1. ბოშასავით უნდა ჩაიცვა. ჰო, ბოშასავით, რადგან ბინადარ ცხოვრებაზე ხელი აიღე, მუდმივ სამოსახლოებს ვერ ეგუები, მომთაბარეობ – უკეთესი ბედის საძიებლად. გგონია, თუ შეჩერდები, დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს. ალბათ, გახსოვს თავისუფლებისმოყვარე, ლაღი, უზრუნველი ტომების სიცოცხლის ფორმულა: იხეტიალე, სანამ სული გიდგას, რომ სამყარომ იარსებოს, სანამ დაეხეტები.
წადი!
ოღონდ ნუ დაივიწყებ:
არავითარი სარტყელი, ღვედი, ქამარი, თასმა, ზედმეტი დუგმა და ღილი. არავითარი ვიწრო კალთა, მაღალი ქუსლი, სარჭი შუბლიდან თხემისკენ გადატკეცილ და კეფაზე ძუასავით გამოკრულ თმაში. რა საჭიროა ნაწნავები და დალალ-კავები? ჯობს, ყურის ძირთან შეიკორტნო. თმის ბღუჯა – სანაგვეზე. უსარგებლო ჭინჭების გროვა – ფოჩიანი შარფები, მაქმანიანი კოფთები, კოპწია „ფრანცუზკები“ – კარადის ბნელ, შორეულ კუნჭულებში. გჭირდება: სადა, ფრიალა, ბოლოგანიერი კაბა, უამრავი დიდ-პატარა ჯიბით, წინა და უკანა კალთებზე, გულისპირზე – ფულის, საბუთების შესანახად. კიდევ? უქუსლო ფეხსაცმელი; ჩანთები: ტყავის, გრძელყურიანი, ფოსტალიონივით ჯვარედინად გადაკიდებული; ტილოსი, მსუბუქი და ტევადი; ჩვილის ეტლისაგან შეკოწიწებული და ხან ტვირთის, ხანაც ბავშვებისთვის განკუთვნილი გორგოლაჭებიანი საზიდარი – ბორბლები, ზედ გაფენილი ბადე, ბადის ჩარჩოზე დამაგრებული ალუმინის სახელური.
თვითონ შევიკერე კაბაც და ტილოს ჩანთაც. თვითონ ავაწყვე საზიდარიც. ხელსაქმე მიყვარს. ძველი ნივთების გადაკეთება-გაახლება, ტანსაცმლის დიზაინის მოფიქრება მეხერხება. გახსოვს? ქორწილის წინა დღეს, საპატარძლო ჩაცმულობასა და მოსართავ-აქსესუარებზე რომ მიდგა საქმე, თეთრი და ღია იასამნისფერი აბრეშუმის უნაზესი ქსოვილი შევარჩიე. თეთრი აბრეშუმის შიდა ფენა კოჭამდე დაშვებული სარჩულისთვის გამოვიყენე, იასამნისფერი – თეძოსთან დიდი ბაფთით დამშვენებული მოკლე მოსასხამის შესაკერად...
ქორწილის ამბავს სევდიანად ყვები. იცი, საკუთარი ხელით შექმნილი თეთრ-მოიისფრო ჰაეროვნება, ქსოვილის მოლივლივე, გამჭვირვალე ტალღა უკან უნდა მოიტოვო.
ტოვებ. თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები მიგაქვს, რომ ზედმეტმა ბარგმა არ დაგამძიმოს, წვრილქუსლა, მჭიდროკალაპოტიანი ფეხსაცმლის ყალიბმა, სილუეტზე მომდგარი, მოუხერხებელი ტანსაცმლის სალტეებმა მოძრაობა არ შეგიზღუდოს, არ შეგბოჭოს.
ახლა ნებისმიერ წვრილმანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უნდა ეცადო, რამდენადაც უტრანსპორტობა, საგუშაგოებზე დაწესებული შემოწმების პროცედურა, საგანგებო სამხედრო რეჟიმი საშუალებას მოგცემს, სწრაფად, შეუფერხებლად იმოძრაო. არსად შეჩერდე. ხელისშემშლელი გარემოებები, სავარაუდო დაბრკოლება, საფრთხე თუ ამინდის ჭირვეულობა წინასწარ გაითვალისწინო. საბუთს ან მგზავრობის საფასურს მოგთხოვენ? – ცხრამაგად გამოფსკვნილ ბოხჩებში კი არ დაიწყო ქექვა, პასპორტი, ბავშვების დაბადების მოწმობები, ფული ხელთ უნდა გქონდეს. ავტობუსი დაიგვიანებს ან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწევს – ხალხით გაძეძგილს, საბურავი გაუსკდება, საწვავი გამოელევა, ძრავა უმტყუნებს? – გზას ფეხით უნდა დაადგე... და მერე როგორ გზას? დანგრეულს, ასფალტაყრილს. თითქოს წისქვილის დოლაბები ან რკინის სახნისი გადაატარეს.
