1. მამა ანდრია
აფხაზეთი, სოფელი კომანი. 1993 წლის 6 ივლისი.
ეზოში მდგარი სენაკის კარი ღიაა. გულამოვარდნილი, ზღურბლთან ვყოვნდები. შევდივარ. კედელზე მიჭედებული ლურსმნებიდან მღვდლის შესამოსელს ვხსნი. ჯერ საზაფხულო, შემდეგ საზამთრო კაბას, ბოლოს ანაფორას ვიცვამ. შავ ხილაბანდს ვიძრობ. თმა წელამდე მცემს. ხშირ, წაბლისფერ ტევრს თანაბარი სისქის სამ კონად ვყოფ. კონები სრიალით ერწყმის ერთმანეთს და ნაწნავის პაწაწინა ბორცვებს ქმნის. ორფა ნაწნავს კეფის გარშემო მჭიდროდ ვიგრაგნი. თავსაფარს შუბლზე წავიკრავ, საფეთქლებთან შევიკეცავ, ორივე ბოლოს ღაწვებზე ჩამოვატარებ, ნიკაპქვეშ შემოვიჭერ და კისერზე გამოვინასკვავ. ხელები მარჯვედ, სხარტად მოძრაობს. გაწაფულ მტევნებს შორის მოქცეული მტკიცე ქსოვილი შავ ჩარჩოდ ეკვრის სახის თეთრ ოვალს. მხოლოდ თვალები, ცხვირი და პირი მიჩანს. ნამდვილი მონაზონი ვარ.
თაროდან წმინდა ნიკოლოზის ხატსა და სახარებას ვიღებ. გასასვლელისკენ მივიწევ. ზაფხულის ხვატში კოჭამდე დაშვებული სამმაგი შესამოსელი მამძიმებს, მაგრამ სიცხეს და შეხუთულობას ვერ ვგრძნობ. მოთოკილი კანკალი ციებასავით მივლის ძარღვებში. თანდათან ვკარგავ ფერს. შავ ჩარჩოშემოვლებული თვალებიც, ალბათ, ჩვეულებრივზე მქრქალი ცისფერია.
ტაძარში ვბრუნდები.
აღსავლის კართან დასვენებული ცხედრის წინ ჩაჩოქილი დედა ხმადაბლა ლოცულობს. მიცვალებულს სახეზე მშვიდი, ნათელი ღიმილი აფენია. წმინდა, გამჭვირვალე კანი, წეღან ნაკურთხი ზეთი რომ წავუსვით, უცნაურ შუქს ასხივებს. ხელში სკვნილი უჭირავს. კეფა სისხლიანი აქვს. წითლად არის შეღებილი უსულო სხეულს გადაფარებული ლაჟვარდისფერი აბრეშუმის ქსოვილიც – ღვთისმსახურებისას არაერთხელ გამოყენებული მაცხოვრის სუდარა, მარმარილოს ფილებმოგებული იატაკიც.
დედის გვერდით ვიჩოქებ. ვლოცულობ. შიშის კანკალი უკვალოდ ქრება და მის ადგილს ამაღლებული განწყობილება იკავებს. ვმშვიდდები. სულში ჩუმი სითბო მეღვრება.
საოცარია: ივლისის პაპანაქებამ მიცვალებულს ვერაფერი დააკლო. სხეული არ იხრწნება, ცვილის ფიგურას დაემსგავსა. სისხლი არ დედდება, უწყვეტ, ნედლ ნაკადად მოედინება პირმოუკრავი ჭრილობიდან. თუმცა კი რამდენიმე ნაბიჯს იქით, გალავანსგაღმა, ღია ცის ქვეშ დაყრილ გვამებს უკვე ულმობლად მისდგომია თაკარა, გავარვარებული მზე. ჰაერში დამწვარი ლეშის, ხრწნის გულისშემაღონებელი სუნი ტრიალებს, რომელიც ქვის ტაძრის მასიურ კედლებს შორის დაუბრკოლებლად ატანს და ძრწოლით გვავსებს. ვგრძნობ, როგორ ფიტავს, შლის და ჭამს ცოტა ხნის წინათ სიცოცხლით მფეთქავ უჯრედებს დამღუპველი შხამი. როგორ ჟღინთავს და თანაბარზომიერი სისწრაფით იპყრობს სივრცეს ლპობაშეპარული ხორცის მოტკბო სიმწკლარტე. მხოლოდ ტაძრის მთავარი დარბაზის ხელისდადება ადგილი, ძვირფასი ხისგან გამოთლილ, მოჩუქურთმებულ კიოტებში ჩასმულ
ხატებთან დასვენებული მიცვალებული გადარჩენია კვდომის გამანადგურებელ ძალას. გარშემო ყველაფერი ინგრევა, ბნელში იძირება. უცნაური სხივით განათებული აღსავლის კარი კი, სადაც საკმევლის, ნაკურთხი ზეთის მსუბუქი სურნელი ტრიალებს, უვნებელი რჩება.
