ლექსო დორეული
დაჯექი, მკითხველო! „მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო!
შენ იყავი პაატა შამუგია,
მე ვიქნები ღმერთი!“
პაატა შამუგია
„უფალო, იქნებ ცოტა ხანი გავცვალოთ როლი
შენ გახდი პეტრე...“
მამა პეტრე, იგივე კვარაცხელია
(პაატა შამუგიას „დაუჯდომელის“
ტექსტუალური ანალიზის ცდა)
პაატა შამუგია, როგორც „ნივთი თავისთავად“ (ნოუმენი), უკვე არის იმ რანგისა და დამსახურების პოეტი, რომ თამამად შეუძლია, მსოფლიო ლიტერატურიდან ამოირჩიოს რომელიმე კლასიკოსი ავტორი და დემონსტრაციულად შეიჯავროს მისი შემოქმედება და არამც და არამც - პიროვნება. მართალია, ამგვარი პრივილეგიისათვის დაბადებულთა არც თუ ისე მცირე ნაწილი წარმატებით არის ათვისებული (მარტო ტოლსტოისა და შექსპირის, ნაბოკოვისა და დოსტოევსკის, ერეკლე საღლიანისა და ელიოტის, უელბეკისა და პრევერის, პაუნდისა და უიტმენის ურთიერთობათა მაგალითები რად ღირს), მაგრამ, მონდომების შემთხვევაში, პაატა, ალბათ, მოახერხებს დარჩენილი, ვაკანტური კლასიკოსებით შემდგარი სიიდან მისთვის სასურველი კანდიდატის შერჩევას.
მკითხველი ამ საპატიო შესაძლებლობის მორალურ ლეგიტიმურობაში მაშინვე დარწმუნდება, როგორც კი მის წიგნს - „დაუჯდომელი“ (აქვე უნდა ითქვას, რომ კრებულის სათაური ზედმიწევნით შესაბამისია შინაარსისა და ფორმის კატეგორიების) - თვალს შეავლებს.
მოგეხსენებათ, საუბარია ლექსების კრებულზე, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში რაღაც ახალს დაუდო სათავე და სავსებით დამსახურებულად, უკონკურენტოდ (დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონი ცირა ბარბაქაძის სერიოზულ ლიტერატურულ არტეფაქტად განხილვა მიჭირს) მოიპოვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „საბა“.
არტურ შოპენჰაუერი წერდა: „მე მაშინ ვწერ, როცა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი. ხოლო თუ ჩემი ეს წესი საყოველთაო გახდება, სამყაროში სულ რამდენიმე წიგნიღა დაიწერება“-ო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „დაუჯდომელი“ ერთ-ერთი იმ „რამდენიმეთაგანია“, რამდენადაც პაატამ შეძლო შეექმნა ტექსტი, რომელიც განუხორციელებლად ეგზისტენციალურია, რადგან მასში სარგებლობა წინ უსწრებს სიამოვნებას.
ხსენებული პროექტი დასრულებული როდია - პირიქით, ეს მას გააუქმებდა; „დაუჯდომელი“ მოძრაობის, პროცესის წიგნია, რომელიც თვითდაფუძნებას ჰპოვებს იმით, რომ მკითხველისგან განყენებისთანავე ანაზდეულად არტიკულირდება ყოველგვარ სოციალურ პრაქტიკაში განუხორციელებად ლიტერატურაში, როგორც „გრანდ ნარატივში“. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, პაატამ შექმნა ტექსტი, რომელსაც არსებობისათვის არ ესაჭიროება მკითხველი და აწმყოს თანადასწრებულობა, როგორც მიმართების ობიექტები. ის არის თვითკმარი ორი ძირითადი თვალსაზრისით:
1) მას შემდეგ, რაც განსახილველი ტექსტი განუდგება, მიატოვებს მკითხველს, არ წყვეტს არსებობას და საკუთარი მყოფობის გამართლებას (დაფუძნებას) იწყებს თავისივე თავში.
