ორი ციხე-კოშკი
ბეჭდების მბრძანებლის
წიგნი II
- კარი III
- თავი პირველი -
ბორომირის გარდაცვალება არაგორნი გამალებული არბოდა ფერდობზე. დროდადრო მიწას დააცქერდებოდა და გულდასმით ათვალიერებდა, ხომ არ აჩნდა სადმე ჰობიტის მსუბუქი ნაფეხური, რომლის პოვნა თვით მისნაირ მზვერავებსაც კი უჭირდათ. თხემამდეც არ იყო ასული, როცა ბილიკის გადაკვეთაზე, მოჩუხჩუხე ნაკადულთან, ფხვიერ მიწაში კვალს წააწყდა.
- დიახ, სწორია, - ჩაილაპარაკა თავისთვის, - ფროდო ბორცვის თხემზე ასულა. ნეტავ იქ ისეთი რა ნახა, რომ სირბილით იმავე გზით სასწრაფოდ ქვევით დაშვებულა?
არაგორნი შეყოყმანდა. მიუხედავად დროის უქონლობისა, სურდა, თავადაც ქვის ტახტამდე ასულიყო, იქნებ თავისი ეჭვების გასაფანტავად რამე სარგო ენახა. უეცრად ადგილიდან მოსწყდა, ქვის საფეხურებზე აირბინა და ქვის ტახტამდე ავიდა. ზევიდან გარემო უცნაურად ბნელი და ბუნდოვანი მოეჩვენა; მზე თითქოს დაბნელდა. ქვეყნიერების ოთხივე მხარეს მოავლო მზერა, მაგრამ ვერსად მთიანი მაღლობების მეტი ვერა დაინახა რა, მხოლოდ ცის ტატნობზე კრავდა ფართო კამარას უზარმაზარი ფრინველი, ალბათ, არწივი, და ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდა.
უეცრად მდინარის დასავლეთ სანაპიროს ჭალებიდან ჩოჩქოლის ხმას მოჰკრა ყური. დაძაბული გაისუსა. ქვევიდან გადაძახილ-გადმოძახილები ისმოდა, რომელთა შორის, მისდა გულის გასახეთქად, ორკების ხრინწიანი ხმები ჭარბობდა. მერე ვიღაცის ბუკმა ისე ძლიერად დასჭექა, რომ ხეობიდან ამოსულმა ექომ ჩანჩქერის გრუხუნიც კი გადაფარა.
- ბორომირის ბუკი! - შესძახა არაგორნმა, - ბორომირი გასაჭირშია! - და მაშინვე თავქუდმოგლეჯილი დაეშვა ბორცვიდან, - ვაიმე, ეს რა შავი დღე გამითენდა, რაც კი გავაკეთე, ყველაფერი გაუკუღმართდა! ეს სემი სადღა დაიკარგა?
არაგორნი შეუსვენებლივ მირბოდა და ხრინწიანი ხმები სულ უფრო გარკვევით ესმოდა, ბუკი კი სულ უფრო სუსტად და უღონოდ ტკრციალებდა. ორკების სასტიკმა ღრიანცელმა იმატა და ანაზდად, ბუკის ხმა სავსებით მიწყნარდა. არაგორნი მთელი სისწრაფით დაეშვა ფერდობზე, მაგრამ სანამ ბორცვის ძირამდე ჩააღწევდა, ხმაური ჩაცხრა. როდესაც იმ ადგილამდე მივიდა, საიდანაც ხმები ესმოდა, იქ უკვე მდუმარებას დაესადგურებინა. არაგორნმა მაშინვე ხმალი იშიშვლა და „ელენდილ! ელენდილ!“-ის ძახილით ჭალაში შევარდა.
პართ გალენიდან ნახევარი ეჯის(ძველებური სიგრძის საზომი ერთეული. უდრიდა 3, 5 მილს, ანუ თითქმის 6 კილომეტრს.) დაშორებით ტბისპირა პატარა მინდორზე მჯდარ ბორომირს წააწყდა. გონდორელი ზურგით მაღალ ხეს მიყრდნობოდა, თითქოს ისვენებსო. თუმცა არაგორნმა მაშინვე გაარჩია, რომ კაცი უამრავი შავბუმბულიანი ისრით იყო დაცხრილული; ხმალი ვადაში გადამტვრეოდა, მაგრამ კვლავაც ხელთ ეპყრა, იქვე ეგდო ორად გაპობილი ბუკი. ირგვლივ დახოცილი ორკები გროვებად ეყარა.