რას ვიზამთ! ომია.
ჰოდა, არსებობს სადმე ფრონტისპირა სოფლის თემშარა, გინდაც საქალაქო მაგისტრალი, ტანკების მუხლუხოების სიმძიმეს, რკინისჯავშნიანი სამხედრო მანქანების რბოლას რომ გაუძლებს?
თანაც: ჭეშმარიტი მამულიშვილობის ხაზგასმა თუ გინდა, საკუთარ მოქალაქეებს ცხოვრება წამებად უნდა უქციო და თავბედი აწყევლინო. გზები ჩაუკეტო, ტრანსპორტის სახსენებელი გაუწყვიტო, დაუდგრომელ ხალხს შინ გამომწყვდევა აიძულო, რომ თვალებში უშნოდ არ შეგეჩხიროს, უმისამართოდ გასროლილი ტყვიის სამიზნე, აქეთ-იქით მონავარდე ჯარისკაცების ლუკმა და წერა არ გახდეს.
– ომია-მეთქი. რას დაბოდიალობთ! დაეგდეთ, დაეყარენით ერთ ადგილას და ნუ გვეტორღიალებით ცხვირწინ, ნუ გვებლანდებით ფეხებში!
ვიცი, ბედისწერას ვიწვევ და ცეცხლს ვეთამაშები, მაგრამ მუქარანარევ გაფრთხილებას, გესლიან რჩევას ყურად ვერ ვიღებ. არ მინდა, მოკვეთილის, უარყოფილის, გამიჯნულის დამღა მედოს. კეთროვანივით შინ ვერ გამოვიკეტები. ჩაბნელებული ოთახიდან გარეთ საფრთხის აზარტიც მიბიძგებს და დარჩენა-წასვლას, ანუ ხვედრისადმი შეგუება-შეუგუებლობას, შორის არჩევანის გაკეთების, საკუთარი ცხოვრების მართვის თავისუფალი ნებაც...
აკრძალვის საპასუხოდ დაუმორჩილებლობის სურვილი უეცრად მწიფდება.
ჯერ კიდევ გუშინ გაცელქებულ შვილებს ჩურჩულით ტუქსავდი, რომ უხილავ საზღვრებს მიღმა მათ ანგელოზურ ხმებს არ გაეღწია:
– ჩუმად! ჩუმად!
დანაშაულზე წასწრებულივით პირზე ხელს იფა-რებდნენ, შეკავებული სიცილისაგან უხმოდ ბჟირდებოდნენ, ნერვიულ ყიჟინს ყელში გაჩხერილ ლუკმასავით ყლაპავდნენ, სახეაჭარხლებულები იგუდებოდნენ, ფხუკუნებდნენ:
– მართლა კი არ ვთამაშობთ და ვიცინით, დედა... ვითომ-ვითომ, ვითომ-ვითომ.
დღეს გადაწყვიტე: მორჩა, დამთავრდა, მეტად არასდროს, აღარასდროს ჩაუნერგავ შიშსა და შფოთს მხიარულებააღკვეთილ, ძალად დადინჯებულ ბავშვებს. ახლავე ადგები და მძიმედ დაშვებულ ფარდებს გადასწევ, სარკმლებს გამოხსნი, დღის შუქს შემოუშვებ, ჰაერს ჩაყლაპავ. მეტად არასდროს, აღარასდროს დაიმცირებ თავს. უარს იტყვი მალვის, გაუჩინარების, ფარდის ჭრილიდან ეზოსკენ თვალების ქურდულად ცეცების ჩვევაზე. კარს გააღებ და გარეთ გახვალ.
გარეთ კი...
აუჰ, რა დიდებული, ოქროსფერი შემოდგომაა. ყველაფერი გიზგიზებს, ბრწყინავს, საკუთარ გარსსა და ნაჭუჭში ვეღარ ეტევა, კანიდან, ქერქიდან ამოსხლტომას ლამობს, სასიცოცხლო წვენით, ცეცხლოვანი ძალმოსილებით იჟღინთება, მხურვალე ლავასავით დუღს და გადმოდუღს, ნაპირს სცილდება, სისავსის, სიმწიფის მწვერვალს აღწევს, რომ შემდეგ ჭკნობა და ლპობა