1 ერთხელაც ისე მოხდა, რომ ტიპი მთელი დღე თმიდან მწერებს იფერთხავდა. არადა, მანამდე ექიმმა დაარწმუნა, არაფერი გყავსო. მსუსხავი ნაკბენებით გაწამებული რვა საათის განმავლობაში ცხელი შხაპის ქვეშ იდგა, გაშრობის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მწერები არსად წასულიყვნენ, მეტიც – მთელ სხეულზე მოსდებოდნენ, ერთი თვის შემდეგ კი ფილტვებშიც შეაღწიეს. სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდა, ამიტომ გაწდაწყვიტა, მწერების სასიცოცხლო ციკლი შეესწავლა და, ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ დახმარებით, მათი სახეობა ზუსტად დაედგინა. ამასობაში, მწერებს მთელი სახლი გაევსოთ, ხოლო როდესაც სხვადასხვა სახეობების შესახებ უამრავი რამ წაიკითხა, დაასკვნა, რომ ბუგრები ჰყავდა.
აზრი აღარ შეუცვლია, თუმცა სხვები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ. „ბუგრები ადამიანს არ კბენენ“, ეუბნებოდნენ ისინი, არადა ნაკბენების გამო ჯოჯოხეთური ტკივილით ცხოვრობდა. მაღაზია „7-11-ში“, რომელიც მთელ კალიფორნიაში გაფანტული ქსელის ნაწილი იყო, „რეიდის“, „ბლექ ფლეგისა“ და „იარდ გარდის“(მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებები.) ქილები შეიძინა. მათი შიგთავსი ჯერ სახლში მოაფრქვია, შემდეგ კი სხეულის ჯერიც დადგა. „იარდ გარდმა“ ყველაზე მეტად ივარგა.
თეორეტიკული მუშაობა არ შეუწყვეტია – მწერების სასიცოცხლო ციკლში სამი ეტაპი გამოყო. პირველ ეტაპზე, მასპინძელი სხეულის კონტამინაციას(კონტამინაცია – აქ: ინფექციური აგენტით ან მავნე ნივთიერებით ჭრილობის ან ჰაერის დაბინძურება.) „გადამტანი“ ადამიანები ახდენდნენ. თუმცა „გადამტანებმა“, როგორც მათ თავად უწოდებდა, მწერების გადაზიდვის პროცესში საკუთარი დანიშნულება არც კი უწყოდნენ.
ამ საფეხურზე მწერებს არ ჰქონდათ ყბები და მარწუხები (ეს ტერმინი სამეცნიერო კვლევაში გატარებული კვირების განმავლობაში გაიგო. ნამდვილად უცნაური საქმიანობაა კაცისთვის, რომელიც „ჰენდი ბრეიქ ენდ თაიერსში“ სამუხრუჭე დოლების შემკეთებლად მუშაობს), „გადამტანები“ კი, თავის მხრივ, ვერაფერს გრძნობდნენ. ხანდახან მისაღები ოთახის კუთხეში იჯდა და ათასი „გადამტანის“ შემოსვლას აკვირდებოდა. ზოგს იცნობდა, დანარჩენები ახლები იყვნენ. ყველა მათგანი პირველი საფეხურის არამკბენარი ბუგრებით დაფარულიყო.
