თავი I - „საფრანგეთი - ეს მე ვარ!“
საუკუნეზე მეტი ხნის წინ პარიზის ერთ დიდ, ძველმოდურ სახლში ოთხი პატარა ბიჭი ომობანას თამაშობდა. ოთხი ძმიდან თითოეული სხვადასხვა ქვეყანას განასახიერებდა და ათი წლის შარლმა ყველას თავთავისი როლი არგუნა: „ქსავიე, შენ ავსტრია ხარ, ჟაკი - გერმანია, პიერი - იტალია... მე, ცხადია, საფრანგეთი ვიქნები!“
დღეს შარლ დე გოლი მართლაც საფრანგეთს განასახიერებს, თუმცა ამერიკელთა უმეტესობისთვის და ბევრი ფრანგისთვისაც იგი მაინც
ენიგმად რჩება. და თუ მის თანამემამულეებსაც კი ეს ემართებათ, რაღა გასაკვირია, დანარჩენი მსოფლიოსთვის ის ცივ, თავკერძა ადამიანად მოჩანდეს, ვისი ამოუცნობი ფიქრებიც არაფრის გამომხატველი ნიღბის მიღმა იმალებოდა? საფრანგეთის აკადემიის წევრმა, ანრი დანიელრობსმა თქვა ერთხელ დე გოლზე - ხალხის თვალში ის ცოცხალ ძეგლად აღიქმებაო...
ცხადია, თავად დე გოლსაც სწორედ ამგვარი განზრახვა ამოძრავებდა - მისი აზრით, ადამიანს, რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს, დიდებულების ელფერი უნდა ედოს და ეული ობელისკივით იდგეს, ამაყად: „ჩემი ტვირთის მატარებელ ადამიანს არც მეგობრებისა და არც მტრების ყოლის ფუფუნება არ გააჩნია!“
რა თქმა უნდა, უამრავი დაუძინებელი მტერი ჰყავდა, თუმცა თავად მათ არც მტრებად მიიჩნევდა და არც მტრულად ეპყრობოდა; ეგ კი არა, დროდადრო თავის ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგეებსაც კი სთავაზობდა სავარძლებს თავის მთავრობაში. ეგეცაა - არც გულითადი მეგობრებით ყოფილა განებივრებული: ძირითადად, ძველი თანამებრძოლები ეხვია გარს და კიდევ - თანაშემწეები, მინისტრები და სხვადასხვა რანგის ჩინოსნები. მართალია, ყველას მიმართ გარკვეულ სითბოს და სიყვარულს ავლენდა, მეგობრობამდე მათ შორის საქმე მაინც არასოდეს მისულა. მეტნაკლებად ახლობელ ადამიანად შესაძლოა, ისევ ანდრე მალრო ჩაითვალოს - შესანიშნავი მწერალი, ყოფილი კომუნისტი, ფრანგული წინააღმდეგობის წევრი, შემდგომ კი – კულტურის მინისტრიც. დე გოლის იდუმალ სამყაროში ის ერთგვარი „პირადი ფილოსოფოსის“ როლს თამაშობდა და მათ ურთიერთობას მეგობრობის რაღაცა ნიშატი მაინც ედო. მხოლოდ მას შეეძლო გაუფრთხილებლად შეეღო პრეზიდენტის კაბინეტის კარი... ოღონდ, ბოლო ადამიანი, რომელიც დე გოლს სახელით მიმართავდა ხოლმე, 1959 წელს, შობას გარდაიცვალა და ეს მისი უმცროსი ძმა, პიერი გახლდათ.
რაც შეეხება მითს მისი ამ რაღაც „ამოუცნობი ხასიათის“ თაობაზე, ეს სრული უაზრობა და მონაჩმახია: შარლ დე გოლის მთელი ცხოვრებისეული გზა ისევე სწორია და პირდაპირი, როგორც საჰარაში გაყვანილი ფრანგული გაზსადენის მილი! ყოველი მისი ქმედება და სიტყვა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - აღედგინა საფრანგეთის დიდება, რის გარეშეც, მისივე თქმით, ქვეყანა საკუთარ სახეს დაკარგავდა.
ცხოვრების ეს უმაღლესი საზრისი არასოდეს დაუმალავს და მისი წიგნების ყველა გვერდიც ამ აზრითაა გამსჭვალული. დე გოლის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, უბრალოდ, ის აბნევს, რომ ამ ერთადერთი, მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნის მისაღწევად მას უამრავი სხვადასხვა გზით უწევდა ხოლმე სიარული.
სამშობლოსთან თავი პირველად მაშინ გააიგივა, როდესაც საკუთარი გვარის ეტიმოლოგია გააცნობიერა: დე გოლი, ანუ - „გალების შთამომავალი“. მთელი ცხოვრება თითქოს წინდაწინვე ჭვრეტდა, რა მისიის აღსრულებაც მოუწევდა და შეგნებულად იწრთობდა კიდეც თავს საამისოდ: ჯერ კიდევ პატარა, გრძელღამისპერანგიანი ბიჭუნა საწოლთან დაჩოქილი ლოცულობდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა - საფრანგეთისთვის რაიმე დიადის ჩადენის საშუალება მომეციო - სულ ერთია რის, ოღონდ კი რაიმე დიდებულის...
ჯერ კიდევ იი მსოფლიო ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, პირად ემბლემად წმ. იოანეს ჯვარი აირჩია, რადგან თავადაც ნეტარ ავგუსტინესავით უდიდესი მისტიკოსი გახლდათ და დონკიხოტივით გამოუსწორებელი რომანტიკოსი: შეეძლო, მაგალითად, ამგვარი სტრიქონები დაეწერა - „უკიდურესი აღტკინების ჟამს საფრანგეთი ხან ზღაპრულ ფერიად წარმომიდგენია, ხან კიდევ - ფრესკაზე გამოსახულ ღვთისმშობლად...“
მაგრამ სერვანტესის შეშლილი რაინდისგან განსხვავებით, დე გოლს ქარის წისქვილებთან არასოდეს უომია; მისი რომანტიზმის საბურველქვეშ გალური საღი აზრი იმალებოდა, რომელიც ხან მწარემწარე შენიშვნებითა და ხანაც საოცარი გამჭრიახობით იჩენდა ხოლმე თავს. სწორედ სინამდვილის საღი განსჯის წყალობით ახერხებდა, ერთმანეთში არ აერია სასურველი და შესაძლებელი; ამიტომ შესთავაზა ფრაგულ კოლონიებს - თავადვე აერჩიათ დამოუკიდებლობა, ანდა ე.წ. „ფრანგულ თემში“ თანაცხოვრება, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ბრიტანული თანამეგობრობის მსგავსი კავშირი უნდა ყოფილიყო. მშვენივრად უწყოდა - ძალით, მხოლოდ სამხედრო იძულების გზით მათი შენარჩუნება უიმედო მცდელობა იქნებოდა და ამიტომაც ერთადერთი გონივრული გეზი აირჩია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც დაჰპირდა ალჟირს თვითგამორკვევის უფლებას. მართალია, ამან მისი კონსერვატიულად განწყობილი მხარდამჭერების შეძრწუნება, სამხედროების აღშფოთება და ალჟირში მაცხოვრებელი ფრანგების ჯანყი გამოიწვია, მაგრამ დე გოლმა იმთავითვე გარკვევით განაცხადა - შეგვეძლო ძალით შეგვენარჩუნებინა ისინი, მაგრამ ეს დიდხანს მაინც ვერ გასტანდაო.
სწორედ რეალიზმი და არა დიდებაზე ოცნება ედო საფუძვლად დე გოლის