მეფის დაბრუნება -
ბეჭდების მბრძანებლის -
წიგნი III
კარი V -
თავი პირველი -
მინას ტირითი
პიპინმა განდალფის მოსასხამის კალთიდან გამოიჭყიტა. ვერ გაერკვა, გაიღვიძა თუ ჯერაც ეძინა და კვლავ იმ უჩვეულო სიზმარში დაეხეტებოდა, განდალფთან ერთად მსვლელობისას რომ აღმოჩნდა. გარშემო ბნელით მოცული სამყარო ისე სწრაფად იცვლებოდა, თვალს ვერ აყოლებდა; ყურებში ქარი უწიოდა. მხოლოდ ვარსკვლავებიანი ზეცის ტრიალს ხედავდა თავზემოთ, მხარმარჯვნივ უკან დარჩენილ, ცამდე აზიდულ სამხრეთის მთებს დაეფინათ უშველებელი ჩრდილები ხმელეთზე. ძილ-ბურანში მყოფმა სცადა, გაეხსენებინა, სად გამოიარეს, ან რამდენი ხანი იყო უკვე, რაც მგზავრობდნენ, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.
მგზავრობის დასაწყისში ერთხელაც არ გაჩერებულან, უსწრაფესად მიიწევდნენ წინ, საღამო ჟამს მკრთალი ოქროსფერი ნათება შენიშნა. ასე მიადგნენ მდუმარე ქალაქსა და ბორცვის წვერზე მდგარ სასახლეს. სასახლისთვის თავის შეფარება ძლივს მოასწრეს, რომ ფრთოსანმა აჩრდილმა კიდევ ერთხელ გადაიფრინა ცაზე. ქალაქის მცხოვრებნი შიშმა შეიპყრო, მაგრამ განდალფმა ყველა დაამშვიდა. თავად პიპინი კუთხეში მიწვა. მიუხედავად დაღლილობისა, მოუსვენრად ეძინა. გაურკვევლად ჩაესმოდა, როგორ მიმოდიოდა ხალხი განდალფის ბრძანებების შესასრულებლად. მერე ისევ მუქფაფარაზე ამხედრდნენ და კვლავ გზას გაუდგნენ, მიდიოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. უკვე მეორე თუ მესამე ღამე იწურებოდა, რაც პიპინმა შორსსაჭვრეტ ქვაში ჩაიხედა. ქვის გახსენებაზე გამოფხიზლდა, გააცახცახა და უფრო ცხადად გაიგონა ქარის საზარელი ღმუილი.
ოდნავ ინათა, ცას გადაკრული ბნელი ფარდის მიღმა ყვითელი ცეცხლი აენთო. პიპინი მოიბუზა, წამით დაფრთხა, განდალფმა რა საშინელ ქვეყანაში მომიყვანაო. თვალები მოიფშვნიტა და ცხადად დაინახა, აღმოსავლეთიდან როგორ ამოდიოდა უკვე თითქმის გავსებული მთვარე. ესე იგი, ჯერაც ღამე იყო და მგზავრობა კიდევ მრავალ საათს ბნელში გასტანდა. პიპინი შეირხა და იკიყთხა:
- სად ვართ, განდალფ?
- გონდორის სამეფოში, - მიუგო ჯადოსანმა, - ანორიენის მხარეში.
ისევ დადუმდნენ, მერე უცებ პიპინმა წამოიყვირა და განდალფს მოსასხამზე დაქაჩა:
- შეხედე! ცეცხლი, წითელი ალი! ამ მხარეში დრაკონები ცხოვრობენ? შეხედე, აი, კიდევ ერთი!
პასუხის ნაცვლად, განდალფმა თავის ცხენს შეუძახა:
- გასწი, მუქფაფარა! უნდა ვიჩქაროთ. დრო იწურება. შეხედე! შუქურები აინთო, გონდორი დახმარებას ითხოვს. ამონ დინზე სანიშნე კოცონი ანთია, ეილენახის წვერზეც გიზგიზებს ცეცხლი, შორს, დასავლეთითაც ინთება შუქურები: ნარდოლის, ერელასის, მინ-რიმონის, კალენჰადისა და როჰანის საზღვარზე - ჰალიფირიენის.