და 2) შელინგის პერიფრაზს რომ მივმართო: ის არ არის ახალი დროის ყველა სახარებისაგან გულაჩუყებული, ანუ მასში ყოველთვის გაცილებით მეტია მოცემული, ვიდრე რეფლექსია იმ მყიფე და არამყარ პრობლემათა ჯამზე, რასაც ზოგჯერ თანამედროვეობასაც ვეძახით.
ეს უკანასკნელი ფაქტორი, უწინარესად, გულისხმობს იმას, რომ კრებულში წარმოდგენილი პოეზია თანამედროვე საქართველოს კონკრეტულ-ლოკალურ პრობლემებზე რეაქციას არ წარმოადგენს, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. პაატა შამუგია არ არის რიგითი პოეტი-სოციოლოგი, რომელიც საკუთარ ლექსებში პანაშვიდს გადაუხდიდა შაბიამნით მოწამლულ მეზობელს, ანდა დერიდას ერთ-ერთ, რადიოში მოსმენილ ფრთიან ფრაზაზე დაყრდნობით დაამუნათებდა წმინდა სინოდის რომელიმე გაზულუქებულ წევრს. ამ ავტორის სოციალურ თემაზე დაწერილ ლექსებში დაკვირვებული მკითხველი ამოშიფრავს იმ მეტაფიზიკურ შინაარსებსა და განწყობებს, რომელთა განამდვილებაც, გამართლებაც ხშირად სწორედ ყოველდღიურ, რუტინულ, ადამიანურ მუნყოფიერებაში ხდება. პოეტის ამგვარ არჩევანს აქვს თავისი თეორიული საფუძველი პაულ ტილიხიდან მომდინარე პარადიგმაში, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, თვით ყველაზე სპეკულაციური ონტოლოგიური სისტემის ფესვები სოციალურ პრაქტიკაში შეიძლება იქნას გასაგნებული და ამოკითხული.
პაატა შამუგია არც პოეტი-რეაქციონერია, რომლის მიზანიც ყოველგვარი „სხვა“-სგან გამიჯვნა და მასთან დაპირისპირებაა. ის ჭეშმარიტი დეკონსტრუქტივისტია, რადგან, განსხვავებით ფსევდოლიბერალებისაგან, რომლებიც მუდმივი ოპოზიციის პოზიციაში იმყოფებიან და მიმართავენ მხოლოდ დემონტაჟის პოლიტიკას ისე, რომ არაფერს აშენებენ, პაატა ცნებებსა და ტრადიციათა ტაბუებს, დრომოჭმულ კონცეპტებს უპირისპირდება და თავადაც გვთავაზობს ყოფნის ალტერნატიულ შესაძლებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი მიზანი (და „ტელოსიც“) მხოლოდ ნგრევა, არარსებობა კი არ არის, არამედ შეიძლება იმავე ნანგრევებიდანაც კი ახალი სინამდვილის რეკონსტრუირება (იხ. ლექსი „სანიშნე“ - „როცა ქვების აცდენას ვისწავლი და ჩემკენ ნასროლი ლოდებისგან ტაძარს ავაგებ“), ანდა არსებობის წიაღში მყოფი არარსებობაა.
მერე და, ამ გარემოებას მართლაც რა მართებულად და მახვილგონივრულად შენიშნავს წიგნის უკანა ყდაზე გიორგი ხასაია: „პაატა შამუგია მიმართავს წერის ისეთ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია უართან - ის ენობრივ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოეტურის ტრადიციულ გაგებას ქართულ პოეზიაში“.
ყოველივე ეს, ცხადია, იმის დამსახურებაა, რომ პაატა შამუგია ინტელექტუალი პოეტია, რომელიც გამოწვლილვით კარგად იცნობს ფილოსოფიის ისტორიას. ამის საზომი პოეზიაში შეიძლება იყოს კონკრეტული ცოდნისეული, რაციონალური გამოცდილების იმგვარი პოეტური გადააზრება, შეიძლება ითქვას, განსაზღვრაც (სახელდებაც) კი, რაც შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი ტექსტის უკიდურესად ღრმა ცოდნის გარეშე. ქართულ პოეზიაში ამის კლასიკური მაგალითია გალაკტიონის