურობა, თავად სამოც წელს მიტანებულმა ბილ უორნერმაც კი, თითქმის მთელი ყოფილი პლანტაციისა და გავერანებული სახლ-კარის აწინდელმა მფლობელმა. ფრანგი გამქრალიყო, თავისი ავლადიდებიანად გადახვეწილიყო სადღაც. მისი ნაოცნებარი, მისი თვალშეუდგამი ველ-მინდვრები პატარ-პატარა, ბეჩავ, გირაობით სულის მღაფავ ფერმებად დაენაწილებინათ და ჯეფერსონის ბანკების მმართველნი, მათ გაყიდვამდე ერთმანეთს რომ ჭამდნენ, ბოლოს და ბოლოს, ისევ ბილ უორნერს მიჰყიდდნენ ხოლმე ამ ნაკვეთებს. ახლა იმ ფრანგის ნასახლარისგან დარჩენილიყო მხოლოდ მდინარის კალაპოტი, თითქმის ათი მილის სიგრძეზე რომ გაესწორებინებინა თავისი მონებისთვის, რათა წყალდიდობისას მინდვრები არ დაეტბორა, დარჩენილიყო აგრეთვე უშველებელი სახლის ჩონჩხი, რომელსაც ბარე ოცდაათ წელიწადს შლიდნენ და ეზიდებოდნენ მისი მრავალრიცხოვანი მემკვიდრენი; კაკლის ხის კიბე და მოაჯირი, მუხის პარკეტი, ორმოცდაათი წლის შემდეგ უთქმელი ფასი რომ დაედებოდა, სახლის კედლებიანად შეშად მოეხმარათ ფრანგისხეველებს. სახელიც კი დავიწყებოდათ ფრანგისა. მისი დიდება ქცეულიყო ფუჭ სიტყვად, უღრანის ხელთაგან გამოგლეჯილი და დაურვებული მიწის ლეგენდად, რამაც უკვდავყო მისი მივიწყებული სახელი, რომელსაც მის შემდეგ მოვლენილნი - კაჟიანი თოფებით, ძაღლებით, ბავშვებით, არყის სახდელი მოწყობილობითა და პროტესტანტული დავითნითურთ ჩარდახიან ფურგონებში ჩამსხდარნი, ჯორებზე ამხედრებულნი თუ ქვეითად მოსულნი - ხეირიანად ვერც წარმოთქვამდნენ, ვერც კი ამომარცვლავდნენ, და რომელიც ქვეყნიერებაზე აღარც ერთ სულიერს აღარ გაგახსენებდათ: მისი ნაოცნებარი, მისი სიქადული გაცამტვერებულიყო და მისივე ძვლების, კაცმა არ იცის, რომელ მხარეში დაფლული ძვლების, მტვერს შერეოდა. ოღონდ კიდევ ის იყო, რომ დაბეჯითებით იტყოდნენ - სადღაც, თავისი სახლის ახლომახლო, ვითომ ფული დარჩაო დამარხული, ვიკსბურგისკენ დაძრული გრანტი აქაურობას რომ იკლებდა, იმ დროს მიწაში ჩაფლული განძიო.
მის ნამოსახლარზე დამკვიდრებული ხალხი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ტენესის მთების გადმოვლით იძვროდა და ამ გზაზე ყოველ ნაბიჯს ახალ-ახალი თაობის გაჩენით აღნიშნავდა. ატლანტის სანაპიროდან წამოსულიყვნენ ისინი, ხოლო მანამდე - ინგლისიდან თუ შოტლანდიისა და უელსის ნაპირებიდან, რასაც ზოგიერთი მათგანის გვარიც ადასტურებდა - ტერპინი, ჰეილი, უიტინგტონი, მაკკალემი და მარი, ლეონარდი და ლიტლჯონი, ან თუნდაც სხვა გვარები, რიდაპის, არმსტიდისა და დოშის მაგვარი, რომლებიც თავისთავად ვერ გაჩნდებოდა, რადგან საკუთარი ნებით, რაღა თქმა უნდა, არც ერთი ჭკუათმყოფელი არ შეირჩევდა ასეთ გვარს. თან არც მონები ხლებიათ და არც ფაიფის თუ ჩიპენდეილის ნახელავი კარადები მოჰყოლიათ. რაც კი რამე მოეძევებოდათ, საკუთარი ზურგით შეეძლოთ მოეზიდათ (და მოზიდეს კიდეც) ყოველივე. თავ-თავიანთ ნაკვეთებზე დაესახლნენ, თითო ან ორორთვლიანი ქოხები ჩაიდგეს და შეუღებავი დატოვეს, ოჯახს მოეკიდნენ, შვილები მოამრავლეს, ძველ-ძველ ქოხებს ახალი და ახალი შეუღებავი ოთახები მიაშენეს და ასე იწყეს ცხოვრება. მათი ნაგრამიც ჭალაში ბამბას აშენებდა, გორაკებზე სიმინდს თესავდა, მოფარებულებში სიმინდის ვისკის ხდიდა და ყლურწავდა, ხოლო ნაჭარბს ყიდდა. ჩამოვიდოდა ფედერალური მოხელე და უკან აღარ გაბრუნდებოდა. შემდეგში ზოგჯერ თვალს შეასწრებდნენ, რომ გამქრალი კაცის ზოგიერთი ნივთი - ნაბდის ქუდი, შავი მაუდის სერთუკი, ქალაქური ფეხსაცმელი და პისტოლეტიც - ვინმე ბალღს, ბერიკაცს თუ დედაკაცს ჰქონდა მიჩემებული. ოლქის მოხელეები ხომ სულაც არ აწუხებდნენ აქაურებს, არჩევნების მოახლოებისას თუ ამოაკითხავდნენ ხოლმე იძულებით. თავიანთი ეკლესიები ჰქონდათ ამ ადამიანებს, თავიანთი სკოლები, ერთმანეთს უნათესავდებოდნენ, ერთმანეთს ღალატობდნენ და კლავდნენ ერთმანეთს, და თავიანთი თავის მსაჯულნიც და ჯალათნიც თავადვე გახლდნენ. პროტესტანტები იყვნენ, დემოკრატები, და სოკოებივით მრავლდებოდნენ. მიწის