ნაწილი მეხუთე - სამშობლოს მხსნელი და მსოფლიოს შუქურა
1939 – 1945
ჩუმი ომი გერმანიასთან
1939 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც გერმანია პოლონეთს თავს დაესხა, ჩემბერლენმა ჩერჩილი გამოიძახა და ომის კაბინეტში ადგილი შესთავაზა. მართალია, შეთავაზება მყარი იყო, დაზუსტებას მაინც ითხოვდა, მთავრობის წევრად ჩაითვლებოდა თუ არა. ამ გაურკვეველი მდგომარეობის გამო შემდეგი ორი დღე, ჩერჩილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მაგრამ როცა 3 სექტემბერს, კვირა დილით, ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა, ყველაფერი გაირკვა. თემთა პალატაში გამართული სხდომის შემდეგ ჩერჩილი კვლავ ჩემბერლენთან გამოიძახეს. მისი პირადი დეტექტივი, ინსპექტორი ვ. ჰ. თომსონი, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად წაიყვანა, ასე იგონებს იმ დღეს: „ჩერჩილი მანქანაში ჩაჯდა (კატაფალკისმაგვარ „დაიმლერში“) და მშრალად მითხრა: „დაუნინგ სთრითზე, თომსონ.“ როცა უკვე მეორედ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მანქანის უკანა სკამზე, კლემენტაინის გვერდით დაჯდა, თქვა: „საადმირალოა“, მერე ნასიამოვნებმა ჩაახველა და დაურთო: „ნამდვილად არ ველოდი“.
ჩერჩილი საადმირალოშიც დანიშნეს და ომის კაბინეტის წევრადაც. ჩემბერლენმა გადაწყვიტა, ის მთავრობის უმაღლეს წრეში მიეღო. მაგრამ ათწლიანი შუალედი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, რომ ჩერჩილს კაბინეტში დაბრუნება გაადვილებოდა. ახალი მინისტრები ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ, ხოლო საზოგადოება და პრესა დიდ მოლოდინს და მოუთმენლობას ამჟღავნებდა. ჩერჩილმა ჩვეულებას არ უღალატა, ენერგიულად ჩაერთო საქმეში. განურჩევლად ყველა თანამშრომელს განკარგულებას აძლევდა და ასაქმებდა. სპონტანურად კარნახობდა თავის მუდმივ სტენოგრაფს, თუკი რაიმე საყურადღებოს წაიკითხავდა ან თუ თავში უცებ საინტერესო აზრი მოუვიდოდა. როგორც დიდ ადამიანებს მლიქვნელების გარემოცვა, ისე სჭირდებოდა ჩერჩილს, დღე და ღამე მდივანი და სტენოგრაფი ჰყოლოდა გვერდით.
საადმირალოს შიდა საქმეების პარალელურად, ჩერჩილი საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰალიფაქსს და პრემიერ-მინისტრს ხშირად სწერდა. ომის დაწყებიდან ექვსი კვირის განმავლობაში ნევილ ჩემბერლენს ცამეტი წერილი მისწერა, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, ისე ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, რომ წერილობით პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩავთვალეო.
სემუელ ჰოარმა პირველი შთაბეჭდილება ჩერჩილის პირველ ლორდად დანიშვნასთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს ბივერბრუკს გაუზიარა – უინსტონი, როგორც ველოდით, ზედმეტად ემოციურია, გაუთავებლად მჭევრმეტყველებს... მე თუ მკითხავთ, ამჟამად ყველაზე პოპულარული ფიგურაა კაბინეტშიო.
