1
სამი საათი იქნებოდა დაწყებული, აქ რომ დასხდნენ და იქამდე აღარ ამდგარან, სანამ მზე არ მიიწურა. გალევაზე იყო სექტემბრის ხანგრძლივი, ჩუმი, ცხელი, დამღლელი და უსიცოცხლო დღე. მის კოულდფილდი კაბინეტს ეძახდა აქამდე ამ ოთახს, მამამისმა იცოდა ასე და იმიტომ; ორმოცდასამი ზაფხული იყო მაგრად დაკეტილი დარაბები ამ მქრქალი, ცხელი, სულის შემხუთავი სამყოფისა - ჯერ კიდევ გოგო იყო მაშინ, ვიღაცას რომ უთქვამს, სიცხე შემოაქვს სინათლესა და ჰაერის რხევას, სიბნელეში კი ყოველთვისააო სიგრილე - და ეს სიბნელე (სახლის ამ მხარეს თუ უფრო ძლიერ და ძლიერ მოაცხუნებდა მზე) მიეხაზ-მოეხაზა მტვრის აუარება ყვითელ ბუსუსს; კვენტინს ასე ეგონა, ქარს მოჰყვებაო მკვდარი, ძველისძველი და გამხმარი საღებავის ნატკეჩი. სარკმლის მიღმა ხის მოაჯირს დახვეოდა ამ ზაფხულს მეორედ აყვავებული გლიცინია, რომელსაც დროდადრო დააცხრებოდა ბეღურა ჩიტების გუნდი, შრიალით წამოშლიდნენ მტვერს და გაფრინდებოდნენ. მის კოულდფილდი, მუდამჟამს შავით შემოსილი ქალი, დასკუპებულიყო კვენტინის პირდაპირ. ორმოცდასამი წელიწადი აღარ იშორებდა შავებს, ზუსტად არავინ უწყოდა, ვის გლოვობდა - დას, მამასა თუ არაქმარს. წელგამართული იჯდა მაგარ მაღალ სკამზე, ფეხებით იატაკს ვერ სწვდებოდა ბავშვის მსგავსად, გაჭიმული, თითქოსდა რკინისაგან ჩამოსხმული მისი წვივ-კოჭი რაღაც უილაჯობასა და წარუვალ რისხვას გვამცნობდა. ენად გაკრეფილიყო და მის ხმას გაოცება, უღონობა და ურვა დასტყობოდა. თავგზა აებნეოდა და ყურთასმენა წაერთმეოდა მის მსმენელს და ქალის აწ უკვე დიდი ხნის ქანცგაწყვეტილი და ჯერაც დაუცხრომელი საგანი მღელვარებისა გამომზეურებულიყო ამ გააფთრებული თხრობით და მშვიდს, დაუდევარსა და უვნებელს სიზმარეული ზარ-ზეიმით მოეცილებინა მტვერი და მიწა.
სულ აღარ ჩუმდებოდა, მხოლოდ ხანდახან იკარგებოდა ხმა. საღამოს ჟამის ბინდს შერთოდა კუბოთა ხის სუნი, სევდის მომგვრელად რომ დაეტკბო და ჩაეტკბო სექტემბრის ზანტი და დაუნდობელი მზის ქვეშ გარეთა კედელზე მეორედ გაფურჩქნილ გლიცინიას. სულ უფრო და უფრო მძაფრს ხდიდა ამ სურნელებას ჯერ მისი სხივები, მერე კი, თითქოსდა უქმად მყოფ ბიჭს წკეპლა გაექნიოსო, ბეღურების ჩუმი ფრთხიალი გაისმოდა და დგებოდა უსიამოვნო სუნი ქალის დაბერებული სხეულისა, დიდხანს მცველად რომ ედგა თავის სიქალწულეს. ჯვარცმული ბალღი გეგონებოდათ უსაშველოდ მაღალ სკამზე მჯდომარე, ყელსა და მაჯებზე სამკუთხად შემოვლებული, გახუნებული მაქმანების ზემოთ გამოღალული სახე ჩანდა მისი. გაუთავებლივ ლაპარაკობდა, ესაა, ხანდახან იკარგებოდა ხმა და მერე კარგა ხნის