ნაწილი პირველი
იდინე, ცრემლო, ნაკადული თვალთა დაღვარე,
გამოვიგლოვო ჩემი ხვედრი – მომეცი ნება.
იქ, სადაც ღამით შაშვი მღერის, ბგერებმაღალი
მეც მარტოსულმა გავატარო მთელი ცხოვრება
.
1
1988 წლის 11 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს „ჯეისონ ტავერნერის შოუს“ ბოლო, ოცდაათწამიანი კადრი მიიწურა. პულტთან მოკალათებულმა ტექნიკოსმა გამოსახულება ბოლო ტიტრზე გააჩერა და ჯეისონ ტავერნერს, რომელიც უკვე სცენას ტოვებდა, ხელით რაღაც ანიშნა – მის დასანახად მაჯაზე ხელი წაივლო და მომუშტული მტევანი პირთან მიიტანა.
ჯეისონმა სტუდიის მიკროფონში ხავერდოვანი ხმით ჩასძახა:
– მეგობრებო, კვლავ ველოდები თქვენგან წერილებსა და ღია ბარათებს. ახლა კი ნუ გადართავთ, დარჩით ტელეეკრანებთან, თქვენ გელოდებათ ძაღლი-საოცრება-სკოტის თავგადასავალი.
ტექნიკოსს გაეღიმა. ჯეისონმაც გაუღიმა პასუხად. შემდეგ ხმა და გამოსახულება ერთდროულად გაქრა – ერთსაათიანი მუსიკალურ-გასართო ბი პროგრამა, რომელსაც წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუების რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, დასრულდა. როგორც ყოველთვის, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– სად დავკარგეთ ნახევარი წუთი? – ჰკითხა დაბნეულმა ჯეისონმა გადაცემის მთავარ სტუმარს, ჰეზერ ჰარტს.
ჯეისონს თავისი შოუ წუთი წუთზე ჰქონდა გათვლილი.
– არა უშავს, ჩიტუნა, – უპასუხა ჰეზერ ჰარტმა, გრილი ხელი ოდნავ დაცვარულ შუბლზე მიადო და ნაზად დაუზილა.
– ხვდები მაინც, რამხელა ძალას ფლობ? – უთხრა ჯეისონს ალ ბლისმა, ბიზნესაგენტმა და როგორც ყოველთვის, ისე მიუახლოვდა, რომ ლამის ზედ აეწება, – ოცდაათმა მილიონმა ადამიანმა ნახა, ელვა-შესაკრავი როგორ შეიკარი. ეს ერთგვარი რეკორდია!
– ელვას ყოველ კვირას ვიკრავ, – მიუგო ჯეისონმა, – ეს ჩემი სამარკო ნიშანია. თუ არ უყურებ შოუს?
– მაგრამ ოცდაათი მილიონი! – აღტაცებით გაიმეორა ბლისმა და მრგვალი, ღაჟღაჟა სახე ოფლის წვეთებით დაენამა, – დაფიქრდი, რამდენია. თანაც საავტორო ჰონორარიც არ დაგავიწყდეს.
ამაზე ჯეისონმა მოკლედ მოუჭრა:
– სანამ ამ შოუს საავტორო ჰონორარი შემოსავალს მომიტანს, ღმერთი იქნება მოწმე, ცოცხალი აღარ ვიქნები.
– მგონი შენ ამ საღამოსვე აღარ იქნები ცოცხალი ამდენი ფანის გადამკიდე, გარეთ რომ გელოდებიან, – ჩაურთო ჰეზერმა, – ერთი სული აქვთ, ნაკუწებად გაქციონ... საფოსტო მარკებისხელა ნაკუწებად.
– ზოგი მათგანი თქვენი ფანიცაა, მის ჰარტ, – მიუგო ქალს ბლისმა ჩვეული, ძაღლივით წკმუტუნა ხმით.
