ბეჭდის საძმო -
ბეჭდების მბრძანებლის
წიგნი I (ნაწილი II) -
კარი II -
თავი პირველი -
შეხვედრები
ფროდოს საწოლში გაეღვიძა. თავიდან იფიქრა, გრძელი და უსიამოვნო სიზმრის მერე - ახლაც რომ გონებაში უტივტივებდა, - გვიანობამდე ჩამძინებიაო. ან იქნებ ავადმყოფობდა? თუმცა მაღალი ჭერი და უხვად მორთული დირეები არ ეცნო; კარგა ხანს მდუმარედ შესცქეროდა ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივების ლიცლიცს კედლებზე და ყურს უგდებდა ჩანჩქერის გრუხუნს.
- სადა ვარ და რა დროა, ნეტავ? - ხმამაღლა წარმოთქვა ჭერს მიშტერებულმა.
- ელრონდის სახლში, - მიიღო პასუხად, - ახლა კი დილის ათი საათია, ოცდაოთხი ოქტომბრის დილისა, თუ უფრო ზუსტად გინდა, იცოდე.
- განდალფ! - ყვირილით წამოიმართა ფროდო. ასეც იყო: გამოღებულ ფანჯარასთან მდგარ სავარძელში მოხუცი ჯადოსანი იჯდა.
- დიახ, - თქვა მან, - მე აქა ვარ, შენ კი ბედმა გაგიღიმა, რომ ასევე აქ იმყოფები მას მერე, რაც გზად უამრავი სისულელე ჩაიდინე.
ფროდო კვლავ წამოწვა. არანაირი სურვილი არ ჰქონდა შეკამათებისა და ოთახში გამეფებული სიმყუდროვის დარღვევისა. ახლა სავსებით გამოფხიზლებული იყო და ნელ-ნელა ახსენდებოდა ამასწინანდელი თავგადასავლები: ძველისძველი ტყით „გზის შემოკლება“, „უიღბლობა“ სერის ფუნდუკსა და ავდარწვეროს პატარა ღრეში ბეჭდის დაუფიქრებლად გაკეთება. სანამ ამ ყოველივეს იხსენებდა და თავს იმაზე იმტვრევდა, როგორ მოაღწია შუაველამდე, ოთახში ხანგრძლივი სიჩუმე იდგა. მხოლოდ განდალფი ეწეოდა ჩიბუხს და ფშვინვით უშვებდა თეთრი ბოლის რგოლებს ფანჯრიდან.
- სემი სად არის? - იკითხა ბოლოს ფროდომ, - სხვები ხომ კარგად არიან?
- დიახ, ყველანი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან, - მიუგო განდალფმა, - სემი აქ იყო, ნახევარი საათის წინ გავუშვი დასასვენებლად.
- რა მოხდა ფონთან? - თქვა ფროდომ, - ყველაფერი ისეთი ბუნდოვანი იყო, ახლაც კი არაფერი მაგონდება.
- იქნებოდა, მაშ, არა, შენ ხომ უკვე ქრებოდი, - უპასუხა განდალფმა, - რამდენიმე საათიც და, ჭრილობა ბოლოს მოგიღებდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გამოდექი, ჩემო ძვირფასო ჰობიტო! ყორღანში თავი კარგად გამოიჩინე. სულ ცოტაც და, ყველაფერი დასრულდებოდა: ალბათ, ეს ყველაზე სახიფათო ფათერაკი იყო, რასაც გზად გადაეყარე. ნეტავ, ავდარწვეროზეც გამოგეჩინა ეგეთი სიმტკიცე!
- ვხედავ, უკვე ბევრი რამ გაგირკვევია ჩვენს მოგზაურობაზე, - გაიკვირვა ფროდომ, - მაგრამ ყორღანის შემთხვევაზე რომ არავისთვის მიამბია - თავიდან გახსენებაც კი მზარავდა, მერე კი იმდენი რამ მოხდა, მოსაყოლად არც მეცალა - და შენ საიდანღა გაიგე?
- ძილში ბოდავდი, ფროდო, - მშვიდად მიუგო განდალფმა, - ამიტომ, სულაც არ გამძნელებია შენი აზრებისა და მოგონებების წაკითხვა. ნუ ღელავ! მართალია, ახლახან გითხარი, სისულელეები ჩაიდინე გზად-მეთქი, მაგრამ მთლად შენი ბრალიც არ არის. შენც და შენი მეგობრებიც ქების ღირსი ხართ. ბევრი ვერ მოახერხებდა ამ სიშორეზე წამოსვლას, ამდენი ფათერაკის გადალახვასა და ბეჭდის უვნებლად შუაველში მოტანას.
- რომ არა მაწანწალა, ალბათ, ვერც ჩვენ შევძლებდით, - აღნიშნა ფროდომ, - თუმცა შენ ნამდვილად გვაკლდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ხოლმე.
- შემაყოვნეს, - თქვა განდალფმა, - და კინაღამ მთელი გეგმები ჩაგვეფუშა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეფერხება შესაძლოა წაგვადგეს კიდეც.
- მაინც რა მოგივიდა, არ მეტყვი?
- ყველაფერს თავის დროზე შეიტყობ! ელრონდმა შენზე ბრძანა, საუბრებით ნუ დაღლითო! გიჯობს, დაისვენო.
- ჰო, მაგრამ, თუ არაფერს ამიხსნი, სულ მომხდარზე ფიქრსა და ტვინის ჭყლეტაში ვიქნები და მაინც ვერ მოვისვენებ, - არ მოეშვა ფროდო, - უკვე გამოვფხიზლდი და გონებაში უამრავი აზრი მიფუთფუთებს. ვინ შეგაყოვნა? სხვა თუ არაფერი, ეგ მაინც მითხარი.
- სულ მალე ყველა შეკითხვაზე პასუხს მიიღებ, - უთხრა განდალფმა, - მომჯობინდები თუ არა, ელრონდი მაშინვე კრებას მოიწვევს, ამწუთას კი მხოლოდ იმის აღიარება შემიძლია, რომ დატყვევებული ვიყავი.
- შენ? - გაოცებით წამოიყვირა ფროდომ.
- დიახ, მე, განდალფ რუხი, - დაღონებით მიუგო ჯადოსანმა, - სამყაროში უამრავი ბოროტი და კეთილი ძალაა. ზოგიერთი ჩემზე გაცილებით ძლიერია, ზოგიერთის წინააღმდეგ კი ჩემი ძალა ჯერ არ გამომიცდია. თუმცა ჩემი დრო დგება. მორგულის ხელმწიფე და მისი შავი მხედრები სააშკარაოზე გამოვიდნენ. დიდი ომები ახლოვდება!
- მაშ, შავ მხედრებზე მანამდეც იცოდი, სანამ მე შევხვდებოდი?
- დიახ, ვიცოდი და ერთხელ გესაუბრე კიდევაც მათზე, ვინაიდან შავი მხედრები ბეჭდის აჩრდილები არიან, ბეჭდების მბრძანებლის ცხრა უსაზარლესი მსახური. არ ვიცოდი, რომ ისინი კვლავ აღდგნენ, თორემ უმალვე მოგარიდებდი მაზრას. მათზე მხოლოდ ივნისში შევიტყვე, როდესაც შენგან წამოვედი... მოდი, ამაზეც მოგვიანებით ვისაუბროთ, ჯერჯერობით კი არაგორნს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ყველაფერი წყალში არ ჩაგვეყარა.
- ნამდვილად, - დაეთანხმა ფროდოც,