1
ჩარლზ მალისონი
მე მაშინ დაბადებულიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი გაუნი კი იყო იმხელა, უკვე შეეძლო, ყოველივესთვის თვალი მიედევნებინა, დაემახსოვრებინა და მერე, როცა წამოვიჩიტე და მოსაზრების უნარი გამიჩნდა, ჩემთვისაც ეამბა. კაცმა რომ თქვას, მარტო გაუნი კი არა, გევინ ბიძიაც იყო იმხელა ან, უფრო სწორად, მარტო გევინ ბიძია კი არა - გაუნიც. ცამეტი წლის გახლდათ გაუნი. პაპამისი ბაბუაჩემის ძმა იყო. ოღონდ ჩვენი ჯერი რომ მოდგა, აღარც ვიცოდით, რად მოვუდიოდით ერთიმეორეს. ამიტომ გაუნი ბაბუაჩემის გარდა, ყველას ბიძაშვილებად გვიხსენიებდა და ჩვენც ყველანი, ბაბუაჩემის გარდა, ბიძაშვილს ვეძახდით, ეს იყო და ეს.
მისიანები ვაშინგტონში სახლობდნენ, გაუნის მამა სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობდა თურმე. მერე უცებ სახელმწიფო დეპარტამენტს მამამისი ჩინეთში გაუმწესებია, ჩინეთში თუ ინდოეთში, თუ სხვაგან სადღაც დასაკარგავში, ორი წლით გაუგზავნია, დედამისიც იმას გაჰყოლია, ჰოდა, გაუნი ჩვენთან დაუტოვებიათ - მანდ იყოს და ჯეფერსონის სკოლაში ისწავლოს, სანამ დავბრუნდებოდეთო. იმხანად, „ჩვენთან“ - ბაბუას, დედას, მამაჩემსა და გევინ ბიძიას ნიშნავდა. იმასაც მოგიყვებით, რა იცოდა გაუნმა ამ ამბისა მანამდე, ვიდრე მე დავიბადებოდი და იმხელა შევიქნებოდი, რომ მეც მცოდნოდა. ჰოდა, ჩვენ-მეთქი, როცა ვამბობ, ან - ჩვენ ვფიქრობდით, ჩვენ გვეგონა-მეთქი, - მაშინ ჯეფერსონს ვგულისხმობ და კიდევ იმას, რასაც ჯეფერსონში ფიქრობდნენ.
ჯერ ის გვეგონა, წყალსატუმბის ავზი ფლემ სნოუპსის ძეგლი არისო მხოლოდ. მაშინ არაფერი გაგვეგებოდა. მერეღა მივხვდით - მისისიპის შტატის ქალაქ ჯეფერსონში წამომართული ავზი ძეგლი კი არა, ნაფეხური ყოფილა.
ერთ ზაფხულს ფლემმა ჯორებშებმული ფურგონი შემოიყვანა ჯეფერსონში სამხრეთ-აღმოსავლეთის გზაზე. ფურგონში ცოლი ესვა და ბავშვი, ოჯახის ქონებაც ზედ ეწყო. ჰოდა, მეორე დღესვე დახლში ჩადგა ვ. კ. რეტლიფის კუთვნილ პატარა რესტორანში. უკეთ რომ ვთქვათ, რეტლიფი და კიდევ ერთი კაცი წილში იყვნენ შემდგარნი და ისე ფლობდნენ ამ რესტორანს. რადგან რეტლიფი, საკერავი მანქანების გამსაღებელი აგენტი, ერთთავად გზაზე იყო გამდგარი თავისი ფურგონით (მაშინ პირველი გამოშვების „ფორდი“ ჯერ არ ჰქონია ნაყიდი), შიგ საკერავი მანქანის ნიმუში რომ ედგა, ანდა, უფრო სწორად, ჩვენ გვეგონა ასე - რეტლიფი კიდევ არისო იმ რესტორნის მოწილე, ვიდრე გაზინთულწინსაფრიანი კაცი არ დავინახეთ დახლთან, ჩასკვნილი, სიტყვაძუნწი კაცი, ბანტად შეკრული ერთი ბეწო ჰალსტუხი რომ ეკეთა, ამღვრეული თვალები ჰქონდა და პატარა ცხვირი, კაუჭა, ქორის ნისკარტის მინაგვანი. ერთი კვირაც რომ გამოხდა, სნოუპსმა რესტორნის უკან ტილოს კარავი ჩადგა და შიგ დაესახლა ოჯახითურთ. მაშინ იყო, რეტლიფმა გევინ ბიძიას რომ უთხრა:
- აცალეთ ოღონდ და გროვერ კლივლენდსაც (გროვერ კლივლენდ უინბუში მისი კომპანიონი იყო) გააქრობს იმ რესტორნიდან.