თუმცა მუქფაფარამ სვლა შეანელა, შეჩერდა, თავი ასწია და დაიჭიხვინა. უცებ წყვდიადიდან სხვა ცხენების ჭიხვინმა მოაღწია, მერე ფლოქვების თქარუნიც მოისმა და დასავლეთში მიმავალმა სამმა მხედარმა მთვარის შუქზე მოჩვენებებივით ჩაიქროლა. მუქფაფარა აიყალყა, მერე კვლავ წინ გახტა და ისე სწრაფად გაჭენდა, რომ ღამის სიბნელე ქარივით ჩამოიტოვა უკან.
პიპინს კვლავ ძილი მოერია, ამიტომ მხოლოდ ცალი ყურით უსმენდა განდალფს, რომელიც უყვებოდა გონდორის ადათ-წესებზე, იმაზე, თუ როგორ ააგებინა მინას ტირითის მმართველმა ქალაქს გარშემორტყმული მთაგრეხილის ყველა მწვერვალზე შუქურები, საგუშაგოებიც მოაწყობინა, სადაც ყოველთვის გამზადებული ჰყავდათ შეკაზმული და დასვენებული ცხენები მალემსრბოლებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთში - როჰანში, ან სამხრეთში - ბელფალასში, ცნობების გადასაცემად მიიჩქაროდნენ.
- დიდი ხანია, ჩრდილოეთის შუქურები აღარ აუნთიათ, - თქვა განდალფმა, - ძველ დროს კი საერთოდ არ სჭირდებოდათ, მაშინ გონდორში შვიდი შორსსაჭვრეტი ქვა ჰქონდათ.
პიპინი შეშფოთებით შეირხა.
- მშვიდად იძინე, ნურაფრისა შეგეშინდება! - უთხრა განდალფმა, - ფროდოს მსგავსად მორდორში კი არ მიდიხარ, არამედ მინას ტირითში, ამ გაჭირვების ჟამს იქ ყველაზე უსაფრთხოდ იქნები. თუ გონდორი დაეცემა, ან ბეჭედს მტერი ჩაიგდებს ხელში, მაშინ ვეღარც მშობლიურ მაზრას შეაფარებ თავს.
- სულაც ვერ დამამშვიდე, - უთხრა პიპინმა, მაგრამ ძილი ნელ-ნელა მაინც მოერია. უკანასკნელი, რასაც ჩათვლემამდე მოჰკრა თვალი, ღრუბლებიდან ამოწვერილი, დასავლეთით გადახრილი მთვარის შუქის მიერ აელვარებული თეთრი მწვერვალები იყო. იმაზე ფიქრებში, ახლა ფროდო სად არის, ნეტავ უკვე მორდორშია თუ საერთოდ დაიღუპაო, ღრმად ჩაეძინა; მან არ იცოდა, რომ სწორედ იმწამს შორს მყოფი ფროდო გონდორის გადაღმა ჩამავალ იმავე მთვარეს შესცქეროდა და გათენებას ელოდა.
პიპინი ლაპარაკის ხმამ გამოაღვიძა. მალვის კიდევ ერთი დღე და მგზავრობის კიდევ ერთი ღამე მიწურულიყო. გარიჟრაჟი იდგა, დილის ბინდბუნდში ცივი, ნაცრისფერი ნისლის კონები დაცურავდა. ოფლში გახვითქულ მუქფაფარას თავი ამაყად ეჭირა და დაღლილობას არ იმჩნევდა. გვერდით სქელ ლაბადებმოსხმული ტანმაღალი კაცები იდგნენ, კაცების უკან კი, ნისლიდან, ქვის კედელი იკვეთებოდა. კედელი ნახევრად დანგრეული იყო და, როგორც ჩანდა, გათენებამდე შეკეთებას ჩქარობდნენ: ისმოდა ჩაქუჩების კაკუნი, ნიჩბების ჟღრიალი და ურმის თვლების ჭრიალი. ბურუსში, აქა-იქ, ბუნდოვნად ჩირაღდნების შუქი გამოკრთებოდა ხოლმე. განდალფს გზას უღობავდნენ და როცა პიპინმა მიაყურადა, გაირკვა, რომ საუბრისას მასაც განიხილავდნენ.
- თქვენ კი გიცნობთ, მითრანდირ, - ეუბნებოდა ჯადოსანს მცველების უფროსი,