პირველი თავი ადრინდელი მოგონებები
როგორ მოხდა, რომ პოლარული მკვლევარი გავხდი? ამაში შემთხვევითი არაფერია, რადგან თხუთმეტი წლიდან მთელი არსებით ერთადერთი მიზნისკენ მივისწრაფოდი. ყველაფერი, რასაც მივაღწიე როგორც პოლარულმა მკვლევარმა, მთელი ჩემი ცხოვრების მოფიქრებული, კეთილსინდისიერი და გულმოდგინე მზადების შედეგია.
დავიბადე ბორგში, სარპსბორგის მახლობლად. სამი თვის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ოსლოში გადასახლდნენ. მეც იქ გავიზარდე, იქვე მივიღე განათლება. სწავლების ჩვეულებრივი კურსი განსაკუთრებული შემთხვევებისა და სიძნელეების გარეშე გავიარე. თხუთმეტი წლისას მამა გარდამეცვალა. ჩემმა უფროსმა ძმებმა მშობლიური კერა მიატოვეს, რომ სარჩო ეშოვათ. დავრჩით მე და დედა. მე მის სურვილს დავემორჩილე და ხელი მოვკიდე მედიცინის შესწავლას. მაგრამ დედის პატივმოყვარულ იმედებს, რომელთაც არასდროს თანავუგრძნობდი, განხორციელება არ ეწერა. თხუთმეტი წლისას შემთხვევით ჩამივარდა ხელში ინგლისელი პოლარული მკვლევარის,
ჯონ ფრანკლინის წიგნები და უდიდესი ინტერესით წავიკითხე. ფრანკლინის წიგნებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჩემ მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე. იმ მამაც ინგლისელთა შორის, ოთხი საუკუნის მანძილზე ამაოდ რომ ცდილობდნენ ჩრდილოდასავლეთის გასასვლელის დამორჩილებას, არავინ ყოფილა სერ ჯონ ფრანკლინზე გულადი. აქამდე წაკითხული წიგნებიდან ისე არაფერს გავუტაცივარ, როგორც მისი ერთერთი ექსპედიციის დაბრუნების აღწერას. ფრანკლინი მოგვითხრობს, რამდენიმე ამხანაგთან ერთად სამ კვირაზე მეტ ხანს როგორ ებრძოდა ყინულსა და ქარბუქს. მათი ერთადერთი საკვები ინდიელების მიტოვებულ სადგომში ნაპოვნი რამდენიმე ძვალი იყო და სანამ ცივილიზაციის უახლოეს ადგილს მიაღწევდნენ, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, საკუთარი ტყავის ფეხსაცმელებიც კი შეჭამეს.
საკვირველია, რომ მთელი მონათხრობიდან ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად სწორედ ფრანკლინისა და მისი თანამგზავრების მიერ გადატანილი გაჭირვების აღწერამ მიიქცია. უცნაური სურვილი გამიჩნდა, მეც განმეცადა ოდესმე ასეთივე ტანჯვა. ჩემში გაიღვიძა ახალგაზრდულმა აღტყინებამ, რომელიც ხშირად გიბიძგებს, წამება იგემო. ალბათ, ამ გრძნობის გავლენით იყო, რომ თავი პოლარული კვლევის ჯვაროსნად წარმოვიდგინე. მეც მწყუროდა, გადამეტანა ხიფათი და განსაცდელი ჩემი საქმის აღსასრულებლად, მაგრამ არა მცხუნვარე უდაბნოში იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე, არამედ ყინულოვან ჩრდილოეთში, აქამდე იდუმალი, დიადი უდაბნოს შეცნობის გზაზე.
ასეა თუ ისე, ჯონ ფრანკლინის მოგზაურობათა აღწერამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ჩემს მომავალზე. მიზნად დავისახე, პოლარული მკვლევარი გავმხდარიყავი, მაგრამ ამას საიდუმლოდ ვინახავდი და ვერც ვერასოდეს გავბედავდი დედისათვის გამენდო, რადგან ვიცოდი, რომ იგი არავითარ შემთხვევაში მხარს არ დამიჭერდა.
