ნაწილი პირველი თავი I
"მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოჴრნეს ველნი არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუე ყვეს, და წარიყვანეს დაჲ ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი."
მანდილმოკრული ქალი შვილის საწოლიდან წამოდგა. კარს გახედა და შუა დარბაზში გამართულ კერიას მომცრო ჯირკვი დაუმატა. იღუღუნოს, ცივი ღამეებია... უზამთრო სიცივე შესჯდომია ბინდს, მღვიმესმიჩვეულ ღამურასავით... კვლავ კარს გახედა... ბაგრატი არ ჩანს... ისევე ჩაცმული მიუწვა ქალამზეს... ვაჩეს მშვიდ სუნთქვას მიუგდო ყური... ცეცხლის ალზე ხედავს, საბანი გადაუღეღავს ბიჭს გულზე. იცის ქალმა, აზრი არ აქვს მიფარებას. მაინც გადაიძრობს...
ძილბურანში გრძნობს, ხმაური უახლოვდება მთიდან დაძრული ზვავივით. თვალი გაახილა და წამოხტა. ხედავს, თორმეტი წლის ვაჩე პაპაისეულ ხმალს ხსნის კედლიდან. ახალშეღერებული, ვაჟკაცური მკლავებით ერევა მძიმე ფოლადს...
გარეთ ყვირილი ისმის. ქალების წიოკი და ბავშვების ღნავილი არღვევს დარაბამიხურულ სარკმელს...
ჩაუკეტავი კარი კაცმა შემოანგრია. ხედავს ქალი, ბაგრატს სისხლი დაუდის კეფიდან გულისპირამდე. მამამ ამაყიანი სინანულით შეხედა ხმალმოღერებულ ვაჩეს. წამში თვალი მოავლო ცოლის დამფრთხალ მზერასა და მძინარე ქალამზეს. შვილს შეუძახა, მომყეო და ეზოში გავარდა. თამრო ძუ ლომივით გადაუდგა ჯერ ომში გაუწრთობ ვაჟს. გონსმოუსვლელს წამში აართვა მახვილი. დას მიხედეო, მიაძახა და კარი გაიჯახუნა. ჯერ გასასვლელს ეცა ვაჩე, მერე შედგა, მძინარეს გახედა და თავი ჩაღუნა. არც ეგონა, დედა ასეთი ძლიერი თუ იყო, ვაჩეზე ძლიერი. კარი ჩარაზა. წამში კერიასთან მდგომ მომცრო ტაბლაზე დადებულ დანას წაავლო ხელი. მამისეულ ნაბადს ეცა, კედელზე დაკიდებულს... მეტი სამალავი არ ეგულებოდა მიწურში. გარეთ გასვლას აღარ ჰქონდა აზრი. სულ ახლოდან ისმოდა ღრიანცელი. სხვაგან ვეღარსად დამალავდა დას. მძინარეს ხელი მოხვია. მაინც ემძიმა ტანმოსულის მკლავებს ქარივით მიმქრალი რვა წლის ქალამზე. ეძინოს, ჯობს, წყნარად იქნებაო, გაიფიქრა და ნაბდის სიღრმეში მიაყუდა. ზურგით იჭერს დას. ვაჩე ზურგითვე გრძნობს, გოგომ გაიღვიძა. უკითხავად გაინაბა ძმის მხარსუკან. სუ, მტერიაო, - ბიჭმა კი უთხრა... დედაო? ძლივსგასაგონად იკითხა და პასუხად კარი შემოანგრია ვიღაცის ძლიერმა მარჯვენამ. ვაჩე ჩასაფრებული ნადირივით დგას დანამომარჯვებული და ორ წყვილ ფეხს უცქერს საფრიდან... იქნებ ვერც შეამჩნიონ სიბნელეში... ოსური საუბარი ესმის... ცნობს კილოს, მეზობელი ბებო საუბრობს ასე, ოსეთიდან აქეთ გამოთხოვილი... მაშ, ჩრდილოელთა გაბედეს თავდასხმა? ვაჩე მაგათ აჩვენებს სეირს!... ახლა კი განაბული უნდა იდგეს ჩირგვში მჯდომი კურდღელივით, და ჰყავს ზურგსუკან. უნდა გაჩუმდეს!...