შემდგომ კვლავ ახმიანდებოდა იმ მომდინარე წყლისა თუ ნაკადულის მსგავსად, ერთი ქვიშის გროვიდან მეორემდე რომ მიჩქაფუნობს, და ამ დროს აჩრდილი გულისმომწყვლელი მორჩილებით ასე ფიქრობდა, ამ ხმის დაუფლება შევძელი მე, სხვა კი, ბედიანი ვინმე, მთელ სახლსაც დაეპატრონებოდაო. უჩუმარი მეხთატეხით მოვლენილი იგი (კაცი-ცხენი-ეშმა) ჩამოჭრილიყო სცენაზე, ისეთი მშვიდობიანი და ყოვლად წესიერი, ვითარცა აკვარელი, გამოტანილი სასკოლო გამოფენაზე. ხროვა ჩანდა ველური ზანგებისა მის უკან, დამსგავსებული იმ ნადირთ, რომლებსაც ძლივსღა ესწავლათ ადამიანურად ფეხზე სიარული და ახლაც აქ დამდგარიყვნენ, თავი ერთად მოეყარათ, შუაში კი ბორკილდადებული ფრანგი არქიტექტორი ჩაეყენებინათ, კაცი პირქუში, ძალაწართმეული, ჩამოძენძილი. ხელისგული გამოეწვდინა აქ მოხვეტილი ველური ზანგებისა და დატყვევებული არქიტექტორის წინ მდგომ გარინდებულ წვეროსან მხედარს. მშვიდობიანი დაპყრობის პარადოქსულად უსისხლო იარაღი - ნიჩბები, წერაქვები და ნაჯახები ეკავათ ზანგებს. მერე კი ხანგრძლივად გაუკვირვებელმა კვენტინმა თითქოსდა ასე იხილა, როგორ უეცრივ შეიჭრნენ ისინი ასი კვადრატული მილის გაყუჩებულ, შეძრწუნებულ მიწაზე და გარინდებულ არარას გააფთრებით წარსტაცეს სახლი ბაღითურთ და, როგორც კარტი მაგიდაზე, წინ გაუშალეს მეფურად შეუძვრელ ხელისგულს, და იქმნა სატპენის ასეული, იყავნ სატპენის ასეული, ვითარცა ადამის ჟამს - იყავნ ნათელი. შემდგომ ამისა, შეეგუა მისი სმენა და თითქოს ახლა უკვე ორ სხვადასხვა კვენტინს უსმენდა - რომელთაგან ერთი ის კვენტინ კომპსონი გახლდათ, ვინც სამხრეთში ჰარვარდს წასასვლელად ემზადებოდა, იმ შორეულ სამხრეთს უნდა სწვეოდა, მკვდარი რომ იყო 1865 წლიდან, ენაბრტყელი, ბორგნეული და თავგზააბნეული აჩრდილებით დასახლებული. იგი უსმენდა, აბა, რა ექნა, უსმენდა ამ აჩრდილთაგან ერთს, ვინც სხვებივით აქამდე ვერ დამცხრალიყო და მოუთხრობდა მას ძველ, აწ უკვე აჩრდილად მოქცეულ დროებაზე; და მეორე კვენტინ კომპსონს, სრულიად ყმაწვილ კაცს, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაემსახურებინა პატივი აჩრდილად ქცევისა, თუმცა კი საბოლოოდ მაინც ეს იყო მისი ხვედრი, რადგან ისიც შორეულ სამხრეთში დაბადებულიყო და აღზრდილიყო ამ ქალივით; ჰოდა, ახლა, არაკაცთა ხანგრძლივ მდუმარებაში, ეს ორი სხვადასხვა კვენტინი უსიტყვოდ დაახლოებით ასე ეძრახოდა ერთმანეთს: მგონია, ეს იყო ეშმა - მისი სახელია სატპენი - (პოლკოვნიკი სატპენი) - პოლკოვნიკი სატპენი. ვინც არარაიდან მეყსეულად გამოტყვრა ამ მიწაზე, მოიყვანა ზანგების ხროვა და პლანტაცია