გადაწყვეტილების მიღებას როდი დავჯერდი, მაშინვე დავიწყე ხიფათით სავსე მომავალი ცხოვრებისათვის მზადება. მაშინ ჩვენში არ არსებობდა სპორტული ორგანიზაციები, დღეს რომ ყველგან ასეა გავრცელებული. ვიცნობდით მხოლოდ ფეხბურთს და თხილამურებს. ფეხბურთი ნაკლებ მიზიდავდა, მაგრამ ვარჯიში მაინც დავიწყე, რადგან მინდოდა სხეული გამომეწრთო და უფრო ამტანი გამეხადა. სათხილამურო სპორტი კი მომწონდა და მას მთელი გატაცებით მოვკიდე ხელი. ნოემბრიდან აპრილამდე, ყოველთვის, როცა სწავლისგან თავისუფალი დრო მქონდა, ნურმარკენში თხილამურებით მივდიოდი. სპორტის ამ სახეობაში სულ უფრო მეტ წარმატებას ვაღწევდი, ამასთან კუნთებსაც ვინვითარებდი. იმ დროს ზამთრობით სახლები მაინცადამაინც კარგად არ ნიავდებოდა; ამ საბაბით ძლიერი სიცივეების დროსაც კი ვცდილობდი, ძილის დროს ოთახში ფანჯრები ღია დამეტოვებინა და ლამის გიჟადაც კი მთვლიდნენ. დედაჩემი სერიოზულად მტუქსავდა, მე კი ვუმტკიცებდი, სუფთა ჰაერი მიყვარსმეთქი და ამით ვამშვიდებდი. სინამდვილეში ეს ჩემი წვრთნის ერთერთ ნაწილს შეადგენდა.
თვრამეტი წლისამ გიმნაზიაში გამოსაშვები გამოცდები ჩავაბარე და უნივერსიტეტში შევედი მედიცინის შესასწავლად. ისევე როგორც ყველა დედას, რომლებიც შვილების წარმატებით ამაყობენ, დედაჩემსაც სიბეჯითის განსახიერება ვეგონე, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, საშუალო სტუდენტზე უარესი გახლდით. სამი წლის შემდეგ, ჩემი ცხოვრების ოცდამეერთე წელს, დედა გარდაიცვალა და ვეღარ შეიტყო, რა გზით წარიმართა ჩემი პატივმოყვარეობა და ინტერესები, და რომ არაფერი გავაკეთე მის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. მალე დიდი სიხარულით მივატოვე უნივერსიტეტი, რომ მთელი არსებით შევდგომოდი ჩემი ცხოვრების ოცნების განხორციელებას.
მაგრამ ჯერ სამხედრო ვალდებულება უნდა მომეხადა. ჯარში წასვლას დიდი ხალისით შევხვდი, არა მარტო იმიტომ, რომ სურვილი მქონდა ერთგული მოქალაქე ვყოფილიყავი, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, სამხედრო სამსახური ჩემი მოწოდების განხორციელებისათვის შემდგომი მომზადების საქმეში დიდ სარგებლობას მომიტანდა. სამწუხაროდ, სერიოზული ნაკლი მქონდა და ვშიშობდი, დამიწუნებდნენ: ახლომხედველი ვიყავი, რის შესახებაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმაც კი არაფერი იცოდნენ. მართალია, ეს ნაკლი წლიდან წლამდე მცირდებოდა, მაგრამ მთლიანად დღემდე არ გამქრალა. საბედნიეროდ, გამოწერილი სათვალე არასდროს მიტარებია.
ბოლოს დადგა დღე, როცა საექიმო კომისიის წინაშე წარვდექი. მაგიდას უსხდნენ ექიმი და მისი ორი ასისტენტი. ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ, სწრაფად დავადგინე, რომ ეს უკვე ხანში შესული ექიმი დიდ ყურადღებას აქცევდა ადამიანის აღნაგობას. რა თქმა უნდა, დედიშობილა გამსინჯა