აჭარა
ვახუშტი ცერცვაძე გამთენიისას ცხენის ფრუტუნმა გამოაღვიძა. გამომშრალი პირით დაიჭირა ჰაერი, ტუჩები ააცმაცუნა და მიხვდა - ეს წუხანდელი ქეიფის გამოძახილი იყო. ფრუტუნში გარდამავალ ბგერებს კი პირადად ის გამოსცემდა. ცხადია, ძილში. ყველაფერი სტკიოდა - თავი, კუჭი, ყელი, ტვინიც კი. რაც იმას ნიშნავს, რომ ნაბახუსევზე ტვინის განძრევა აკრძალულია. აკრძალულია და მორჩა! განძრეული ტვინი ბიძგს აძლევს აზრს, აზრი - ფიქრს, ფიქრი სინდისს აღვიძებს... გამოღვიძებული სინდისი კი უსათუოდ აჯახებს: „გრცხვენოდეს მოქალაქე ცერცვაძე! ამის შემდეგ შენ მერობის კანდიდატი კი არა, გაუთლელი მუტრუკი ხარ! მუტრუკის ადგილი კი ბირჟაზეა, და არა სახელისუფლებო ოლიმპზე“.
სირცხვილის შემოტევას ვახუშტი საბნის ქვეშ დაემალა. ახლა რომ ნოტაციების კითხვის მანიით შეპყრობილი ლელიკო დასცხრომოდა თავზე, შეიძლება აქვე, ლოგინშივე ამოერწყია მთელი გუშინდელი საღამო, თავისი ღვინით, მწვადით, ჯიგრით, ჯონჯოლით და, პრაქტიკულად, უცნობი გარემოცვით.
ლელიკო ვახუშტის საყვარელი იყო, პროფესიით - ფსიქიატრი, რანგით - განყოფილების უფროსი, მოწოდებით - მასწავლებელი. ლელიკოს გვერდით ვახუშტის არ ტოვებდა შეგრძნება, რომ რაღაც დააშავა და დამსახურებულ გაკიცხვას იმსახურებდა, როგორც მოწაფე ცუდად ნასწავლი გაკვეთილისთვის. რატომ უნდა გრძნობდეს ქალაქ ბათუმის ყველაზე სასურველი სასიძო თავს მოწაფედ? ამ კითხვაზე პასუხი ვახუშტის ნაბახუსევზე კი არა, ფხიზელ გონებაზე არ გააჩნდა.
კმარა! არავითარი კითხვები! საკუთარი უსაქციელობის ლელიკოსთვის გადაბრალებას გამოძინების მერეც მოასწრებს.
ასამდე დაითვალა და ვერ დაიძინა; ზღვაში ჩაცურებული მზე წარმოიდგინა - ვერ დაიძინა; სავანაში გაწოლილი ლომები წარმოიდგინა - ვერ დაიძინა; „ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა“ გაიარა - ვერ დაიძინა; მატარებლის ბორბლების რახრახი წარმოიდგინა... და უცებ მიხვდა შფოთის მიზეზს - საბანს მატარებლის სპეციფიკური სუნი ჰქონდა: ქლორის, ნესტის, სხვისი ნაწოლის...
„ფუი შენი“, გულიანად შეიკურთხა და საბნიდან თავი ამოყო.
სჯობდა არ ამოეყო. მატარებლის სუნს ვინ დაეძებდა? სხვის სახლში იწვა, სხვის ლოგინში, შესაბამისად, თავზე სხვისი ჭერი დასცქეროდა. ამჯერად, უფრო ძარღვიანად შეიკურთხა - მთელი არსებით, მაგრამ არც ჭერს შეუცვლია კონფიგურაცია, არც საბანი აორთქლებულა. სულ რომ ტყავიდან ამომხტარიყო, რეალობას ვერსად გაექცეოდა. გამოდის, კი არ დათვრა, ისე გაილეშა, წარმოდგენა არა აქვს, სად იმყოფება?!
ჰო, მართლა, სად იმყოფება?
ჯუმბერას ეცოდინება, მძღოლს... ის არასოდეს ტოვებს შეფს გაურკვეველ ვითარებაში.