წყალი მიასხეს კერიის ცეცხლს. კვამლი აუშვა უქრობელმა სიწმინდემ. მაშ, კერა შეუგინეთ, ოსებო, ვაჩესა?! ძარღვი დაებერა ბავშვურ შუბლზე. მხრჩოლავმა ბოლმა თავისი ქნა: დააცემინა ქალამზემ. ხედავს ვაჩე, უკან მობრუნდა კარისკენ მიმავალი წყვილი ფეხი. სუო, დას უთხრა და კედელს უფრო ააკრა მარცხენა იდაყვით. მერე კატასავით ისკუპა და წინ აეტუზა მტერს. ერთს დანის გაყრაც მოუსწრო მუცელში... აი, მეორემ კი მოუქნია მახვილი. ქალამზეს კივილი გაიგონა და მხარგაგლეჯილი ჩაიკეცა. ოჰ, ქალამზე, აკი გითხრა ძმამ, სუო... წაქცეულმა დაინახა, როგორ გამოათრია საღად დარჩენილმა ოსმა გოგო. ფეხი დაუცდა და კერიას მივარდა უნებურად. ქალამზე ტირის და გაქცევას ლამობს.. მურით მოსთხუპნია ბავშვური სახე... ვაჩე იძაბება. უნდა, იქვე დავარდნილ სისხლიან დანას დასწვდეს... გამოუდგეს ნაბადში შეხვეულ, მორივით მხარზე გადებულ დას, მაგრამ ძალა არ მოჰყვება... კაცმა ვაჩეს გადააბიჯა, მეორეც გამოდგებოდაო, დანანებით ჩაილაპარაკა და კარში გავიდა... ხედავს ვაჩე, ვიღაცას მის მიერ დაჭრილი გარეთ გაჰყავს... ხედავს და ესმის დის ტირილი... იქნებ უკვე შორსაა, მაგრამ ვაჩეს აქ ესმის... ყურის ძირში... ისევ ვერ სწვდება დანას... აკი დედამ უთხრა, დას მიხედეო... მაგრამ თვალთ უბნელდება და ყურშას ყმუილიღა ესმის ღამის ბინდივით უცებ ჩამოწოლილ სიჩუმეში... ყურშას ყმუილი და ჩუმი გოდება მთელი სოფლისა...
თავი II
ვახტანგმა ერთხელ კიდევ მოავლო თვალი პაპის, არჩილის, დროს დანგრეული მირიანისეული სვეტიცხოვლის ხის კედელს და თავს პირობა დაუდო, თუ მშვიდობით დაბრუნდებოდა, ტაძარი აღედგინა... ან იქნებ ახალიც აეშენებინა, ქვისა, უფრო მოზრდილი და დიდებული.
არტავაზს მოჰკრა თვალი: ცხენს ძალისძალი ჩორთით უახლოებდა ტაძრის მისადგომებს... მეფეს გაეღიმა. ჩანდა, მხედარს უჭირდა ნებიერი ულაყის შეკავება... საცაა, თავს აიწყვეტდა და გააქანებდა არტავაზს მუხრანისკენ. ანდა იქნებ დიღმისკენ გასეირნება ეწადა სამეფო თავლის რჩეულს? შეატყო თანშეზრდილს, დაქვეითება ეწადა და გაურჩებული პირუტყვი არ აძლევდა საშუალებას... ოციოდე ნაბიჯიღა დარჩენოდა ვახტანგამდე, გაქანებული ცხენიდან გადმოხტა ვაჟი და ძლიერი მარჯვენით ცხენიც