პირველი თავი -
მეტრაქტირის შვილი ეკლესიის გარშემო რამდენიმე სახლი დგას. ცოტა მოშორებით ტრაქტირია. „მისი უპირატესობა სხვებთან შედარებით ის არის, რომ სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის უფლება აქვს“. უსასრულო მინდვრებში ჩაკარგული ერთი ჩვეულებრივი, უჩინარი, შავ, ნაყოფიერმიწიანი სოფელია. ზემოდან ნაფლეთნაფლეთი ღრუბლებით დაფარული ცა ჩამოსწოლია.
შემოდგომა ბუსეტოში ნაღვლიანია, მაგრამ კიდევ უფრო ნაღვლიანი იცის ლე რონკოლეში - უღიმღამო, ძილის მომგვრელი, მომთენთავი. დროდადრო მეწამულის და ოქროსფერი გადაეკვრის ცას, მაგრამ მერე კვლავ ნისლისფრად ჩამუქდება. გახურებული რთველის შემდეგ სოფელი კარგა ხნით მიწყნარდება, მოკლე დღეები დგება და გლეხები ადრიანად მიეშურებიან შინისაკენ. ხუთ საათზე ლამის ბნელა: ასეთ დროს ისა ჯობს, გლეხი ფართო სამზარეულოში იჯდეს, ოჯახის სიმყუდროვეში ჩაფლული საოჯახო ნივთებს აახლებდეს, შინაურებს ესაუბრებოდეს. გარეთ ცივა, სქელი, ლამის დანით გასაჭრელი ნისლი ჩამოწოლილა. გარშემო სიმშვიდე სუფევს.
სუფრას შვიდის ნახევარზე შემოუსხდებიან ხოლმე. წინ მათლაფებით წვნიანი, ძეხვი, პური და ტოლჩით ლამბრუსკო ან ბონარდო უდგათ. უხმოდ, დინჯად მიირთმევენ. ბუხარში ცეცხლი გუზგუზებს, შეშას ნაპერწკლები სცვივა. ასე შეუმჩნევლად გადის საღამო და დაწოლის დროც დგება. ერთფეროვნად, მონოტონურად მიიზლაზნება დღეები. ეს ავად სახსენებელი 1813 წელი სიკეთეს ვერ მოუტანს იტალიას, განსაკუთრებით, აქ - ჩრდილოეთში. ნაპოლეონის რუსეთზე გალაშქრების შემდეგ მრავალმა ლომბარდიელმა, ლიგურიელმა და ემილიელმა გლეხმა საფრანგეთის კავალერიის მწვანე მუნდირი ჩაიცვა და იმ შორეულ ქვეყანაში დარჩა: ახლა გულზე ხელებდაკრეფილები წვანან მოსკოვთან ახლოს თოვლში, ანდა სადმე ველად. დიადმა არმიამ უკან დაიხია: იმპერატორმა აბობოქრებულ პარიზს მიაშურა. მოუსავლიანი წელი იდგა. ფულს ჩალის ფასი დაედო. ნახევარი დღე უნდა ემუშავა კაცს, ერთი კილო პური რომ ეყიდა.
ცნობილი ამბავია, ომები ძვირი ჯდება და, უპირველეს ყოვლისა, ღარიბღატაკების მხრებზე გადადის.
სწორედ ამ 1813 წლის მიწურულს მილანში ტაძრის ფასადი დაასრულეს.
ლომბარდიის დიდ ქალაქში სიღატაკე აკრძალულია. შრომისუნარიან ადამიანს თუ მათხოვრობის დროს დაიჭერენ, იძულებით სამუშაოზე გზავნიან. სასჯელის ეს ზომა ვიცემეფე ევგენიმ შემოიღო. ამით იგი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი რეკრუტიმოხალისე შეეგროვებინა. ნაპოლეონს თავისი განზრახვის შესასრულებლად ჯარისკაცები სჭირდებოდა.
