1
მეგობრებო, წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობთ ჩვენს ჩუმ, ელექტრულ უბიკებს. მაგრამ გახსოვდეთ: თითოეული უბიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით.
1992 წლის 5 ივნისს, დილის ოთხის ნახევარზე, „რანსიტერ ესოშიეითსის“ ნიუ-იორკის ოფისის სადაზვერვო რუკიდან მზის სისტემის ერთ-ერთი მოწინავე ტელეპათი გაუჩინარდა, რასაც ვიდეოზარების მთელი ტალღა მოჰყვა. ამ ყველაფერს ის ახალი ამბავიც ემატებოდა, რომ ორგანიზაციამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოლისის საკმაო რაოდენობის პსი-ს კვალი დაკარგა.
– მისტერ რანსიტერ? მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, – როგორც კი ვიდეოეკრანზე გლენ რანსიტერის უზარმაზარი, გაბურძგნილი თავი გამოჩნდა, რუკის ოთახში ღამის ცვლის ტექნიკოსის ჩახველების ხმა გაისმა, – ჩვენი ერთ-ერთი ინერციალისგან ახალი ცნობა მივიღეთ. ახლავე მოგახსენებთ, – მან შემომავალი ზარის ჩამწერი ლენტების გროვაში დაიწყო ქექვა, – აი, ჩვენმა მის დორნმა გვამცნო... თუ გახსოვთ, სწორედ ის მიჰყვებოდა მას იუტაში, გრინ რივერამდე. სადაც...
პასუხად რანსიტერის ნამძინარევი ხმა გაისმა: – ვინ? ვისზე მელაპარაკები? ყოველთვის ზუსტად ხომ არ მემახსოვრება, რომელი ინერციალი რომელ ტელეპათს ან მხედველს დასდევს, – ხელი თავის ჭაღარა, ჯაგარივით თმაზე გადაისვა, – მოკლედ გამაგებინე, ჰოლისის რომელი კაცი დაკარგეთ ამჯერად?
– ს. დოულ მელიფონი, – უპასუხა ტექნიკოსმა.
– რა? მელიფონი გაუჩინარდა? დამცინით?
– არ დაგცინით, – დაარწმუნა ტექნიკოსმა, – ედი დორნი და კიდევ ორი ინერციალი მას მოტელამდე მიჰყვნენ, რომელსაც „პოლიმორფულად ეროტიკული ბორკილები“ ჰქვია. ეს სამოცნომრიანი მიწისქვეშა ნაგებობაა, რომელიც სტუმრებს დიდად განსაკუთრებულ მომსახურებას არ სთავაზობს, თუმცა ბიზნესმენებს უყვართ იქ ხანდახან თავიანთ კახპებთან ერთად განმარტოება. ედიმ ჩათვალა, რომ მელიფონიც უბრალოდ დასასვენებლად მივიდა იქ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გამოიძახა ჩვენი მზვერავი – გ. გ. ეშვუდი, რათა მას ამოცნობა ჩაეტარებინა. ეშვუდმა მელიფონის გონების ირგვლივ იმდენად ჩახლართულ შრეებს მიაგნო, რომ საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და კანზასში, ტოპეკაში დაბრუნდა, სადაც ჩვენთვის ახალ ობიექტს ეძებს.
რანსიტერი უკვე გამოფხიზლებულიყო, ნიკაპით ხელს ეყრდნობოდა, სიგარეტს კუშტად აბოლებდა და კვამლს პირდაპირ ბიკანალური მაკავშირებლის სკანერისკენ უშვებდა.
– დარწმუნებულები ხართ, რომ ეგ ტელეპათი მართლაც მელიფონი იყო? ჯერაც არავინ იცის, როგორ გამოიყურება, თანაც, სავარაუდოდ, ყოველ თვე ახალ-ახალ ფიზიონომიურ ნიმუშებს იყენებს, სახის მატრიცას მუდმივად იცვლის. მისი ველი შეამოწმეთ?
