კაზანოვა
ცნობილი ავანტიურისტი ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვა დე სეინგალტი დაიბადა 1725 წელს ვენეციაში (სეინგალტობა ანუ აზნაურის წოდება მან თვითნებურად მიისაკუთრა). ჯაკომომ განათლება პადუას უნივერსიტეტში მიიღო, შეისწავლა სამართალი და, როგორც თავად წერს, 17 წლისამ სადოქტორო ხარისხი მოიპოვა. სასულიერო მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, მაგრამ სასიყვარულო ხლართებში გაება და სემინარიიდან გარიცხეს. ბერმა ანაფორა სამხედრო მუნდირით შეცვალა და მრავალი ქვეყანა მოიარა. 1755 წელს ვენეციაში დაბრუნებული კაზანოვა სიცრუისა და მკრეხელობისთვის დააპატიმრეს. წლისა და სამი თვის თავზე ციხიდან გაიქცა და პარიზში დასახლდა. მაგიის ცოდნამ და ათასგვარმა თაღლითობამ გზა გაუკაფა მაღალი საზოგადოებისკენ. იგი შეხვედრია ძლევამოსილ მონარქებს, ცნობილ პოლიტიკოსებს, გამოჩენილ მსახიობებს, მხატვრებსა და მწერლებს. კაზანოვა ბევრს მოგზაურობდა. იყო აფრიკაში, რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. 1775 წელს მრავალფათერაკგამოვლილს უფლება მისცეს, დაბრუნებულიყო ვენეციაში, სადაც საინკვიზიციო ტრიბუნალის საიდუმლო აგენტად დაიწყო მუშაობა. შემდეგ სასიყვარულო ინტრიგებს თავი ვეღარ გაართვა და იძულებული გახდა თავშესაფარი ბოჰემიაში, გრაფ ვალდშტაინის სასახლეში ეპოვა.
კაზანოვა გარდაიცვალა 1798 წელს.
იგი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ექიმბაშობდა, წერდა პიესებსა და რომანებს, ატარებდა მაგიისა და კაბალისტიკის სეანსებს, თაღლითობდა ბანქოში, იჩემებდა ჰიდრავლიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ალქიმიის, ფიზიკის, სამხედრო და საინჟინრო საქმის ცოდნას, იცნობდა ანტიკურ ფილოსოფიასა და მწერლობას, იყო აბატი, ჯარისკაცი, მასონი და დამსმენი, ენამჭევრი მოსაუბრე და მუსიკოსი, თუმცა სახელი სულ სხვა ასპარეზზე გაითქვა - როგორც ქალების გულთამპყრობელმა და უბადლო მუსუსმა.
კაზანოვამ „ჩემი თავგადასავალი“ ფრანგულად დაწერა. მისივე ცნობით, დღეში ცამეტ საათს მუშაობდა და ეს დრო ცამეტი წუთივით გარბოდა. ამ ვრცელი თხზულების (ხელნაწერი პირობითად ათ ტომადაა დაყოფილი) რამდენიმე რედაქცია არსებობს. ჩვენ ვისარგებლეთ 1881 წელს ბრიუსელში გამოცემული ექვსტომეულით. საინტერესო ისტორიული მასალის შემცველი თავები შევარჩიეთ და ქართველ მკითხველს ვთავაზობთ ჯაკომო კაზანოვას მემუარებს შემოკლებული სახით.
მთარგმნელისგან