თავი პირველი
მინკი; ვ. კ. რეტლიფი
ნაფიცმა მსაჯულებმა თქვეს: „დამნაშავეა“, მოსამართლემ განაცხადა: „სამუდამო პატიმრობა“, მაგრამ მას არაფერი გაუგონია. არც უსმენდა. კაცმა რომ თქვას, პირველივე დღიდან ასე იყო, როდესაც მოსამართლემ ხის ჩაქუჩი დაჰკრა შემაღლებულ ადგილას მდგარ მაგიდას და მანამ არ გაჩერდა, სანამ მან, მინკმა, მზერა არ მოაშორა სასამართლო დარბაზის შორეულ კარს, რათა, ბოლოს და ბოლოს, გაეგო, რა უნდოდა მისგან ამ ადამიანს, ის კი, მოსამართლე, წინ გადმოიხარა და შესძახა: „სნოუპს! თქვენ მოკალით ზაკ (ტრილოგიის პირველ ორ რომანში - ჯეკ ჰიუსტონი (რედ.)) ჰიუსტონი თუ არა?“ მან კი, მინკმა, მიუგო: „ნუ მაწუხებთ. ვერ ხედავთ, რომ არ მცალია?“ შემდეგ თავი კვლავ დარბაზის ბოლოში მდებარე კარისკენ მიაბრუნა და თვითონაც შეჰღრიალა მის წინ ფერმკრთალი სახეებისგან აღმართულ კედელს: „სნოუპსი! ფლემ სნოუპსი! ვინმე წავიდეს და აქ ფლემ სნოუპსი მოიყვანოს! გადაგიხდით - ფლემ სნოუპსი გადაგიხდით!“
ასე რომ, მოსმენის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. ფაქტობრივად, პირველივე ჯერზე, როდესაც საკნიდან სასამართლოს დარბაზში ხელბორკილდადებული წამოიყვანეს, ეს სისულელე, აღმაშფოთებელი სისულელე იყო, უაზრო ჩარევა და ზედმეტი დაბრკოლება, და სასამართლოში ბადრაგის თანხლებით ყოველი მსვლელობა მხოლოდ ხელს უშლიდა საქმის, მისი საქმის, ასევე ამ წყეული მოსამართლეების საქმის სწორად გადაწყვეტას. თუ ასე გაჭიანურებას აპირებდნენ, ჯობდა, მარტო დაეტოვებინათ: დაპატიმრებასა და სასამართლოს შორის ამ გრძელი თვეების განმავლობაში მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდებოდა - ქუჩაში გამავალ ციხის ფანჯარაზე გაკრულ ჟანგიან გისოსებზე ხელების ჩაჭიდება, ლოდინი და ყურება.
როგორც კი რკინის ცხაურის მიღმა აღმოჩნდა, მაშინვე გული დასწყდა საკუთარი მოუთმენლობისა და - ამას კარგად აცნობიერებდა - სულელური საქციელის გამო. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იმ მომენტის დადგომამდე, სანამ იარაღს შემართავდა და გაისროდა, იცოდა, რომ მისი ბიძაშვილი ფლემი (მათი ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელსაც შესაძლებლობაც ჰქონდა და საფუძველიც, - ყოველ შემთხვევაში, ამგვარ ქმედებას მხოლოდ მისგან თუ ელოდა, - იგი უსიამოვნებისგან გამოეხსნა) წავიდა და ვერაფერს გააკეთებდა. ისიც კი იცოდა, რატომ არ იქნებოდა ფლემი, სულ ცოტა, ერთი წელი: ფრენჩმენსბენდი ( ტრილოგიის პირველი ორი რომანის თარგმანში - ფრანგისხევი (რედ.)) პატარა დასახლება იყო და აქ ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, ისიც კი, თუ რატომ გაემგზავრა იგი ტეხასში, თუნდაც უორნერის ქალიშვილის გამო ამდენი ხმაური და წივილ-კივილი არ აეტეხათ მას შემდეგ, რაც თვითონ (ან იქნებ სხვამ) აღნიშნა, რომ პირველი ღინღლი ამოუვიდა, გასულ გაზაფხულსა და ზაფხულზე რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც მაკკერონების თავაწყვეტილი ყმაწვილი სულ მის გარშემო ტრიალებდა და განუწყვეტლივ ჩხუბობდა - სწორედ ასე იქცევა ძაღლების ხროვა ამძუვნების პერიოდში.
ასე რომ, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ ფლემი მას ცოლად მოიყვანდა, მან, მინკმა, და ყველამ, ბენდიდან ათი მილის რადიუსში, უკვე იცოდა, რომ ბებერ უილ (ავტორი სახელის - უილიამ - ორივე შემოკლებულ ვარიანტს - “ბილ” და “უილ” იყენებს (რედ.)) უორნერს ქალიშვილი სასწრაფოდ უნდა გაეთხოვებინა, სულერთია ვისზე, თუ არ უნდოდა, რომ გაზაფხულზე ეზოში ნაბიჭვარი ეხილა. როდესაც მასზე, საბოლოოდ, ფლემმა იქორწინა, ამას იგი სულაც არ გაუოცებია - ფლემს ხომ ყოველთვის უმართლებდა. კარგი, კარგი, არა მხოლოდ უმართლებდა: ფლემი ერთადერთი იყო, ვინც თავს არავის დააჩაგვრინებდა და არც უილ უორნერს დაუდებდა ტოლს. მას ისედაც თითქმის გამოძევებული ჰყავდა მაღაზიიდან ჯოდი, ბებერი უილის ვაჟიშვილი, ახლა კი, მას შემდეგ, რაც სიძე გახდა, მთლიანად სურდა მისი ხელში ჩაგდება. დიახ, ფლემი დაქორწინდა, თანაც დროულად - უორნერის ოჯახი შერცხვენისგან იხსნა და კანონიერი ქმარიც გახდა იმ ქალიშვილისა, რომელიც თხუთმეტი წლის ასაკიდან მხოლოდ თავისი სიარულითა და მიხრა-მოხრითაც კი ჭკუაზე შლიდა ნებისმიერ, თუნდაც ოთხმოც წელს მიტანებულ მამაკაცს. თავგანწირვამ ფლემს გვარიანი სარგებელი მოუტანა: მან არა მხოლოდ ამ ქალისთვის კაბის ქვეშ საკუთარ გემოზე ხელის ფათურის კანონიერი უფლება მიიღო, - კაცს ამის წარმოდგენაც კი გააგიჟებდა, - არამედ ბებერი ფრენჩმენსბენდის მთელი მამულიც უფასოდ ერგო.
ამგვარად, მინკმა იცოდა, რომ ფლემი მისთვის საჭირო დროს არ მოვიდოდა, რადგან კარგად უწყოდა, იგი ახალგაზრდა ცოლთან ერთად დასახლებიდან შორს მანამდე უნდა ყოფილიყო, სანამ იმ არსების შესახებ, მათ რომ უნდა შესძენოდათ, გაბედულად არ იტყოდნენ, ერთი თვე შეუსრულდაო და ამაზე არავის გაეცინებოდა. მაგრამ როდესაც ბოლოს მოვიდა ის წუთი, ის წამი, და მას უკვე არაფრით შეეძლო, არ დაემიზნებინა და სასხლეტისთვის თითი არ გამოეკრა, ეს გადაავიწყდა. თუმცა ტყუილია. არაფერი დავიწყებია. უბრალოდ, ლოდინი ყელში ამოუვიდა. ჰიუსტონმა მას დალოდების შესაძლებლობა