თავისთვის იღიმოდა ხოლმე, რადგან იცოდა, ამ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მწერები რომ იყენებდნენ. „რატომ იღიმი, ჯერი?“, ეკითხებოდნენ. ის კი უბრალოდ იღიმოდა. მომდევნო ეტაპზე მწერებს ფრთები ეზრდებოდათ ან რაღაც ფრთების მსგავსი. ამ წანაზარდებს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, ისინი მიგრაციისა და გამრავლების საშუალებას აძლევდა – განსაკუთრებით მის სხეულზე. უკვე მთელი სივრცე დაეკავებინათ – მისაღები ოთახი, მთელი სახლი ერთ დიდ ღრუბელს მოეცვა. ცდილობდა, ისინი როგორმე არ ჩაეყლაპა, ყველაზე მეტად კი ძაღლზე ნაღვლობდა. ხედავდა, როგორ შეესეოდნენ ხოლმე მწერები, ალბათ კაცის მსგავსად ფილტვებშიც უძვრებოდნენ. შეიძლება – ყოველ შემთხვევაში, ემპათია ამას კარნახობდა, ძაღლიც მასავით იტანჯებოდა. იქნებ სჯობდა, გაეჩუქებინა? არა. ცხოველი უკვე დაინფიცირებული იყო და მწერები ყველგან გაჰყვებოდნენ. ხანდახან ძაღლთან ერთად ბანაობდა და ცდილობდა, ისიც გაესუფთავებინა, თუმცა, ვერც ამას ახერხებდა. ძაღლის ტანჯვის ყურება გულს უკლავდა, მისი დახმარება არასოდეს შეუწყვეტია. გარკვეულწილად, ცხოველის ტანჯვა უფრო მძიმე იყო, რადგან მას დაჩივლება არ შეეძლო.
– რა ყლეს აკეთებ აბაზანაში ამ ძუნკალ ძაღლთან ერთად? – ჰკითხა ერთხელ ჩარლზ ფრეკმა, როდესაც ზუსტად შხაპის მიღების დროს ესტუმრა.
– მისთვის ბუგრების მოშორებას ვცდილობ, – მაქსი აბაზანიდან გამოიყვანა და მის გაშრობას შეუდგა.
ჩარლზ ფრეკი ეჭვით უყურებდა, როგორ ამუშავებდა ჯერი ძაღლის ბეწვს საბავშვო ზეთითა და ტალკით. მთელ სახლში მწერების საწინააღმდეგო ხსნარების ცარიელი ქილები, ტალკისა და საბავშვო ზეთის ბოთლები და ლოსიონები იყო მიმოფანტული. ბოლო ხანებში, ყოველდღე, უამრავ ქილას აცარიელებდა.
– ვერავითარ ბუგრებს ვერ ვხედავ, – თქვა ჩარლზმა, – საერთოდაც, რა არის ბუგრი?
– რასაც შეუძლია მოგკლას, – უპასუხა ჯერიმ, – აი, ეს არის ბუგრი. ისინი ჩემს თმაში, კანსა და ფილტვებში არიან შემძვრალი, ეს ტკივილი კი აუტანელია, საავადმყოფოში უნდა წავიდე.
– მე რატომ ვერ ვხედავ?
ჯერიმ პირსახოცშემოხვეული ძაღლი დასვა და ხალიჩისკენ დაიხარა.
– აი, ერთს გაჩვენებ.
ხალიჩა ბუგრებით იყო დაფარული. ისინი ენერგიულად დახტუნავდნენ. ზოგიერთები დანარჩენებზე მაღლა. მოზრდილი ზომისას ეძებდა, რადგან ზოგს მათი დანახვა უჭირდა.
– ბოთლი ან ქილა მომიტანე, ნიჟარასთან ნახე. გამოვიჭიროთ, შემდეგ კი თან წავიყვან, ექიმებმა მისი შესწავლა რომ შეძლონ.
ჩარლზ ფრეკმა მაიონეზის ცარიელი ქილა მიუტანა. ჯერიმ ძებნა განაგრძო და, საბოლოოდ, ზედაპირიდან ოთხი ფუტის(ფუტი – სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 30,48 სანტიმეტრს.) სიმაღლეზე მოხტუნავე ბუგრი შენიშნა. მწერი ინჩის(ინჩი – სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 2,54 სანტიმეტრს.) სიგრძისა იქნებოდა. ჯერიმ დაიჭირა, ქილაში ფრთხილად ჩასვა და თავსახური დაახურა.
მეგობარს ტრიუმფალური სახით მიუბრუნდა:
– ხედავ?
– ჰოოოოო... – ჩარლი ფრეკი ქილის შიგთავსს გაფართოებული თვალებით იკვლევდა, – ვაა, რამხელაა...
– მომეხმარე, სხვებიც დავიჭიროთ, ექიმისთვის, – ჯერი ისევ ხალიჩაზე დაიხარა.