ეს პირველი ზაფხული გახლდათ. „სნოუპსების პირველი ზაფხული“, როგორც გევინ ბიძიამ შეარქვა. თვითონ ბიძია მაშინ ჰარვარდში იყო, სწავლობდა, ხელოვნების მაგისტრობა უნდა მიეღო. ამის შემდეგ იურისპრუდენციის ფაკულტეტზე აპირებდა შესვლას - აქაურ, მისისიპის შტატის უნივერსიტეტში, რათა დაემთავრებინა და მამამისს თანაშემწედ დასდგომოდა. თუმცა უამისოდაც ყოველი არდადეგების დროს ეხმარებოდა მამამისს, ქალაქის პროკურორს. მისის სნოუპსი მაშინ თვალითაც არ ენახა ჯერ, რაღა თქმა უნდა, არც იცოდა, რომ გერმანიაში გაემგზავრებოდა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სასწავლებლად; ის კი არა, იმასაც ვერ ხვდებოდა - გულით მომინდებაო ჰაიდელბერგს გამგზავრება: ისე ამბობდა ხოლმე - ოდესმე იქ წასვლაზე უარს არ ვიტყოდიო. მისი შეხედულებით, ეს იყო ჩინებული აზრი, საამო საფიქრალი და მარჯვე დროს საუბარში ჩასართველიც.
გევინ ბიძია და რეტლიფი ხშირად მასლაათობდნენ. ეს იმიტომ, რომ, თუმცა რეტლიფს სკოლაც არ ჰქონდა ხეირიანად დამთავრებული და ერთთავად გზაზე იყო გამდგარი, საკერავ მანქანებს ყიდდა (ან ყიდდა, ან ცვლიდა, ან კიდევ, თავის მხრივ ყიდულობდა რამეს), მასაც და გევინ ბიძიასაც ადამიანები აინტერესებდნენ, გევინ ბიძიას თქმის არ იყოს, რადგან, ჩემთვის რომ გეკითხათ, უმთავრესად ის აინტერესებდათ, თავიანთი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ როგორმე. უკეთ რომ ვთქვათ, აქამდე იყო ამგვარად საქმე. რადგან უბრალო ცნობისმოყვარეობა აღარ ეთქმოდა ამ ამბავს. ახლა შიშმა შეიპყრო ორივენი.
სწორედ რეტლიფისგან შევიტყეთ პირველად სნოუპსის ამბავი. ან, უფრო სწორად, სნოუპსების. თუმცა არა, მართალს არ ვამბობ: 1864 წელს პოლკოვნიკ სარტორისის ცხენოსანთა ესკადრონშიც ირიცხებოდა თურმე ერთი სნოუპსი, იმ ესკადრონში, იანკების მეწინავე ხაზებზე თავდასხმა და მათთვის ცხენების წაგვრა რომ ევალებოდა. მაგრამ ერთ დღეს ის სნოუპსი კონფედერატებმა შეიპყრეს, რადგან მათი ცხენების წასხმაც დაუპირებია, და, ამბობენ, ჩამოახრჩვესო. ოღონდ არც ეს უნდა იყოს სიმართლე, რადგან (როგორც რეტლიფმა გევინ ბიძიას უთხრა) ამ ათიოდე წლის წინ ფლემი და ვიღაც