აი, რა მიხსნის – ღვთიური მადლი, რომელმაც უნდა მომიცვას, სიწმინდე, რომელიც მთელი არსებით უნდა შევიგრძნო.
წითლად მორწყულ იატაკზე თავფეხიანად ჩამხობილი ცხედრისკენ ვიხრები. გულსაკიდ ჯვარს, ღვთისმშობლის ხატსა და მედალიონს კეფიდან გამოჟონილ სისხლში ვავლებ. მუქშვინდისფრად გაჟღენთილ სუდარას მკერდში ვიკრავ. გასისხლიანებულ ხელებს ლოცვა-ვედრების შეუწყვეტლად, წყნარი, მონოტონური დუდუნით ვისვამ ლოყებზე, საფეთქლებიდან ნიკაპისკენ. თითებგაშლილი მტევნების ბლანტი, წებოვანი ნაკვალევი სახეს არათანაბარ ზოლებად აჩნდება.
ფეხზე გაცილებით ძლიერი ვდგები, ვიდრე მუხლის მოყრამდე ვიყავი: თითქოს უფრო ამაღლებული, არაამქვეყნიურ, ზღვარგადასულ მდგომარეობას ნაზიარები, ხელახლა დაბადებული, ოცდაშვიდი წლის ჩვეულებრივი კომანელი გოგო, მანანა ანუა კი არა, განსაკუთრებული მისიის მქონე ღვთისმოსავი...
* * *
მამა ანდრია თებერვლის დამლევს, აღდგომის მარხვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოჩნდა სოფელში. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე დანიელის მიერ კომანის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნულს, მორჩილ გაბრიელთან ერთად დაეტოვებინა სხალთის მონასტერი, სოხუმს ჩასულიყო და ქალაქიდან თოთხმეტი კილომეტრით დაშორებული გუმისთისპირა, მაღალმთიანი სოფლისკენ მეუფის ლოცვა-კურთხევის მიღებისთანავე აეღო გეზი.
როგორც კი გავერანებული ქუჩები სწრაფი, უხმაურო ნაბიჯებით გადაკვეთეს და სახლების მდუმარე რიგს გასცდნენ, ჯერ გაივაკეს – ძნელად სავალი გზა ხეობაში ჩასაფრებული სნაიპერების სამიზნეზე, ნახევარწრედ მორკალული გუმისთის დინების გასწვრივ გაიჭიმა, მერე არანაკლებ სახიფათო ტყიან ფერდობებს აუყვნენ.
ირგვლივ ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. ჩქამი არ ისმოდა, რის გამოც დროდადრო დაბერილი ქარისგან ჩამოტეხილი ტოტების ლაწანი, ხეებიდან თოვლის ჩამონამქვრის ხმა, ბუნების უწყინარი სუნთქვა განსაკუთრებულად მრავლისმთქმელი, ამაფორიაქებელი ჩანდა. ალბათ, იმიტომ, რომ ზოგჯერ წინასწარმეტყველების შემცველი სიმბოლური ნიშნების ზემოქმედების ძალა რეალური თვალსაჩინოების უტყუარობას სწორედ საკუთარი იდუმალებით აჭარბებს. რეალური თვალსაჩინოება – ვთქვათ, მიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი ბელტებისა და გორახების გაყინული ბორცვები პირდაღებული ნაპრალების, ძაბრისებური ვეება ორმოების გვერდით – მხოლოდ ხაზგასმულად ადასტურებს სიმბოლოებით მინიშნებული მოვლენების გარდაუვალობას, შესაძლებლობას.
თოვა დაიწყო. მორჩილ გაბრიელს მუჭებში მოქცეული, მაგრად ჩაბღუჯული კაბის კალთები კოჭებს ზემოთ აეკრიფა და დაძაბული მიბორძიკობდა საარტილერიო თავდასხმებისგან გადათხრილ, ატალახებულ გზაზე. უგუნებოდ იყო. გული