მაჟი ნუარის სურნელი მანქანაში ორნი ისხდნენ: ქალი და მამაკაცი. ქალი მოუთმენელ მზერას არ აშორებდა საცხოვრებელი კორპუსის განაპირა სადარბაზოს. თან გაშმაგებული ეწეოდა სიგარეტს. ყოველი მოწეული ღერის შემდეგ ტუჩებს ალისფერი პომადით იახლებდა და მანქანის სარკეში ამოწმებდა კონტურის სისწორეს. გაზეთში თავჩარგული კაცი გატაცებით კითხულობდა, ქალს აშკარად ნერვები ეშლებოდა. ბოლოს ვერ მოითმინა. გაკენწლა.
- რკინის ნერვები გაქვს, ვერაფერს იტყვი!
კაცმა გაზეთი დაკეცა და მძიმედ ამოიოხრა.
- უბრალოდ ნერვების მოთოკვა შემიძლია. - თქვა პაუზის შემდეგ. - შენც იგივეს გირჩევ. ჩააქრე სიგარეტი, გაიბუღა მანქანა!
- აბა, შენი შვილის კარიერას ემუქრებოდეს საფრთხე!
კაცმა დაბინდულმინიანი სათვალის ზევიდან შეხედა. ერთდერთ საღ თვალში საყვედური იკითხებოდა. ქალი მიხვდა: ზედმეტი მოუვიდა - სისულელე დააყრანტალა. კაცს საკუთარი შვილივით უყვარდა მისი გოგო, მაგრამ ახლა ისეთ გუნებაზე იყო, უსათუოდ ვინმე უნდა დაეგესლა. რა მისი ბრალია თუ ქმარი შერჩა?!
- ნუ მებუტები, რაა... - ქალის გრძელი, ლაქწასმული ფრჩხილები შემრიგებლურად აფხაჭუნდა კაცის მკლავზე.
- სამსახურში მაგვიანდება.
- ცოტაც დავიცადოთ. ჩემი ვარაუდით, სადაცაა გამოჩნდებიან.
- არ მომწონს ეს წამოწყება... არც ჩემი თავი მომწონს ამ ამპლუაში.
- რას გულისხმობ?
- ჯაშუშობა ჰქვია რასაც ახლა ვაკეთებთ.
- მოიცა, რა... ასეთ პიკანტურ საქმეს ოჯახის წევრის გარდა ვერავის ვანდობ. ხომ იცი, ჭორი თუ აგორდა, მერე ვირუსივით გავრცელდება და კარგად მეყოლე. - ქალმა მშვიდად დაიწყო და მოულოდნელად გაწიწმატდა, ყელზე - ძარღვები, ცხვრიზე კი ნესტოები დაებერა. - არ დავუშვებ ჩემი გოგონას სახელს ჩრდილი მიადგეს!
კაცმა გვერდულად შეხედა. გაწიწმატების ხარისხი შეამოწმა. გრადუსი მაღალი იყო. როგორმე უნდა დააშოშმინოს:
- რეკლამის თვალსაზრისით პატარა ჭორი სასარგებლოც კია.
- გააჩნია ჭორს! თუ ლაპარაკი საყვარულზეა, გეთანხმები. თავმოყვარე მომღერალს უნდა დასდევდეს სასიყვარულო ინტრიგის მსუბუქი შლეიფი. მთავარია, სწორედ შეირჩეს კანდიდატი. ვინმე წონიანი ტიპი და არა ის საყურიანი როკერი, რომელიც ამინდს კი აქ ქმნის, პირიქით, აფუჭებს. თუ ჩემი ეჭვები დადასტურდა, ჩათვალე, ჩვენი გოგონას კარიერა დამთავრებულია. სხვა მიიღებს იმას, რაზეც ამდენი წელი ვოცნებობდით: სოლო კონცერტს, სადებიუტო ალბომს, ანშლაგს, აპლოდისმენტებს, ფეშენ-ტივის, პოპულარობას, ფულს... ყველაფერს! ამიტომ უნდა მივიღოთ პრევენციური ზომები, თორემ არც მე მეხალისება აქ ყურყუტი.
- იქნებ... იქნებ პროდიუსერი აგვეყვანა? გავიკითხოთ...
