წინასიტყვაობა ფლორენციაში მატარებლით ჩასული კაცი ალბათ ტაქსის არ აიყვანს და ფეხით ამჯობინებს გასეირნებას. ჯერ ვია პანცანის გაუყვება და სანტა-მარია-ნოველას გოტიკური სტილის დომინიკელთა მონასტერს ჩაუვლის, შემდეგ კი, ვია ჩერეტანის გავლით, სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძრამდე მივა. თუ ჩვენი წარმოსახვითი სტუმარი შემდეგ ჩრდილოეთისკენ შეუხვევს, მედიჩების ძველ სასახლეს წააწყდება ვია ლარგაზე (ამჟამად - ვია კავორი) და ალბათ შიგნითაც შეიხედავს, რათა დატკბეს ბენოცო გოცოლის ფრესკებზე აღბეჭდილი ოდესღაც ძლევამოსილი გვარის დიდებით.
თუმცა, ჩვეულებრივ, სტუმრები გზას აგრძელებენ ხალხმრავალი ვია კალცაიოლით, რომელიც სულ ერთიანად XIX საუკუნეშია ჩაძირული; ფლორენციის ისტორიული ცენტრი კი „პიემონტელი მწყემსების პატარა ტაძრებს“ გაუვსია: მათთან შედარებით ძველი დროის ბარბაროსებს ბევრად დახვეწილი და კეთილშობილი მხატვრული და ისტორიული გემოვნება ჰქონდათ. ზემოხსენებული ქუჩის ბოლოს მდებარე სინიორიის მოედანიც კი ვერ ასცდა მსგავს ობივატელურ დამოკიდებულებას: აქ XV საუკუნის არქიტექტურული ნაგებობების მიბაძვით აგებული ვეებერთელა შენობები ჩრდილავენ შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის მშვენიერ ძეგლებს.
უფრო მძიმე სურათია ვია პორ სანტა-მარიაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელი შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა ომისშემდგომმა რეკონსტრუქციამ. მხოლოდ რამდენიმე ძველი კოშკი თუ მოგვაგონებს გარდასული ეპოქების ატმოსფეროს. ქუჩის ბოლოს პონტე ვეკიოს ხიდია. ის დღემდე მხოლოდ ვერმახტის ჯარისკაცების „წყალობით“ შემორჩა: მათ მდინარეზე გადასასვლელის ბლოკირებისთვის - უნაკლო, თუმცა დამახინჯებული გეგმის მიხედვით - ხიდის ნაცვლად სახლები ააფეთქეს მდინარის ნაპირზე. და მაინც, როგორი ტრაგედიაც არ უნდა ყოფილიყო პონტეს განადგურება, მისი აღდგენა მაინც შესაძლებელი იქნებოდა, ისევე როგორც სხვა ხიდებისა მდინარე არნოზე, თუმცა ამ ნაგებობის გადარჩენას ბევრად უფრო ძვირფასი არქიტექტურული მარგალიტები შეეწირა. „ფლორენცია მოკოხტავდა იმ ქალის მსგავსად, რომელსაც ჩაის სმის დროს ბომბმა მოუსწრო“, - წერდა პოეტესა კრისტინა კამპო. თუმცა ქალური გულგრილობა მაინც ვერ მალავს შრაპნელისგან დატოვებულ იარებს.
მდინარის მეორე ნაპირზე, უკვე ვია გვიჩარდინიზე, გვერდით ჩაუვლით სანტა-ფელიჩიტას ყოფილ მონასტერს, სადაც ინახება ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შედევრი - მხატვარ იაკოპო პონტორმოს ფუნჯით შესრულებული „გარდამოხსნა“; ტილომ დღემდე შეინარჩუნა პირველქმნილი სახე. რამდენიმე მეტრში დავინახავთ მემორიალურ დაფას, რომელიც იშვიათად იქცევს გამვლელთა ყურადღებას: წარწერა გვამცნობს, რომ ამ სახლში ოდესღაც ცხოვრობდა იტალიის გაერთიანების ერთ-ერთი მაცნე, პირველი, ვინც თეორიულად დაასაბუთა სამხედრო ვალდებულების აუცილებლობა სახელმწიფოს თავისუფლებისათვის. გასაკვირი არ არის, რომ დაფაზე აღნიშნულია 1869 წელი: ამ წელს მთელ დასავლეთ სამყაროში ერთგვარ მოდად დამკვიდრდა გარკვეული დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. არავინ იცის, იზიარებდა თუ არა თვითონ მსგავს სენტიმენტალურ რიტორიკას, მაგრამ ალბათ ვერაფრით იცნობდა ამ კედლებს, რადგან მისი ნამდვილი სახლი, ისევე როგორც ბევრი სხვა შენობა ვია გვიჩარდინიზე, გერმანულმა ჭურვებმა გაანადგურა 1944 წლის 4 აგვისტოს.