საადმირალოში უხუცესი თანამშრომლების უმრავლესობა შრომისუნარიანობით განაცვიფრა. ჯეფრი შექსპირი, რომელიც მაშინ, ომის პირველ წლებში, ჯერ ადმირალი არ იყო, მაგრამ ახალგაზრდა მინისტრი გახლდათ საადმირალოში, იხსენებს – მთელი დღის მუშაობის შემდეგ, საღამოს ცხრიდან თერთმეტამდე, ჩერჩილი კონფერენციას იწვევდა, თერთმეტი საათის შემდეგ სიტყვით გამოდიოდა და მის საუბარს სტენოგრაფი იწერდა ხოლმეო. ერთ საღამოს უკითხავს: „მზად ხართ? ვატყობ, დღეს ბოლომდე დავიხარჯები.“ თვითონ ჩერჩილი იმ დღეებზე წერს – წუთი არ მქონდა პირველი სამი კვირის განმავლობაში, სხვა რამეზე მეფიქრა, ის სამი კვირა ყველაზე გრძელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაშიო. კლემენტაინიც წუხდა, უინსტონი დღე და ღამე მუშაობს, შეიძლება, გადაბმულად არა, მაგრამ დღე-ღამეში თავისი ნორმირებული რვა საათი თუ არ დაიძინა, ძალიან გადაიღლებაო.
ჩერჩილი ომამდელ ცხოვრებასთანაც ახერხებდა კავშირის შენარჩუნებას. მოკლე უიკენდებზე ჩარტველში ჩადიოდა და „ინგლისურენოვანი ხალხების ისტორიის“ თაობაზე თავის ოქსფორდელ ასისტენტსაც ეხმიანებოდა ხოლმე. 11 სექტემბერს ლონდონში „სხვა კლუბშიც“ ისადილა და „სავოი ჰოტელშიც“ ახალი და წარმატებული გაზეთის, „ფიქჩერ პოსტის“ გამომცემელს შეხვდა. შეხვედრას სემუელ ჰოარიც ესწრებოდა. 1940 წელს, როცა ჩერჩილმა თავისი მთავრობა ჩამოაყალიბა, ჰოარი მადრიდში გადაისროლა ელჩად, იქამდე კი პერიოდულად, ხან პოლიტიკურ ასპარეზზე და ხანაც პოლიტიკის მიღმა, მოულოდნელად გადაეყრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
ჩერჩილი არც ამ ასაკში არ ზოგავდა თავს. მაგალითად, 16 ოქტომბერს, სანამ შუადღისას „სავოი ჰოტელში“ გამომცემელს შეხვდებოდა, ჯერ ადმირალებისთვის უკარნახა ხუთი ოქმი, შემდეგ სკანდინავიის სტრატეგიისთვის მასალა შეადგინა კაბინეტში განსახილველად, საავიაციო ქარხნისთვის მემორანდუმი მოამზადა და მერე პრეზიდენტ რუზველტისთვის, გენერალ ჟორჟისთვის და ლონდონში საფრანგეთის ელჩისთვის გასაგზავნი წერილებიც დაწერა (ჯამში, ალბათ, 3,000 სიტყვა იქნებოდა). ამას გარდა, ცალი თვალით ფლოტის განლაგებას აკვირდებოდა, რომ დღის ბოლოს, თერთმეტიდან პირველ საათამდე, ამ საკითხზე ემსჯელა.
რუზველტთან მიმოწერა პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. 4 სექტემბერს ჩერჩილმა რუზველტისგან მილოცვა მიიღო – მოხარული ვარ, საადმირალოში რომ დაბრუნდითო და შესთავაზა, დიპლომატიური ფოსტით გაეგრძელებინათ მიმოწერა. რა თქმა უნდა, ჩერჩილი კმაყოფილი დარჩა შეთავაზებით. ოღონდ ჩემბერლენისთვის ეს ამბავი ფრთხილად უნდა მიეწოდებინა, ჭკუა ეხმარა და მის ზურგს უკან არ ემოქმედა. სხვათა შორის, ოქტომბრის ერთ საღამოს მეუღლესთან ერთად ჩერჩილებთან სტუმრად მისულმა ჩემბერლენმა ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩერჩილზე, ვიდრე მთელი ოცი წლის მანძილზე საქმიანი ურთიერთობის დროს. პირველად იმ საღამოს, როცა ჩემბერლენი ბაჰამაზე გატარებულ წლებზე მოუთხრობდა, ჩერჩილმა აღმოაჩინა, რომ ის ცხოვრებაში საოცრად სასიამოვნო მოსაუბრე ყოფილა. ჩერჩილი ჩემბერლენთან ურთიერთობისას სიფრთხილეს და პატივისცემას ავლენდა, რაზედაც ჩემბერლენი