დრონი იცვლებიან, მოვლენები თანდათან სწრაფად ვითარდება. ქარი აშრიალებს ნაპოლეონის მიერ გაშენებულ უზარმაზარ ტყეებს. სოფელში აბდაუბდა, არეული ამბები მოდის. დრეზდენთან ბრძოლის შემდეგ იმპერატორი ლაიფციგთან აპირებს მოკავშირე ჯარებთან შებმასო. რამდენი თვე გავიდა და პოდანის ველზე დროდადრო ჯარისკაცების დაქსაქსული, არმიიდან გამოქცეული ჯგუფები გამოჩნდებიან ხოლმე - საცოდავი, ჩამოძონძილი, მშიერი დეზერტირები. ისინი საშინელ ამბებს ჰყვებიან შიმშილზე, სიკვდილზე, ტანჯვაზე, ბრძოლებზე, უცხო ქვეყნებში ხეტიალზე, უცხო ტომებზე. გლეხებს მათი ნაამბობიდან ბევრი არაფერი ესმით, მხოლოდ ოხრავენ და თავებს აქნევენ. რა არ გადაიტანა ამ უბედურმა ხალხმა! ამ ამბებს მოისმენთ ლე რონკოლეს ტრაქტირში - იგი მაღაზიაცაა, თამბაქოს დუქანიც, ღვინის სარდაფიც. 1798 წლიდან ეს სარდაფი კარლო ვერდის ეკუთვნის. 1805 წელს მან პიაჩენცელი ლუიჯა უტინი შეირთო ცოლად. კარლო ვერდი გამხდარი, უხმო კაცი იყო, ლუიჯა უტინი - მშვიდი, სევდიანი ქალი, მას შრომისა და დარდის მეტი არაფერი უნახავს ცხოვრებაში. მათ მუშტრებთან საბაასოდ არ ეცალათ, იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდნენ, თითქოს არც აინტერესებდათ, რა ხდებოდა ამქვეყნად. ფრანგები იბატონებენ აქ, ავსტრიელები თუ სხვანი, მათ შრომის მეტი მაინც არაფერი მოუწევთ: მუშტრებისთვის ღვინო სუფრასთან მიჰქონდათ, ან დახლთან უსხამდნენ. ამ ნაღვლიან, დაბალჭერიან, მასიურკოჭებიან შენობაში ხშირად ისმოდა უცნაური სიტყვები, აქამდე რომ არ გაეგონათ - სმოლენსკი, კამენკა, ბერეზინა. ოცდაშვიდი ათასი იტალიელი გაგზავნეს რუსეთში, ერთი წელიც არ გასულა და იქიდან მხოლოდ ორი ათასი თუღა დაბრუნდა. მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა. იმ წყეულ 1813 წელს ნაპოლეონმა თავისი იტალიელი ვასალებისაგან კვლავ მოითხოვა ჯარისკაცები. ვისაც კი ხელში თოფის დაჭერა შეეძლო, ისევ უნდა ჩაეცვა ჯარისკაცის ფარაჯა და ჯარში წასულიყო, მიეტოვებინა ოჯახი და გაჭირვებასა და შიშში ეცხოვრა. ყველა ერთნაირად ფიქრობდა. ჯაფისაგან ისეთი დაღლილდაქანცულები იყვნენ, ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის და არ გამოცხადებულიყვნენ გამწვევ პუნქტებში.
პოდანის ველზე შემოდგომის წვიმიანი ოქტომბერი იდგა. ნაპოლეონს იტალიიდან ჯარისკაცები და ტყვიამფრქვევები მიაშველეს და ლაიფციგისკენ დაძვრას აპირებდა. ორი არმია - ფრანგული და ანტიფრანგული კოალიცია - კვირას, ათ რიცხვში შეებმოდა ერთმანეთს. სწორედ ამ კვირას ლე რონკოლეში, საღამოს რვა საათზე, როცა გარეთ უკვე ბნელა, ტრაქტირი დაცარიელებულია და ველზე სქელი ნისლია ჩამოწოლილი, დაიბადა ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი. კარლომ რომ გაიგო, ყველაფერი კარგად დასრულდა და რვა წლის ლოდინის შემდეგ პირმშო შეეძინა, ტრაქტირში შევიდა იქ შემორჩენილ მუშტრებთან ჭიქა ღვინის გადასაკრავად. უხაროდა, ვაჟიშვილი რომ გაუჩნდა. ბიჭი ადრე შეუდგება მუშაობას და რომ წამოიზრდება, ტრაქტირს მას