დრო – კრიტიკოსი
არსებობს თუ არა ქართული კრიტიკა?
თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში საღი აზრის მოხელთება ზოგჯერ ისე ძნელია, როგორც ბუზის დაჭერა ცარიელი ხელებით, მაგრამ, სიტუაციის ტრაგიკომიკურობის მიუხედავად, არის ამ სიძნელეში რაღაც პათეტიკური, რაღაც ძალზე ნაცნობი, რომელიც ადვილად ხსნის შექმნილი მომენტის შთაბეჭდილებას, თუ შთაბეჭდილების მომენტს, – როცა არ გსურს მიიღო და აღიარო ის, რასაც ხედავ, მაგრამ შინაგანად მაინც იქ დგახარ, სადაც ეს ტრაგიკომედია თამაშდება მთელი თავისი სამამულო ანტურაჟითა და შინაური შემსრულებლებით, რომლებიც თავდავიწყებით თამაშობენ საბედისწერო როლებს, მოგონილი დაუნდობლობით უნგრევენ ერთმანეთს ქვიშის კოშკებს და ნაყავენ წყალს აზოვნებისა და პროგრესის სახელით, და, მართლაც, კაცმა რომ თქვას, არაფერი ხდება ისეთი, რაც ერთი ნაბიჯით მაინც გასცდებოდა ყველაზე გულუბრყვილო თამაშის წესებს. უდავოა, რომ ავტონომიური რეალობიდან გასული ჩვენი ლიტერატურა კრიზისული კულტურის ენაზე მეტყველებს, რითაც ძირითად ხაზებში იმეორებს იმ კონტურებს, რაც თანამედროვე მსოფლიო კულტურის კრიზისმა გამოკვეთა „საერთო მოხმარების“ უნივერსალურ ჩარჩოებად, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ენაზე მეტყველებს ლიტერატურა, მთავარია, როგორ მეტყველებს და რას მეტყველებს და, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ მხრივ არცთუ სახარბიელოდ გამოვიყურებით, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხედავ მიზეზს იმისათვის, რომ საწინააღმდეგო თვალსაზრისი გვემტკიცებინა, ან როგორღაც უარი გვეთქვა სიტუაციის ემოციურ შეფასებებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მდგომარეობა გვაიძულებს კრიტიკულ სიტუაციას სწორედ კრიტიკულად შევხედოთ, ანუ ვილაპარაკოთ იმ ენაზე, რომელსაც ჩვენი ლიტერატურა არათუ არ აღიარებს, საერთოდ არარსებულად მიიჩნევს.
ერთი შეხედვით, მართლაც პარადოქსია, კრიტიკის არსებობას არ აღიარებდნენ ისეთ ჰიპერკრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში, როგორსაც ამჟამინდელი ქართული სოციუმი წარმოადგენს. მაგრამ, მეორე მხრივ, პარადოქსი სწორედ ის იქნებოდა, კრიტიკის არსებობა ეღიარებინათ იქ, სადაც არაფერს აღიარებენ.
რასაკვირველია, ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, კრიტიკის არარსებობის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მსჯელობდნენ. მას შემდეგ არ დარჩენილა არც ერთი ეპოქის არც ერთი ლიტერატურა, მწერლობის ამ დარგის გასწვრივ დიდი კითხვის ნიშანი რომ არ დაესვა, მაგრამ საგულისხმო ის არის, რომ რაც უფრო მტკიცედ ასაბუთებდნენ კრიტიკის არარსებობას, მით უფრო აუცილებელი ხდებოდა მისი არსებობა. ვგონებ, სადავო არ უნდა იყოს, რომ ყოველგვარი შემოქმედება, სიტყვიერი იქნება იგი თუ ნივთიერი, თავის თავში ატარებს შეფასების აუცილებლობას. როცა უფალმა გადახედა თავის შესაქმეს, თქვა: „კარგია“. აქედან გამომდინარე, ქმნილების დანახვა, აღქმა, წაკითხვა, რეცეფცია, რაც სრულიად ბუნებრივი და ონტოლოგიურად გარდაუვალი მოვლენაა, სხვა არაფერია, თუ არა შეფასება – ქმნილების ფიქსაციის, მისი არსებობის აღიარების ერთადერთი გზა, რომელსაც სხვაგვარად კრიტიკას უწოდებენ.
ჩვენში კრიტიკა იმიტომ არ არსებობს, რომ ყველა კრიტიკოსია. დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში სანთლით ვერ მოძებნით მწერალს, საკუთარი შემოქმედების კრიტიკას რომ აღიარებდეს, თუმცა – ვერც ისეთ მწერალს ნახავთ, თანამოკალმეების მიმართ კრიტიკულად რომ არ იყოს განწყობილი, რაც, სხვა თუ არაფერი, იმას მაინც მოასწავებს, რომ სადღაც სუბიექტივიზმის რომელიღაც ხარისხში ჯერ კიდევ ბჟუტავს
კრიტიკის ნაღვერდალი. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ კრიტიკა, როგორც შემოქმედებითი აზროვნების ფორმა, მაღალი ლიტერატურის ნაყოფს წარმოადგენს და არსებობს იქ, სადაც არის ნამდვილი ლიტერატურა, სადაც არის ჭეშმარიტად შემოქმედებითი ცხოვრება, სადაც „არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად“ (ილია ჭავჭავაძე).
სრულიად მართებულია მოსაზრება, რომ კრიტიკოსი არის ხელმოცარული მწერალი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც არაფერს ნიშნავს ის, რომ მწერალი შეიძლება იყოს ხელმოცარული კრიტიკოსი. ამ საბედისწერო ნიშნით კრიტიკოსი და მწერალი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, სამაგიეროდ, განსხვავებაა იმ მხრივ, რომ მწერალი ძირითადად თავის ნაწარმოებებს კითხულობს, კრიტიკოსი კი – სხვისასაც. კრიტიკისადმი უნდობლობა ადამიანური თვისებაა და ალბათ საგანგებო ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რატომ აღიზიანებს მწერალს საკუთარი შემოქმედების მიუკერძოებელი ანალიზი – იმიტომ, რომ თვალდათვალ ხედავს, როგორ ეძალავებიან და აშიშვლებენ მის აზრებს, რომლებსაც საგულდაგულოდ ნაქსოვი ქვეტექსტებით მოსავდა; გაშიშვლება, უნდა არ უნდა, ავტორის თვალში ძალადობასთან, ღირსების შელახვასთან, სიწმინდის წახდენასთან არის გაიგივებული. მწერალს ურჩევნია დატკბეს დილეტანტის პათეტიკური დითირამბებით, ვიდრე ყური უგდოს პროფესიონალის საქმიან შენიშვნებს. უნდობლობისა და უარყოფის ბურუსს ვერაფერი გაფანტავს, ბოლომდე ვერასოდეს გაუგებენ ერთმანეთს მწერალი და კრიტიკოსი, რადგან ერთი მეტაფორების ენაზე მეტყველებს, მეორე – ლოგიკის ენაზე, ერთი სამყაროს შეისწავლის, მეორე – ლიტერატურას.
ნუთუ მართლა ასეა საქმე – „კრიტიკოსმა იკითხოს, მწერალმა წეროს?“ საერთოდ, მარგინალური თვალსაზრისების გარეშე ლიტერატურა ერთობ მოსაწყენი თამაში იქნებოდა, მაგრამ სწორედ თამაში მოითხოვს წესებს, რომელთა დაცვა ზღვრულ სიტუაციებში აუცილებელი ხდება ხოლმე. ტრადიციული წარმოდგენით, ლიტერატურული ყოფიერება, როგორც სტრუქტურა,