პროლოგი 1945 წლის ორ მაისს, ხარკოვის ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან განლაგებული, უკრაინის საოლქო შტაბის შენობის მეორე სართულზე სპეციალური დანიშნულების მზვერავთა ჯგუფის რადიოგრაფისტმა, ლეიტენანტმა ნიკოლოზ ვოლიანიკმა, 19 საათზე და 35 წუთზე საიდუმლო, პერსონალური გრიფით კოდირებული რადიოგრამა მიიღო. არსებული სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად ტელეფონით დაუყოვნებლივ გამოიძახა ადრესატი და მზვერავთა საიდუმლო სამსახურის უფროსს, პოლკოვნიკ ვლადიმერ შილოვს აცნობა. რადიოგრაფისტმა ათი წუთის შემდეგ რადიოგრამა პირადად ჩააბარა მზვრავთა რაზმის უფროსს, მაიორ როსტომ ზარიძეს, რომელიც ყოველთვის ცივი გონებით და პუნქტუალობით გამოირჩეოდა. ერთი კვირა გავიდა, რაც მაიორი მორიგი ოპერაციიდან დაბრუნდა და, ჩვეულებისამებრ, რეაბილიტაციას გადიოდა, რაც ხანგრძლივ ძილში გამოიხატებოდა.
კაბინეტში დაბრუნებული რაზმის უფროსი მაგიდას მიუჯდა და პირადი კოდებით, მიღებული ინფორმაციის გაშიფრვა დაიწყო. არ გაკვირვებია მორიგი რადიოგრამა, რომელიც მომდევნო საიდუმლო დავალების მანიშნებელი იყო, მაგრამ გაშიფრვის შემდეგ გაუგებრობამ შეიპყრო, რადგან ტექსტში იყო ბრძანება, - 3 მაისს, დილით 9:00 საათზე, გამოცხადებულიყო კიევში გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე შავი ზღვის ოლქის სამხედრო შტაბში. ეს მისამართი მისთვის კარგად იყო ცნობილი, იქ საგანგებო სიტუაციების დროს უმაღლესი ეშელონის გენერალიტეტი მორიგი ოპერაციის დასაგეგმად იკრიბებოდა, მაგრამ გასაკვირი იყო, რომ ის მარტოდ გამოიძახეს, რაც ადრე არასდროს მომხდარა.
როსტომი სკამზე მოტრიალდა, მზერა მიაპყრო კედელზე ფოტოსურათივით მიმაგრებულ ოთხკუთა ფორმის სარკეს და ნაღვლიანად შეხედა საკუთარ გამოსახულებას. მაიორი გრძნობდა, რომ გასულმა ომის წლებმა მასზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა, მაგრამ არ ეგონა, თუ სარკეც ასე მკაცრად დაუდასტურებდა. მწვანე თვალების გამჭოლი მზერით, სარკიდან თითქოს უცხო კაცი შემოსცქეროდა. ოდნავ კეხიან ცხვირს და წითურ, ფართო სახეს, ორი დღის გაუპარსავი წითური, შეჭაღარავებული წვერი უფარავდა. საფეთქლების ირგვლივაც ჭაღარა მოსძალებოდა და თხელი, უხეში თმაც უმეტესად შევერცხლოდა. თუმცა მეგობრები არწმუნებდნენ, ჭაღარა შენს მაღალ და ზორბა ტანს ჯენტლმენურ იერს ანიჭებსო, მაგრამ განათლებით ფსიქოლოგს, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს კომპლიმენტი მხოლოდ მეგობრობას, გულთბილ გრძნობას გამოხატავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მაიორი დიდ თანამდებობაზე არასდროს იყო ორიენტირებული და თან ყოველთვის ერიდებოდა მაღალი რანგის უფროსებთან ურთიერთობებს, სამხედრო შტაბის ჩინოვნიკების თვალში მაინც კონკურენტად მოიაზრებოდა. მაიორს ერთი ოპერაციაც არ ჩაუგდია, ექსტრემალურ სიტუაციაში ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს პოულობდა, საქმისათვის თავდადებული ადამიანი იყო, რამაც დიდი ავტორიტეტი მოუტანა მზვერავთა წრეში.