არაგორნმა ბორომირის გვერდით დაიჩოქა. ბორომირმა თვალი გაახილა და უღონოდ ამოილაპარაკა:
- ფროდოსთვის ბეჭდის წართმევა ვცადე. მძიმედ შევცოდე და მომეზღო კიდეც ამისთვის, - თვალი გადაავლო მტრის გვამებს; სულ ცოტა, ოცი მაინც ეყარა მინდორზე, - მოიტაცეს... ნახევარკაცები... ორკებმა დაატყვევეს. არ მოუკლავთ, მხოლოდ გაკოჭეს.
ბორომირმა სული მოითქვა, თვალები მილულა, მცირე ხანში კი ისევ ალაპარაკდა.
- მშვიდობით, არაგორნ! წადით მინას ტირითში და ჩემი ერი იხსენით! მე დავმარცხდი.
- არა! - ხელსა და შუბლზე ეამბორა არაგორნი, - თქვენ გაიმარჯვეთ! ბევრს არ ღირსებია ასეთი გამარჯვება. მშვიდად განისვენეთ! მინას ტირითი არასდროს დაეცემა!
ბორომირმა გაიღიმა.
- საით წავიდნენ? ფროდოც მათთან იყო? - ჩაეკითხა არაგორნი.
მაგრამ ბორომირი სამუდამოდ დადუმებულიყო.
- აფსუს! - ამოიოხრა არაგორნმა, - ასე აღესრულა ძე დენეთორისა, საგუშაგო ციხე-კოშკის მმართველისა! რა მწარე ხვედრი ერგო წილად. საძმო დაიშალა... და სულ ჩემ გამო. ტყუილად სჯეროდა განდალფს ჩემი სიძლიერისა. ახლა რაღა ვქნა? ბორომირმა მინას ტირითში წასვლა მთხოვა, რაც ჩემი სურვილიც არის, მაგრამ ბეჭედსა და მის მცველს რა ვუყო? როგორ ვიპოვო ისინი, როგორ შევასრულოთ დავალებული საქმე?
ასე მოთქვამდა დაჩოქილი არაგორნი და ბორომირის ხელს ხელიდან არ უშვებდა. ამგვარ ვითარებაში წამოადგნენ თავს ლეგოლასი და გიმლი. ისინი ბორცვის დასავლეთ კალთების მხრიდან მოვიდნენ, ფეხაკრეფით, თითქოს ვინმეს ეპარებიანო. გიმლის საბრძოლო ნაჯახი ეჭირა ხელში, ლეგოლასს - თავისი გრძელი სატევარი: ისრები მთლიანად დახარჯოდა. მინდორს მიახლოებულნი განცვიფრებულები გაშეშდნენ, მერე კი მიხვდნენ, რაც მოხდა და დაღონებულებმა ჩაქინდრეს თავები.
- ახია ჩვენზე! - არაგორნს ამოუდგა ლეგოლასი, - ჭალაში ვხოცავდით ორკებს, როცა აქ უფრო საჭირონი ვყოფილვართ. ბუკის ხმაზე მაშინვე აქეთ გამოვიქეცით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე დავაგვიანეთ. ალბათ, მძიმედ დაჭრილი ხარ...
- ბორომირი მოკვდა, - თქვა არაგორნმა, - მე კი სრულებით უვნებელი გადავრჩი, რადგან არც მე ვყოფილვარ აქ. სანამ ბორცვის თხემზე ვიყავი, ის ჰობიტებს იცავდა.
- ჰობიტებს? - წამოიყვირა გიმლიმ, - მაშ, სად არიან ისინი? სად არის ფროდო?
- არ ვიცი, - დაღონებით მიუგო არაგორნმა, - სანამ მოკვდებოდა, ბორომირმა მითხრა, ორკებმა დაატყვევესო. დარწმუნებული