– ეშმაკსაც წაუღია ყველანი! – უხეშად წამოიყვირა ჰეზერმა, – რას უდგანან აქ? რატომ არ მიდიან? ნუთუ რომელიმე კანონს არ არღვევენ, უსაქმოდ ყიალის, ან რამე ამგვარის?
ჯეისონმა ხელი ჩაჰკიდა და მაგრად მოუჭირა, რომ როგორმე მისი ყურადღება მიექცია. ვერაფრით გაეგო, ასე ძლიერ რატომ სძულდა ჰეზერს ფანები. თავად ტავერნერისთვის ისინი საჯარო ცხოვრების მთავარი არტერია იყო; საჯარო ცხოვრება და მსოფლიოში ცნობილი არტისტის სახელი კი თავად ცხოვრება, არსებობა გახლდათ, და ეს განხილვას არ ექვემდებარებოდა.
– შენ ვარსკვლავი არ უნდა იყო, – ღიმილით უთხრა ჰეზერს, – წესით, შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შოუბიზნესს უნდა ანებებდე თავს. წადი, სოციალური მუშაკი გახდი და შრომა-გასწორების ბანაკში იმუშავე.
– ხალხი იქაც არის, – აგდებულად უპასუხა ჰეზერმა.
სპეციალური დაცვის ორმა პოლიციელმა ჯეისონ ტავერნერისა და ჰეზერისკენ გაიკვლია გზა.
– დერეფანი შეძლებისდაგვარად გავათავისუფლეთ, – ამოიქოშინა ამ ორიდან უფრო მსუქანმა, – წავიდეთ, მისტერ ტავერნერ, სანამ სტუდიის აუდიტორიას ჩაუხერგავს გვერდითა გასასვლელები.
მსუქანმა თავის სამ კოლეგას ანიშნა და ისინიც უმალ დაიძრნენ ხალხით გადავსებული გასასვლელისკენ, რომელიც ჩაბნელებულ ქუჩაში გადიოდა. იქ უკვე „როლსის“ მფრინავი ხომალდი იდგა მთელი თავისი დიდებულებითა და რაკეტისმექანიზმიანი უკანა ნაწილით, რომელიც რიტმული გუგუნით ელოდა პატრონს. ჯეისონი თავის მექანიკურ გულს ეძახდა ამ ძრავას, გულს, რომელიც მხოლოდ მისთვის ძგერდა; მისთვის – ვარსკვლავისთვის და, პრინციპში, თუ საჭირო გახდებოდა, ჰეზერისთვისაც.
ჰეზერმა ამ საღამოს დაიმსახურა, კარგად იმღერა, ისე კარგად, როგორც... ჯეისონმა გულში ბოროტად ჩაიცინა. ჯანდაბას, მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ხალხი სამგანზომილებიან ფერად ტელევიზორს გადაცემაში სტუმრად მოსული ვარსკვლავის სანახავად როდი რთავს. დედამიწაზე უამრავი ვარსკვლავია. რამდენიმე მათგანი მარსის კოლონიებშიც კია გაბნეული.
დიახაც, ხალხი ჩემ სანახავად რთავს ტელევიზორს და მეც ყოველთვის მზად ვარ! ჯეისონ ტავერნერს ფანებისთვის იმედი არასდროს გაუცრუებია და არც არასდროს გაუცრუებს. ჰეზერს კი, როგორც უნდა, ისე მოექცეს თავის თაყვანისმცემლებს.
– ეს ხალხი იმიტომ არ გიყვარს, რომ შენ თვითონ არ მოგწონს საკუთარი თავი, – უთხრა ჯეისონმა ჰეზერს და თან დახუთულ, ოფლის სუნით აქოთებულ ცოცხალ კორიდორში გზა მუჯლუგუნებით გაიკვლია. ერთი-ორჯერ თავის დახრაც მოუხდა, – გულის სიღრმეში ფიქრობ, რომ ამათ გემოვნება არ უვარგათ.