თავი პირველი საწოლის გვერდით მოთავსებულმა „განწყობის მოდულატორმა“ მსუბუქი ელექტრონული ხმა გამოსცა, რომელმაც ავტომატური ელექტრომაღვიძარა გაააქტიურა და რიკ დეკარდი სუსტი, სასიამოვნო ელექტროიმპულსით გააღვიძა. რიკი საწოლიდან გაკვირვებული წამოდგა – მოულოდნელად გაღვიძებისას ყოველთვის ასე სჩვეოდა – და თავის ფერად პიჟამაში გამოწყობილი, გაიზმორა. იმავე წამს მისმა ცოლმა აირენმა თავისი ნაცრისფერი, სევდიანი თვალები დააჭყიტა. ერთხანს ახამხამა, მერე ამოიკვნესა და სასწრაფოდ დახუჭა.
– „პენფილდი“ ძალიან მსუბუქზე გაქვს მომართული, – უთხრა რიკმა, – მოდი, გადავაყენებ და ისე გაიღვიძებ, რომ...
– ჩემს პარამეტრებს შეეშვი! – მკაცრად მოუჭრა აირენმა, – გაღვიძება არ მინდა.
რიკი ცოლს გვერდით ჩამოუჯდა, დაიხარა და ნაზად დაუწყო ახსნა:
– ძვირფასო, თუ მოდულატორს უფრო მაღალ დონეზე დააყენებ, გაღვიძება სასიამოვნო პროცესი გახდება. მთელი აზრიც ამაშია. ჩ დონე ისევე სწრაფად გამოგაფხიზლებს, როგორც მე (სინამდვილეში, რიკს მოდულატორი დ დონეზე ჰქონდა მომართული).
ის ნაზად მიეფერა ცოლის შიშველ, ფერმკრთალ მხრებს.
– მომაშორე ეგ პოლიციელის უხეში ხელები, – უთხრა აირენმა.
– არ ვარ პოლიციელი, – გაღიზიანდა რიკი, თუმცა ეს ემოცია არ ჰქონდა არჩეული.
– უარესი ხარ, – კვლავ თვალდახუჭულმა უთხრა ცოლმა, – პოლიციელების დაქირავებული მკვლელი ხარ.
– ცხოვრებაში ერთი ცოცხალი ადამიანიც არ მომიკლავს, – უპასუხა რიკმა და იგრძნო, რომ გაღიზიანება აშ- კარა მტრობაში გადაეზარდა.
– მხოლოდ იმ უბედურ ანდებს ერჩი, – მიუგო აირენმა.
– ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩემი ბინძური საქმეებით ნაშოვნ ფულს ათას სისულელეში სწორედ შენ ხარჯავ.
რიკი წამოდგა, ოთახში უაზროდ გაიარ-გამოიარა და თავის „განწყობის მოდულატორთან“ შეჩერდა.
– იმის ნაცვლად, – განაგრძო მან, – რომ დავაგროვოთ და ნამდვილი ცხვარი ვიყიდოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გამოვცვალოთ ის ყალბი, ელექტრონული სისულელე, ზემოთ რომ გვყავს?! ვერ ვხვდები, რა საჭიროა ხელოვნური ცხოველი, თან როცა იმდენს შოულობ, რამდენსაც მე ეს ბოლო წლებია, – რიკი მექანიზმს მიაჩერდა და ერთხანს შეყოყმანდა. არ იცოდა, რომელი აერჩია: თალამოდეპრესანტი – რომელიც უეცარ სიბრაზეს დაუცხრობდა – თუ თალამოსტიმულატორი, რომელიც საბოლოოდ აღაგზნებდა და კამათში გამარჯვებას მოუტანდა.
