ერნესტო ჩე გევარა - გზა „გრანმისაკენ“ - პირველი ნაბიჯები
კითხვა: თქვენი ეროვნება, თქვენი წარმომავლობა?
პასუხი: თქვენ იცით, და ეს ყველასათვის ცნობილია, - არგენტინაში დავიბადე.
(ინტერვიუდან, რომელიც ერნესტო ჩე გევარამ
მექსიკურ ჟურნალ „სიემპრეს“ კორესპონდენტს
მისცა 1959 წლის სექტემბერში).
1969 წლის თებერვლის ერთ საღამოს ჩვენ ვსხედვართ ალბერტო გრანადოსის ვრცელ სასტუმრო ოთახში, ჰავანის გარეუბან მირამარში. მაგიდას ვუსხედვართ: დონ ერნესტო გევარა ლინჩი, ალბერტო და მე. ხანდახან ჩვენს საუბარს შემოუერთდება ხოლმე ალბერტოს მეუღლე ხულია, - წარმოშობით ვენესუელელი. ვიგონებთ ერნესტო ჩე გევარას ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს.
გარეთ ტროპიკული თავსხმა და ისეთი ჭექა-ქუხილია, კაცს ეგონება, ქვემეხები გრიალებენო. უნებლიეთ ფიქრობ, კიდევ კარგი, რომ სახლში ხარ ამ დროს, თორემ შენს მტერს, მთებში ან მანიგუაში (ასე უწოდებენ კუბელები ეკლიანი ბუჩქნარით მოფენილ მინდორს) რომ მოგისწროს ამ კოკისპირულმა.
სწავლულთა თქმით - სევდიანი და მოსაწყენი ტროპიკები ამავე დროს მრისხანეცაა. ცხოვრება აქ ძნელია და ხშირად საშიშიც. ლუკმაპური რომ იშოვო, დიდი სიმამაცე, შეუპოვრობა, მოხერხება და რკინის ნებისყოფა უნდა გქონდეს კაცს და, ცხადია, იღბალიც.
ჩეს მამა საშუალო ტანისაა; სამოცდაათ წელს აღარაფერი უკლია, მაგრამ ასაკთან შედარებით ყინჩად გამოიყურება. სათვალსიდან ეშმაკურად ელავენ მისი თვალები. ლაპლატელთათვის დამახასიათებელი აქცენტით საუბრობს და მაშინვე მიხვდები, რომ იგი არგენტინელია. როგორც ყველა არგენტინელი და ურუგვაელი, საუბარში ხშირად ხმარობს შორისდებულს - „ჩე“. მცოდნენი ამბობენ, რომ არგენტინელებმა ეს სიტყვა ინდიელებისაგან ისესხეს, რომელთა ენაზე იგი „ჩემიას“ ნიშნავს. პამპასების მოსახლეობა სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ინტონაციით ამ შორისდებულით „ადამიანური ვნებების“ მთელ გამას გამოხატავს: გაკვირვებას, აღტაცებას, ნაღველს, სინაზეს, თანხმობას და პროტესტს. საუბარში ამ სიტყვის ხშირად ხმარებისათვის შეარქვეს კუბელმა მეგობრებმა ერნესტო გევარას მეტსახელი „ჩე“. დროთა განმავლობაში ეს მეტსახელი მისი საბრძოლო ფსევდონიმი გახდა და ბუნებრივად შეესისხლხორცა მის სახელსა და გვარს. ერნესტო ჩე გევარა - ასე გაიცნო იგი არა მარტო კუბამ, არამედ მთელმა მსოფლიომ. ბატისტას დამარცხების შემდეგ, როდესაც გევარა კუბის ეროვნული ბანკის დირექტორად დანიშნეს, ახლად გამოშვებულ ბანკნოტებზე ხელს აწერდა უბრალოდ - „ჩე“, რითაც კონტრრევოლუციონერთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ერთხელ მას ჰკითხეს, თუ როგორ შეეგუა ამ ახალ სახელს. მან უპასუხა: „ჩემთვის „ჩე“ ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. სხვანაირად არც შეიძლება, უამისოდ ჩემი სახელი და გვარი რაღაც მცირეა, რაღაც პირადია და უმნიშვნელო“.
- იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ გახდა ჩემი შვილი მაიორი ჩე, კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ბელადი, და რამ მიიყვანა იგი ბოლივიის მთებში, - მეუბნება დონ ერნესტო, - საჭიროა, წარსულის ფარდა გადავწიოთ და გაგაცნოთ ჩვენი ოჯახის წინაპრები. პირდაპირ გეტყვით: ჩემი შვილის ძარღვებში ირლანდიელ მეამბოხეთა, ესპანელ დამპყრობთა და არგენტინელ პატრიოტთა სისხლი ჩქეფდა. როგორც ჩანს, მას მემკვიდრეობით დაჰყვა მოუსვენარ წინაპართა ზოგიერთი თვისება. მის ხასიათში იყო რაღაც ისეთი, რაც მას შორეული ხეტიალისკენ, საშიში თავგადასავლისაკენ და ახალი იდეებისაკენ იზიდავდა. ახალგაზრდობაში მეც დიდი მოუსვენარი ვინმე ვიყავი. ჯერ იყო და, არგენტინის ერთ-ერთ შორეულ პროვინცია მისიონესში, პარაგვაის საზღვართან, იერბა-მატე - პარაგვაული ჩაის პლანტაცია შევიძინე. შემდეგ სახლებს ვაშენებდი კორდოვაში, ბუენოს-აირესში და ჩემი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. დავაარსე სამშენებლო კომპანიები, მაგრამ ხშირად წაგებული ვრჩებოდი და სიმდიდრეც ვერაფრით ვერ დავაგროვე. სხვის ხარჯზე ცხოვრება არ შემეძლო, სხვები კი, იცოცხლე, კარგად მიყენებდნენ. მაგრამ ახლა ამაზე არ ვდარდობ; ცხოვრებაში მთავარი ფული კი არა, პატიოსნება და სინდისია. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ საქმეებს კარგად ვერ გავუძეხი, ჩემს ხუთივე შვილს უმაღლესი განათლება მივაღებინე და, როგორც იტყვიან, ხალხში გამოვიყვანე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ერნესტოთი ვამაყობ. იგი ნამდვილი ვაჟკაცი და ნამდვილი მებრძოლი იყო.
ცხელ ყავას ვსვამთ, ნამდვილ „ტინტოს“ (მაგარს), რომელიც ხულიამ ვენესუელური რეცეპტით მოამზადა.
- სამწუხაროდ, „მატე“ არა მაქვს, ვერ გაგიმასპინძლდებით. ამ დაწყევლილი ბლოკადის გამო არგენტინიდან შემოტანა გაძნელდა, - მეუბნება ალბერტო. მაგრამ ამ უჟმურ საღამოს „ტინტოსაც“ არა უშავს, მით უმეტეს, თუ „ექსტრა-სეკოს“ გარდა, ჩვენს სუფრას ერთი ბოთლი რუსული არაყიც ამშვენებს.
ხულია უკმაყოფილოა: მის ქმარს ღვიძლი სტკივა და ექიმებმა მას ყოველგვარი სპირტიანი სასმელი აუკრძალეს, იგი კი მაინც სვამს.
- ღმერთმანი, მიყვარს ცოტა გადაკვრა, - თავს იმართლებს ალბერტო.
- აი, ჩეს კი არ უყვარდა სპირტიანი სასმელები. მან ადრევე შეიყვარა ასთმის საწინააღმდეგო არომატული სიგარეტი, კუბაში ცხოვრების დროს კი - სიგარა „ტაბაკო“. იგი ამტკიცებდა, რომ ასთმის შეტევებისაგან ამ სიგარებმა იხსნეს. მან იცოდა კარგი თამბაქოს ყადრი და თითქმის განუწყვეტლივ ეწეოდა.
- მაშ