ისევე როგორც თავად ფლორენცია, ოდესღაც აქ მცხოვრები ნიკოლო მაკიაველიც გაანადგურეს, მერე აღადგინეს, შეასწორეს და რეტუში გაუკეთეს; ადამიანთა დაუდევრობამ და დროის დამანგრეველმა ძალამ არაერთი განსაცდელი დაატეხა თავს. თითქოს მშობლიური ქალაქის ბედს იმეორებსო - მისი ნეშტიც კი ძნელად ამოსაცნობი შეიქნა.
წიგნში - „სამხედრო რევოლუცია: სამხედრო სიახლეები და დასავლეთის სიდიადე“ - ცნობილი ისტორიკოსი ჯეფრი პარკერი იმოწმებს ინჟინერს, რომელმაც 1722 წელს დაწერა ტრაქტატი, სადაც გააკრიტიკა სამოცდაათი ავტორის მიერ შემოთავაზებული დაახლოებით 118 თავდაცვითი ნაგებობა და საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა (რიგით 119-ე). როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ეწია მაკიაველის. ყველა იმ ავტორმა, ვინც მისი ცხოვრების აღწერა სცადა, თავისებური ახსნა მოუძებნა ნიკოლოს ცხოვრებასა და შემოქმედებას, და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იგი არაერთმნიშვნელოვანი განმარტებების ობიექტი იყო. მაკიაველი თავიდანვე კრიტიკოსების საყვარელ სამიზნედ იქცა: იგი მიაჩნდათ პირველ პოლიტოლოგად, ახალი დროის პირველ ფილოსოფოსად, პიროვნებად, რომელმაც დრო და სივრცე დაძლია. ამავე კრიტერიუმებით, მას თავისუფლად შეეძლო პირველი თანამედროვე დრამატურგის ტიტულიც მოეპოვებინა, რადგან მართლაც პირველი იყო, ვინც საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა განსხვავება თეორიასა და პრაქტიკას შორის და ვინც პირველმა გააბრიყვა განმმარტებელთა არაერთი თაობა.
„ჭეშმარიტი“ მაკიაველის ძიებაში ბევრი ავტორი ცდილობდა მის პიროვნებასა და შრომებში გარკვეულიყო... და საბოლოოდ ნიკოლო სრულიად ამორფულ ფიგურად იქცა: იმპერიალისტი, პროტოლიბერტარიანელი, ათეისტი, ახალი წარმართი, მტკიცე ქრისტიანი, თავისუფლების მოყვარული რესპუბლიკელი, დესპოტების მოძღვარი, სამხედრო ხელოვნების გენიოსი, კაბინეტის სტრატეგი, რეალისტი, იდეალისტი და თანამედროვე პოლიტოლოგიის იდუმალი დამფუძნებელი. საინტერესოა იმის აღმოჩენა, რომ მაკიაველის ბევრი თანამედროვე მის იდეებში ვერანაირ პრაქტიკულ სარგებელს ვერ ხედავდა და თავად მას ახირებულ და ფანტაზიას აყოლილ ადამიანად მიიჩნევდა.
ნიკოლო მართლაც არ ყოფილა ერთმნიშვნელოვანი ფიგურა და მისი პიროვნების ზუსტი შეფასების მცდელობა რაღაცით ჰოთ-დოგის ჭამას მოგვაგონებს: ერთი მხრიდან კბეჩ და შიგთავსი მეორე მხარეს გარბის. უფრო