მიმოიხედა.
ინტერიერის გათვალისწინებით, სასტუმროს ნომერი უნდა ყოფილიყო. სტანდარტული ავეჯი - კარადა, ტუმბო, სკამი; კედელზეც სტანდარტული რეპროდუქცია - პალმა, ზღვა, ნავი და... და ქალი!
ის იქვე იწვა, ყურის ძირში, უფრო სწორად, გვერდში, და ვითომც არაფერი, ეძინა. სახე არ უჩანდა, მაგრამ ვახუშტი გუმანით მიხვდა: „მეძავია“. მომწვანო-მოყვითალო შპალერის ფონზე უხეირო იკებანად იკვეთებოდა ინდიგოსფერი თმის ბუჩქი.
ვახუშტიმ მწარედ ამოიოხრა. მეძავის გვერდით გაღვიძებას, ლელიკოს ნოტაციები ერჩია. უღირსი ფიქრის გამო თუ დაისაჯა... აი, მივა სახლში და დღესვე სთხოვს ხელს. მართლა და მართლა, როდემდე შეიძლება ნამთვრალევზე რესტორნის იაფფასიან კახპებზე ჯირითი, როცა სახლში სერტიფიცირებული ექიმი ქალი გელოდება! მამიდამისისთვის რომ გეკითხა, ლელიკო არ იყო მისი შესაფერისი და ენთუზიაზმით ურიგებდა „ციდან მოწყვეტილ უმწიკვლო ვარსკვლავებს“. მამიდასთვის მთავარი კრიტერიუმი ქალწულობაა. ქალს, რომელიც წინასწარ „ჩოუხტება“ კაცს ლოგინში, სარძლოდ განხილვის ღირსადაც არ თვლიდა. ლელიკო არა მხოლოდ „ჩოუხტა“, არამედ „ჩოუსახლდა“, და ახლა თვალი მის ქონებაზე ეჭირა. ასე თვლიდა მამიდა. რაღა დასამალია, უქონელი სასიძო ალბათ არც იმ „ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავებს“ სჭირდებოდათ. მოკლედ, ვახუშტის ქონების გარშემო იმდენად არაჯანსაღი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რომ ამ უკანასკნელს ყველა ქალში პოტენციური მონადირე ელანდებოდა. ისინი ბევრნი იყვნენ, მონადირეები, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე თავს ჯულია რობერტსის გმირთან აიგივებდა, ფილმიდან „ლამაზმანი“. გულწრფელად სჯეროდათ, რომ „ერთი ხელის დადება ბათუმში“ შესაძლებელია ისეთივე მელოდრამა გათამაშებულიყო, როგორც ამერიკულ მეგაპოლისში, ვახუშტი ცერცვაძე კი რაღაც მანქანებით რეინკარნაციას განიცდიდა და რიჩარდ გირად მოევლინებოდა გზააცდენილ ბეკეკებს.
ვინ იცის, ეს ინდიგოსფერი ბუჩქიც ამ მიზნით შემოუძვრა ლოგინში.
ვახუშტიმ ზიზღით იბრუნა პირი და წამოდგომა სცადა.
არადა, ცოლის შესახებ საარჩევნო შტაბშიც გადაუკრეს სიტყვა - დაოჯახებული რომ ყოფილიყავი, ერთიორად მოიგებდი ამომრჩევლის გულსო, 35 წლის ბერბიჭა ხალხში ეჭვებს ბადებს და ჭორების საბაბს იძლევაო.
საცვალს იატაკზე მიაგნო, ორი თითით დაითრია და დარეტიანებული შეეხეტა საპირფარეშოში. პირსაბანის სარკემ მისი დაჭმუჭნული სახე აირეკლა. ამომრჩეველმა რომ ასეთი ფიზიონომიით ნახოს, არც მოუსმენს! ხმის მიცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამბიციას მოუკვდა პატრონი, თორემ ცოცხალი თავით არ წავიდოდა პოლიტიკაში. თუ წავიდოდა, პირდაპირ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ყოველგვარი წინასაარჩევნო