როცა ღამდება
I
ახლა ჯეფერსონში ორშაბათი კვირის სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება. ქუჩებში ქვაფენილია დაგებული, ტელეფონისა და ელექტრონის კომპანიები სულ უფრო მეტად კაფავენ ჩრდილოვან ხეებს - მუხებს, აკაციებს, ნეკერჩხლებს, თელებს, რათა მათ ადგილზე რკინის ბოძები აღმართონ და ზედ გაუშვან დაჩიავებული ვენახის ლერწები: ჩვენ სამრეცხაოც გვაქვს ქალაქში. ორშაბათობით დილაადრიან ფერადი ავტომობილები ჩამოუვლიან ქალაქს და მთელი კვირის ჭუჭყიან თეთრეულს შეაგროვებენ. გზაზე აჩრდილებივით ჩაიქროლებენ, ისმის საყვირების ჭყვიტინი, საბურავები ისე შიშინებს, თითქოს აბრეშუმის ქსოვილი გაფხრიწესო. ახლა ზანგ დედაკაცებსაც კი, ძველი ჩვეულებისამებრ დღესაც რომ რეცხავენ თეთრკანიანთა თეთრეულს, ავტომობილებით მიაქვთ სარეცხი პატრონებთან.
მაგრამ თხუთმეტი წლის წინ, ყოველ ორშაბათ დილას, წყნარი, მტვრიანი დაჩრდილული ქუჩები სავსე იყო ხოლმე ზანგი ქალებით; მათ ღონიერ თავზე ედოთ ბამბის უზარმაზარი ქორედების მსგავსად ზეწარში გამოხვეული სარეცხის ფუთები და თეთრკანიანთა სახლების სამზარეულოებიდან ზანგების უბანში თავიანთ ქოხმახებთან ახლომდებარე გაშავებულ სარეცხის ქვაბამდე ისე მიჰქონდათ ეს ფუთები, რომ ხელსაც არ აშველებდნენ.
ნენსი კინკრიხოზე თეთრეულის ფუთას შემოიდებდა ხოლმე. ფუთაზე კი შავი ჭილის ქუდს დაიკოსებდა. რასაც ზამთარ-ზაფხულ არ იცილებდა თავიდან. ნენსი მაღალი ქალი იყო. მოგრძო და ნაღვლიანი სახე ჰქონდა; იქ, სადაც კბილები აკლდა, ღაწვები ოდნავ ჩავარდნოდა.
ზოგჯერ მინდვრამდე მივაცილებდით და იქიდან გავყურებდით, როგორ მოხერხებულად მიჰქონდა ფუთა; ქუდი ფუთაზე მაშინაც კი არ ირხეოდა, როცა თხრილზე უხდებოდა გადასვლა, ანდა ღობეში ძვრებოდა. თავაწეული გაფორთხდებოდა ხოლმე გარღვეულ ღობეში, ფუთა კი მაგრად ედო კინკრიხოზე და თითქოს მასთან ერთად მიცურავდა საჰაერო ბურთივით; მერე ნენსი წამოდგებოდა და გზას განაგრძობდა.
ზოგჯერ თეთრეულის წასაღებად მრეცხავი ქალების ქმრებიც მოდიოდნენ, მაგრამ ჯუბა ნენსის არასოდეს ეხმარებოდა. ასე იყო მანამდეც, ვიდრე მამა აუკრძალავდა ჯუბას ჩვენთან მოსვლას, თვით მაშინაც კი, როცა დილსი, ჩვენი მზარეული, ავად გახდა და ნენსი მის მაგიერ გვიმზადებდა საჭმელს.
თითქმის ყოველ დილით გვიხდებოდა ნენსის სახლში მირბენა და დაძახება, რომ ჩქარა მოსულიყო საუზმის მოსამზადებლად. ჩვენ თხრილთან ვჩერდებოდით, რადგან მამა ჯუბასთან დალაპარაკებას გვიკრძალავდა. ჯუბა ტანდაბალი ზანგი იყო, სახეზე სამართებლით მიყენებული ჭრილობის კვალი აჩნდა. ჩვენ ქვებს ვესროდით ნენსის სახლს მანამ, სანამ ის ბოლოს და ბოლოს დედიშობილა არ მოადგებოდა კარს.
