წინასიტყვაობა ვერ უარვყოფთ, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ მრავალი მკითხველისთვის, „ადრეულ დღეთა ლეგენდების“ შესახებ (რაც „სილმარილიონის“, „დაუსრულებელი ამბების“ და „შუახმელეთის ისტორიის“ სახით გამოქვეყნდა) ბევრი რამ უცნობია, რადგან უჩვეულო და საკითხავად მეტად რთული ტექსტების სახელი დაიგდო.
თუმცა ვფიქრობ, მომწიფდა დრო, წარმოვადგინო „ჰურინის შვილების“ ლეგენდის გრძელი ვერსია, როგორც დამოუკიდებელი ნაშრომი შესავლით, ცალკეული შესწორებებითა და ძირითადი, განგრძობითი თხრობით, ძირეული ხარვეზებისა და წყვეტების გარეშე და, თუ მოხერხდა, ტექსტის სახეცვლილებებისა და ჩამატებებისგან თავის არიდებით, ნაწარმოების იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც მამაჩემს დაუმთავრებელი დარჩა.
ვიფიქრე, თუ ამბავი ტურინის და ნიენორისა – ჰურინის შვილების – და მორუენის ბედისა ამ სახით იქნებოდა მოთხრობილი, შესაძლებლობა მოგვეცემოდა, სარკმელი გაგვეხსნა გარდასულ საუკუნეთა შუახმელეთში, ლურჯი მთების გადაღმა მდებარე იმ მიწებზე, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობის ჟამს ხისწვერა დააბიჯებდა, სადაც დორ-ლომინში ტურინ ტურამბარი ცხოვრობდა, ხოლო შორეული მიწების გადაღმა დორიათისა და ნარგოთრონდის ქალაქები და ბრეთილის ტყე მდებარეობდა.
ეს წიგნი უპირველესად იმ მკითხველისთვის დაიწერა, რომელსაც კარგად ახსოვს, თუ როგორ იმალებოდა ბაბაჭუა მიწის სიღრმეებში, ხოლო „მისი ძლევა ადამიანთა ძალებს აღემატებოდა. თვით ბერენსა და ტურინსაც არ შესწევდათ ძალა, ელფთა ან ჯუჯათა ნაჭედი მახვილიც რომ სჭეროდათ ხელში“ – ლაპარაკი სწორედ შუაველში, ფროდოსთან საუბრისას, ელრონდის მიერ ნახსენებ ტურინზეა – მიუხედავად იმისა, რომ იგი „ერთ-ერთი ძლევამოსილი ელფთა მეგობარი“ იყო, – როგორც ელრონდი უწოდებდა, თუმცა მასზე მეტი აღარაფერი ყოფილა მოთხრობილი.
როდესაც მამაჩემი ახალგაზრდა გახლდათ, – პირველი მსოფლიო ომის დროს და უფრო ადრეც, ვიდრე „ჰობიტის“ ან „ბეჭდების მბრძანებლის“ რაიმე ჩანასახი შეიქმნებოდა, – მან დაიწყო სხვადასხვა მცირე ისტორიის შეთხზვა, რომელსაც „დაკარგული ამბების წიგნი“ უწოდა. ეს იყო მისი პირველი ნამუშევარი საკუთარი გამოგონილი სამყაროს შესახებ და ასევე მთლიანი შემოქმედების არსებითი საწყისიც. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დაუსრულებელი დარჩა, ჩვენ მაინც გვაქვს თოთხმეტი დასრულებული მოთხრობა. სწორედ „დაკარგული ამბების წიგნში“ გვხვდებიან პირველად ღმერთები, ანუ ვალარები, ასევე ელფები და ადამიანები, როგორც ილუვატარის (შემოქმედის) შვილები. მელკორი, იგივე მორგოთი – დიდი მტერი; ბალროგები და ორკები; და ის მიწები, რომელზედაც თქმულებები მოგვითხრობს, – ვალინორი „ღმერთების მიწა“ დასავლეთის ოკეანის მიღმა და „დიდი მიწები“ (შემდგომში „შუახმელეთად“ წოდებული), დასავლეთ და აღმოსავლეთ ოკეანეებს შორის.