- პროდიუსერი კომპოზიტორს ვერ შეცვლის. - მოუჭრა ქალმა. - ყურებით მყავდა დაჭერილი ის ვერაგი ფანტომასი, რას წარმოვიდგენდი თუ ასე უნამუსოდ დაგვაღალატებდა.
- ეტყობა ნამეტანი გყავდა დაჭერილი, იმიტომაც გადაერთო სხვაზე. ცხადია, თუ გადაერთო.
- აი, თუ არ გადაერთო! - ქალმა ლამის თავით გაანგრია პარფრიზი. - აი!
ორივე ეზოში შემოსრიალებულ „სიტროინზე“ გადაერთო. იქიდან ორნი გადმოვიდნენ: შლიაპიანი მამაკაცი შავი სათვალითა და სპორტულად ჩაცმული ქალიშვილი.
- დარწმუნდი? - წაისისინა ქალმა. - ახლა ხომ დარწმუნდი?
- და?
- აწი მე ვიცი და ჩემმა ქალობამ! ჯოჯოხეთს მოვუწყობ. ორივეს!
- - -
ამ კლუბში დიმიტრი ძნელაძე, შეიძლება ითქვას, ქარმა გადმოაგდო. ქარის ამპლუაში ფოტოკორესპონდენტი გურამ ხალვაში მოევლინა, რომელსაც ტელეკომპანიის ეზოში გადაეყარა და რომლის დაჟინებული თხოვნით აღმოჩნდა ფართოდ რეკლამირებულ ღამის კლუბში.
- რას მერჩოდი? - ჰკითხა დიმიტრიმ, როცა კლუბის დაცვამ ჯინსის ქურთუკი დაუწუნა: აქაოდა, დრეს კოდს არ ექვემდებარებაო, მაშინ, როცა ფოტოაპარატით შეიარაღებულ გურამს მეგობრულად ჩაუკრეს თვალი.
რას იზამ, პრესის ფურცლებზე მოხვდრა უნდა ყველას: ამომავალი ვარსკვლავიდან დაწყებული, ჩამქრალი ან ჩაქრობის სტადიაში მყოფი ვარსკვლავებით დამთავრებული. მათი სიცოცხლისუნარიანობა გურამის აპარატზე იყო დამოკიდებული, ხოლო კლუბის პრესტიჟი - ვიპ პერსონების სტუმრიანობაზე.
ტანდაბალი გურამი ფეხის წვერებზე აიწია, მცველს ყურში რაღაც მაგიური სიტყვა ჩასჩურჩულა, რასაც მცველის გაგებული თავკანტური და კლუბის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შესვლა მოჰყვა.
შესვლით შევიდნენ, მაგრამ კლუბი ფასიანი აღმოჩნდა. დიმიტრი საკუთარ თავზე გაბრაზდა. უკვე მეორედ. „რა მინდოდა აქ?“ შეიკურთხაა ხმადაბლა და... პატიოსნად გადაიხადა კლუპში შესვლის საფასური, მაშინ, როცა გურამი უფასოდ შეძვრა.
კაცმა რომ თქვას მეტის ღირსია! მთელი დღე ცდილობდა თავი აერიდებინა სავალდებულო სუფრისთვის, რომელიც საფრანგეთიდან სტუმრად ჩამოსულმა დედამ მის პატივსაცემად გაშალა და დესერტად მონატრებული საანათესაო მოაყოლა. იმიტომაც დათანხმდა იოლად გურამის წინადადებას, რომელმაც ცოცხალი მუსიკით შეახარბა და ისე შეიყოლა ლაპარაკით, გააზრება ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ტაქსში.
- ჭამის საშუალება არის ამ ნუვორიშულ დაწესებულებაში? - დიმიტრის კუჭი აუწანწალდა.
- რატომ ასე ვ-ვულგარულად?! - ეწყინა გურამს, - თბილისის მასშტაბით ნომერ პირველი კლუბია. ფეისკ-კკონტროლის გარეშე აქ ჩიტი ვერ შემოფრინდება.
დიმიტრიმ ირონიული მზერა შეავლო მოკლეფეხება, გოჭივით ჩასუქებულ გურამს,