- რა გინდათ, ქვებს რატომ ისვრით?! - გვიყვიროდა ნენსი. - რა გინდათ, თქვე ეშმაკუნებო?
- მამამ გვითხრა, ნენსი ჩქარა მოვიდეს, საუზმე მოგვიმზადოსო, - გასძახებდა ქედი. - საუზმე ისედაც ნახევარი საათით დაგვიგვიანდა, ახლავე მოდიო.
- ვითომ, დიდი საქმეა თქვენი საუზმე, - ამბობდა ნენსი.
- შენ, ალბათ, მთვრალი ხარ, - უთხრა ჯეისონმა. - მამამ თქვა, ნენსი მთვრალიაო. მართლა მთვრალი ხარ, ნენსი?
- ვინ მოიგონა ეს? - თქვა ნენსიმ. - ძილს არ მაცლით! ვითომ დიდი საქმეა თქვენი საუზმე!
ჩვენ კიდევ ერთი-ორჯერ ვესროდით ქვას ნენსის სახლს და შინ ვბრუნდებოდით. ბოლოს, როცა ნენსი ჩვენთან მოვიდოდა, სკოლაში უკვე დაგვიანებული ვიყავი. ვფიქრობდით, ყველაფერი ვისკის ბრალიაო. იმ დღეს, როდესაც ნენსი კვლავ დააპატიმრეს და ციხეში მიჰყავდათ, გზაში მისტერ სტოველი შემოხვდათ. სტოველი იყო ბანკის მოლარე და დიაკონი ბაპტისტების ეკლესიაში. ნენსიმ დანახვისთანავე უსაყვედურა:
- როდის უნდა გადამიხადოთ ფული, თეთრო კაცო? როდის უნდა გადამიხადოთ, ბატონო ჩემო? ჩემთან სამჯერ იყავით და დღემდე ცენტიც არ მოგიციათ...
მისტერ სტოველმა ისე გაარტყა, რომ ნენსი წაიქცა, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა:
- როდის გადამიხდით, მისტერ? ჩემთან სამჯერ იყავით, აქამდე კი...
- ახლა მისტერ სტოველმა ქუსლი ჩაარტყა სახეში; პოლიციის უფროსმა სტოველი იქით გაათრია, ხოლო ნენსი ისევ მიწაზე ეგდო და იცინოდა. თავი მოაბრუნა, სისხლთან ერთად კბილებიც გადმოაფურთხა და თქვა:
- გაგიგონიათ, ხალხო, სამჯერ იყო ჩემთან და ცენტიც არ მოუცია.
აი, ასე დაკარგა ნენსიმ კბილები. იმ დღეს ყველგან სულ ნენსისა და მისტერ სტოველზე ლაპარაკობდნენ. ხოლო ღამით, ვინც კი ციხის ახლოს გაიარა, ესმოდა, როგორ მღეროდა და გაჰყვიროდა ნენსი. ფანჯარაში მოჩანდა მისი ხელები, გისოსებისთვის რომ ჩაეჭიდა. ღობესთან თავი მოეყარა ბრბოს. იდგნენ და ისმენდნენ ნენსის ყვირილს, ზედამხედველი კი ხმას აკმენდინებდა, მაგრამ ამაოდ. მთელი ღამე კიოდა, ხოლო განთიადისას ზედამხედველმა გაიგონა, რომ ზემოთ ვიღაც აბრახუნებდა და ფხაჭნიდა კედელს. ზედამხედველი ავიდა მაღლა და დაინახა, ნენსი ფანჯრის გისოსზე ეკიდა. მერე მან თქვა: ეს ვისკის კი არა, სულ კოკაინის ბრალიაო. არც ერთი ზანგი თავს არ მოიკლავს, თუ კოკაინი არ დალია, ხოლო, როცა კოკაინით გაილეშება, ზანგს აღარც ჰგავსო.
ზედამხედველმა ნენსი გისოსებიდან ჩამოხსნა და გრძნობაზე მოიყვანა, მერე