– დიახ, ჯო! ჩიპი გავუშვით მოტელში ნიმუშების ასაღებად. ველი შეამოწმა და დაადგინა, რომ ყველაფერი რეგისტრირებულია, ველის დაძაბულობა კი ტელეპათიური აურის 68.2 ერთეულია, რისი მიღწევაც ჩვენთვის ცნობილ ყველა ტელეპათს შორის მხოლოდ მელიფონს შეუძლია, – ტექნიკოსმა დაასრულა, – ასე რომ ავდექით და მელიფონის აღმნიშვნელი დროშა პირდაპირ რუკაზე დავსვით. ახლა კი... ის გამქრალია.
– ყველგან შეამოწმეთ? იქნებ სადმე, რუკის მიღმაა?
– ელექტრონული ბაზიდანაა გამქრალი. ადამიანი, რომლადაც თავს წარმოადგენს, დედამიწაზე აღარ ფიქსირდება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც საერთო კოლონიის ფარგლებში.
– ჩემს გარდაცვლილ ცოლს ვკითხავ რჩევას, – თქვა რანსიტერმა.
– ახლა შუაღამეა, ყველა მორატორიუმი დაკეტილია.
– შვეიცარიაში არა, – რანსიტერს სახეზე იმგვარი გრიმასა გამოესახა, თითქოს მის ბებერ ყელში შუაღამის ამაზრზენი ფლუიდი ჩაღვრილიყო, – ღამე მშვიდობისა, – თქვა და ყურმილი დაკიდა.
„საყვარელ ძმათა მორატორიუმის“ მეპატრონე, ჰერბერტ შონჰაით ფონ ფოგელზანგი, როგორც ყოველთვის, სამსახურში თავის თანამშრომლებზე ადრე მისულიყო. ამ დროისთვის უზარმაზარი, ცივი შენობა ჯერაც სიცარიელის ექოს გამოსცემდა, ბოლომდე არ იყო გაღვიძებული, თუმცა შეწუხებული გამომეტყველების მოკლერკო პიროვნება შავ სათვალეში, ყვითელ ფეხსაცმელსა და ჭრელი კატის ბეწვის ქურქში, უკვე მისაღებში, დახლთან იდგა და ხელში ქვითრები ეჭირა. ეჭვგარეშეა, სტუმარი თავისი ერთ-ერთი ნათესავის მოსანახულებლად მოსულიყო, ხსოვნის დღეს აქ ყოველთვის აქტიურად აღნიშნავდნენ. როგორც წესი, ნახევრად-ცოცხლებს საჯაროდ მიაგებდნენ ხოლმე პატივს; სავარაუდოდ მალე აქაურობა უამრავი სტუმრით გაივსებოდა.
– თქვენს ჩეკს მე მივიღებ, – თქვა ჰერბერტმა და კლიენტს ალერსიანად გაუღიმა.
– იცით, ის ძალიან მოხუცი ქალბატონია, დაახლოებით ოთხმოცი წლის, პატარა და ჩამომჭკნარი. ბებიაჩემია.
– ერთი წუთით დამიცადეთ, – ჰერბერტმა უკან დაიხია, სადაც მაცივარ-სარკოფაგები იყო მოთავსებული და ნომერი 3054039-ბ მოძებნა.
როდესაც შესაბამის სარკოფაგს მიაგნო, სააღრიცხვო ჩანაწერს გაეცნო და დანანებით შენიშნა, რომ ნახევრად-ცოცხალს მხოლოდ თხუთმეტი დღე ჰქონდა დარჩენილი. შემდეგ პორტატული პროტოფაზონის გამაძლიერებელი გამჭვირვალე სარკოფაგის ყუთს ავტომატურად მოარგო, ჩართო და ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ დონეზე მომართა.
ხმის გამაძლიერებლებიდან სუსტი ხმა გაისმა: „...შემდეგ თილიმ კოჭი დაიშავა და არ გვეგონა, თუ ოდესმე მოურჩებოდა; ამაზე გიჟდებოდა, ერთი სული ჰქონდა, სიარულს როდის შეძლებდა...“
კმაყოფილი სახით, გამაძლიერებელი გამორთო და სარკოფაგი საბოლოო ეტაპისთვის მოამზადა, სადაც 3054039-ბ-ის შესაბამის მანეჟში