– თუ გაძლიერებულ ზიზღს აკრეფ, მეც ასე მოვიქცევი! – დაემუქრა აირენი, – მაქსიმალურ დონეს ავირჩევ და ისეთ სკანდალს მოვაწყობ, ჩვენი ყველა უწინდელი კამათი სასაცილოდ მოგეჩვენება. აკრიფე და ნახავ... მიდი, სცადე! – აირენი მსუბუქად წამოხტა, თავის მოწყობილობასთან დად- გა და რიკს ღვარძლიანად მიაჩერდა.
– დღევანდელი გრაფიკის კოდს ავკრეფ, – ამოიოხრა რიკმა და 1992 წლის 3 იანვრის განრიგს ჩახედა: „საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება“, – თუ ამას ავკრეფ, მპირდები, რომ შენც ასე მოიქცევი? – ფრთხილად ჰკითხა ცოლს, სცადა, ზედმეტი ინიციატივა არ გამოეჩინა, ისე დალოდებოდა მის გადაწყვეტილებას.
– დღეს მე ექვსსაათიან დეპრესიას ვაპირებ, – მიუგო აირენმა.
– რაო? ეგ რატომ დაგეგმე? – ეს ხომ მთლიანად ეწინააღმდეგებოდა „განწყობის მოდულატორის“ არსებობის იდეას, – არც კი ვიცოდი, მაგის არჩევა თუ შეგეძლო, – დაამატა რიკმა სევდიანად.
– ერთ საღამოს სახლში ვიჯექი, – აუხსნა ცოლმა, – და, როგორც ყოველთვის, „ბასტერ ფრენდლისა და მის მეგობრულ მეგობრებს“ ვუყურებდი. იმ მომენტში, როცა მას ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზი უნდა გაეცხადებინა, რეკლამა გაუშვეს. ხომ იცი, „მაუნტიბანკის“ რეკლამა როგორ მძულს. ამიტომაც ერთ წუთით ტელევიზორს ხმა გავუთიშე და გავიგონე, რომ ჩვენი შენობა... ეს შენობა... გავიგონე, რომ... – აირენმა ხელები აიქნია.
– ცარიელია, – დაასრულა რიკმა.
ხანდახან ეს სიცარიელე მასაც ესმოდა. მაშინაც კი, როცა წესით უნდა სძინებოდა. დღემდე ეს ნახევრად სავსე კორპუსები მჭიდროდ დასახლებულ შენობებად ითვლებოდა. თურმე, იმ ადგილებში, რომლებსაც ომამდე გარეუბნებს უწოდებდნენ, სრულიად ცარიელ შენობებსაც აღმოაჩენდით... ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. რა თქმა უნდა, რიკი ამ ინფორმაციას სხვებისგან იგებდა. უმრავლესობის მსგავსად, საკუთარი თვალით ამის ნახვა მას არ უნდოდა.
– იმ დროს, როცა ტელევიზორს ხმა გავუთიშე, „განწყობა 382“ მქონდა ჩართული, – განაგრძო აირენმა, – მართალია, ეს სიცარიელე გონებით აღვიქვი, მაგრამ ვერაფრით ვიგრძენი. ჩემი პირველი რეაქცია კმაყოფილება იყო. კმაყოფილება, რომ „პენფილდის“ მოდულატორები გვაქვს. სადღაც წავიკითხე, რამდენად არაჯანსაღია ეს ყველაფერი: გრძნობდე, როგორია ეს ახლებური ცხოვრება, არა მხოლოდ ამ შენობაში, ყველგან, მაგრამ რეაქცია არ გქონდეს. ხვდები, რას ვამბობ? ალბათ, ვერა... ადრე ამას ფსიქიკურ დაავადებად მიიჩნევდნენ, „ადეკვატური შეფასების ნაკლებობა“ ერქვა... ამიტომ ტელევიზორი უხმოზე დავტოვე, „გაწყობის მოდულატორი“ მოვიმარჯვე და ექსპერიმენტი ჩავატარე. საბოლოოდ, სასოწარკვეთის რეჟიმს მივაგენი, – ქალს სახეზე კმაყოფილება გამოეხატა, თითქოს რაღაც