გასულ თვეში როსტომი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო უკრაინის ფრონტის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის უფროსმა გრიგორი ნესვეტაევმა. მან ის საუკეთესო მსროლელთა სიაში შეიყვანა და სპეციალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიაღებინა. იქ მაიორი დარწმუნდა, რომ სადაზვერვო სამსახურში შემსრულებლის ფუნქციის უზრუნველყოფა უჭირდა. ახლაც, სახლიდან ორიათასი კილომეტრით დაშორებით, დაზვერვის სამსახურის მიერ დატოვებულ სხვისგან შეუმჩნეველ კვალში ამოტივტივდა აზრი, რომ დროა საკანცელარიო სამსახურისათვის დაეჭირა თადარიგი.
უცებ კარი კაკუნის გარეშე გაიღო და ზღრუბლზე მისი მეგობარი, საიდუმლო სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ვლადიმერ შილოვი გამოჩნდა.
შეიძლება? – იკითხა შილოვმა.
როსტომ ზარიძე მოულოდნელობისაგან ერთხანს შეყოყმანდა, ეჭვი შეეპარა, ომის მიწურულს, რადიოგრამა მეგობრული ხუმრობა ხომ არ იყოო, მაგრამ მზვერავის ცივი გონებით იგრძნო, რომ ძველი მეგობრის თვალები მას სიღრმეში უყურებდნენ.
- რა ხდება?
- უფროსობას თქვენი პირადი გამოცდილება სჭირდება, მეგობარო!
როსტომი წამით მიაჩერდა მაგიდაზე დადგმულ საფერფლეს, უცებ მისი ტვინი საოცარი სისწრაფით ამოქმედდა და აზროვნების სინთეზმა ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება დაიწყო. შეძრწუნების უკან შიშის გრძნობაც შეერია. მარტოდ გამოძახება არასასიამოვნო მომენტი იყო და თანაც უაღრესად უცნაური, რადგან მას საიდუმლო სამსახურის უფროსისათვის უცნობი კოდებით აცნობეს ბრძანება, რაც დღემდე არასდროს ყოფილა.
- ახლა? – როგორც იქნა სათქმელს თავი მოაბა როსტომმა, – ახლა ხომ ომის წინა ხაზზე მე აღარაფერი მესაქმება?
როსტომი ფეხზე წამოდგა, ვლადიმერი მიუახლოვდა. ერთმანეთს უსიტყვოდ, გონებით და თვალებით, შეხედეს. მზვერავები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ პროფესიული ნაკვალევი იმდენად ღრმა იყო, ორივეს თვალებში ისახებოდა არაფერიც და ყველაფერიც.
- იმედი მაქვს, ომის მიწურულს ცუდი არაფერი მოხდება, – წარმოთქვა ვლადიმერმა ისე, თვალი არ მოუშორებია მეგობრისთვის.
მაიორმა უხმოდ გაიღიმა, ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, პაპიროსს მოუკიდა, ბოლი ღრმად შეისუნთქა, რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და მისთვის ჩვეული, დაბალი და პროფესიონალისთვის ყველაფრის მთქმელი ინტონაციით უპასუხა:
- ჰიტლერელები ჯერჯერობით არ ნებდებიან, ხომ იცი, სიკვდილამდე სიკვდილის დაჯერება მაინც ძნელია. ომის დასაგვირგვინებლად ბერლინის მისადგომებთან გაერთიანებული ჯარების დიდი ოპერაციები ტარდება, ჩვენ ვალს ვიხდით მომავალის წინაშე!
ვლადიმერმა სიმწრის გამომხატველი სახით გაიღიმა. თან დაჟინებით უყურებდა სარკეს, საიდანაც მაიორის გაყინული, წითური სახე მოჩანდა.
3 მაისს, დილაადრიანად, მანქანაში ჩაჯდომისას, მაიორმა ზეპირად იცოდა თავისი