„დაკარგულ ამბებს“ შორის გვხვდება სამი ყველაზე სრულქმნილი და ვრცელი მოთხრობა, რომელიც დაკავშირებულია ელფებთან და ადამიანებთან. ესენია: „თქმულება ტინუვიელზე“ (რაც მცირე სახით წარმოდგენილია „ბეჭდების მბრძანებელში“, როგორც ამბავი ბერენსა და ლუთიენზე, რომელიც არაგორნმა ავდარწვეროზე ჰობიტებს უამბო; მამაჩემმა ის 1917 წელს დაწერა), „ტურამბარი და ფოალოკე“ (ტურინ ტურამბარსა და დრაკონზე, 1919 წელს დაწერილი, თუ მანამდე არა.) და „გონდოლინის დაცემა“ (1916-17). 1951 წელს, „ბეჭდების მბრძანებლის“ გამოქვეყნებამდე სამი წლით ადრე დაწერილ, ერთ-ერთ საკმაოდ ვრცელ წერილში მამაჩემი საუბრობს საკუთარ შემოქმედებით ჩანაფიქრზე: „თავდაპირველად, იდეაში მსურდა (თუმცა დიდი ხანია, იმედი გადამეწურა) შემექმნა ლეგენდის მეტ-ნაკლებად დაკავშირებული ერთიანი სხეული – ფართო, კოსმოგონიური ამბებით დაწყებული და რომანტიკული, ზღაპრული ისტორიებით დამთავრებული; უფრო ფართო და მასშტაბური, დაფუძნებული შედარებით მცირეზე და, იმავდროულად, ორთავე დაკავშირებული სიცოცხლით სავსე ხმელეთთან. „მცირე“ – როგორც უკიდეგანო კულისებიდან ბრწყინვალედ შესრულებული სცენარი. მსურდა, რამდენიმე ამბის სრულყოფილად შეთხზვა და, იმავდროულად, ბევრი სხვა რამის მონახაზებსა და ჩანახატებში ჩასმა“.
ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ადრევე არსებობდა ერთგვარი კონცეფცია, რომელიც მოგვიანებით იქცა „სილმარილიონის“, როგორც ჩანაფიქრში არსებული ყველაზე ვრცელი ნაწარმოების, დაწერის მთავარ მოტივად; და ზუსტად 1951 წლით დათარიღებულ იმავე წერილში, იგი თვალნათლივ მიუთითებს იმ სამ ამბავზე, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე, როგორც ყველაზე ვრცელი ამბები „დაკარგული ამბების წიგნში“.
ის საუბრობს თქმულებაზე ბერენისა და ლუთიენის შესახებ, როგორც „სილმარილიონის“ უმთავრეს თავზე, და ამბობს: „ეს ამბავი (ვფიქრობ, ძლიერი და წარმტაცი) არის ერთდროულად საგმიროც, ზღაპრულიცა და რომანტიკულიც. მიუხედავად იმისა, რომ მასში მხოლოდ ბუნდოვნად არის წარმოჩენილი მთლიანი ფონი, მაინც ფუნდამენტურ რგოლს წარმოადგენს ამბავთა ჯაჭვში, რომლის რგოლები ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაჰკავშირებია ერთმანეთს“. „კიდევ არსებობს სხვა ისტორიები, რომლებიც თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანნი არიან – განაგრძობდა იგი, – და თანაბრად თვითმყოფადნი, თუმცა კი მტკიცედ დაკავშირებულნი უმთავრეს ამბავთან“. ესენი არიან: „ჰურინის შვილები“ და „გონდოლინის დაცემა“.
მამაჩემის სიტყვებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ თუ ის მივიდოდა ფინიშამდე და ყველა მოთხრობას ერთიან სივრცეში მოაქცევდა, ისე როგორც ეს თავად სურდა, მაშინ ადრეულ დღეთა სამი ყველაზე დიდი მოთხრობა („ბერენი და ლუთიენი“, „ჰურინის შვილები“ და „გონდოლინის დაცემა“) უნდა ყოფილიყო