აინშტაინი
ბრიტანელი მათემატიკოსის და ფიზიკოსის, ბანეშ ჰოფმანის (1906-1986) წინამდებარე წიგნი ბევრი ნიშნით გამოირჩევა ალბერტ აინშტაინზე დაწერილი სხვა ბიოგრაფიული წიგნებისგან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი 30-იანი წლებიდან იცნობდა აინშტაინს, განეკუთვნებოდა დიდი ფიზიკოსის უახლოესი ადამიანების ვიწრო წრეს და არა მხოლოდ აინშტაინის სიცოცხლის ბოლომდე მისი ასისტენტი იყო, არამედ – მისი მნიშვნელოვანი ნაშრომების თანაავტორიც. საინტერესოა ისიც, რომ ბანეშ ჰოფმანი არ ყოფილა მეცნიერების ჟურნალისტი და ფიზიკის პოპულარიზატორი, მაგრამ აინშტაინზე დაწერილი მისი წიგნი ისე ცოცხლად და მიმზიდველად მოგვითხრობს ფიზიკის ურთულეს პრობლემებზე, როგორც ეს მხოლოდ მეცნიერების საუკეთესო ჟურნალისტებს შეუძლიათ. ალბათ, ამანაც განაპირობა წინამდებარე წიგნის არაჩვეულებრივი წარმატება და პოპულარობა მკითხველთა ფართო ფენებში.
1972 წელს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ეს ბიოგრაფია მალე ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე, აღინიშნა პრესტიჟული პრემიებით და სანდო წყაროდ იქცა აინშტაინის სხვა ბიოგრაფთათვის. წიგნის დიდ ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ ავტორმა უერთგულა აინშტაინის კრედოს და მის შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და ვის მიერ უნდა იწერებოდეს ბიოგრაფიული წიგნები მეცნიერებზე. აინშტაინი ფიქრობდა, რომ მეცნიერება არასდროს უნდა მიტანილიყო პოპულარობის სამსხვერპლოზე და ყოველთვის უნდა ყოფილიყო დაცული მთავარი პრინციპი: მკითხველისთვის გასაგებად ყოფილიყო გადმოცემული ის არსებითი შინაარსი, რამაც ამა თუ იმ დიდი მეცნიერის დიდება და საკაცობრიო განვითარებაში მისი განსაკუთრებული ადგილი განესაზღვრა.
ცნობილია, რომ აინშტაინი მთელ მსოფლიოში უჩვეულო პოპულარობით სარგებლობდა, რამაც მასზე უამრავი ანეკდოტის, ლეგენდის, გაზვიადებული ამბის შეთხზვას შეუწყო ხელი. ამისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა თვით აინშტაინის მიერ საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და ეტიკეტების იგნორირებაც, მისი არაჩვეულებრივი იუმორი, მისი ხასიათის პირდაპირობა, თუნდაც მრავალი ადამიანური სისუსტე. ამ ყველაფერზე წიგნში საუბარია მომხიბლავი ზომიერების გრძნობით, გადაჭარბების და სენსაციებით მკითხველის დატყვევების იაფფასიანი ილეთის გარეშე.
სამაგიეროდ, წიგნში, გემოვნებიანი მკითხველის გასახარად, მიმზიდველად ენაცვლება ერთმანეთს აინშტაინის ურთულესი თეორიების მარტივად და გასაგებად გადმოცემა და ისტორიული ფონის აღწერები, სამეცნიერო კონტექსტის ფართო მოზაიკა, აინშტაინის ბიოგრაფიის ამაღელვებელი დეტალები. განსაკუთრებული სიმძაფრით არის გადმოცემული უკვე დიდებით მოსილი აინშტაინის დაპირისპირება კვანტური ფიზიკის მეორე ფუძემდებელთან, ნილს ბორთან; მკითხველს ბევრ საფიქრალს აღუძრავს იმ მეცნიერული წინაპირობების შესახებ თხრობა, რომლებმაც ატომური ბომბის შექმნა გამოიწვია. რა თქმა უნდა, ავტორისთვის კარგად იყო ცნობილი ბევრი ჭორი და მართალი, რაც ამ თემასთან დაკავშირებით იწერებოდა აინშტაინის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების მერეც, მაგრამ ჰოფმანი თავის წიგნში შეგნებულად იფარგლება მხოლოდ თემის გამოკვეთით და საბოლოო პასუხს დროს მიანდობს.
ქართველი მკითხველი აუღელვებლად ნამდვილად ვერ წაიკითხავს წიგნის იმ მონაკვეთებს, რომლებშიც თავისი მშობელი ებრაელი ხალხის ბედ-იღბალზე, მის მომავალზე, მის კულტურაზე აინშტაინის გონივრული ზრუნვა და კონკრეტული მონდომებაა ნაჩვენები. არანაკლებ ამაღელვებელია აინშტაინის სიყმაწვილისა და სტუდენტური ცხოვრების სურათები, მისი მეგობრების – განსაკუთრებით მათემატიკოს გროსმანის – წვლილი აინშტაინის სამეცნიერო წარმატებაში. მკითხველს, რომლისთვისაც უკვე ცნობილია ფარდობითობის სპეციალური თეორიის შექმნაში უდიდესი ფრანგი მათემატიკოსის, ანრი პუანკარეს როლი და პირველობის თემასთან დაკავშირებული საკამათო საკითხები, არ გამოეპარება ავტორის აპოლოგეტიკური ტონი და ერთგვარი ცალმხრივობა თუ ორმაგი სტანდარტის მომარჯვება (რაც თავის კულმინაციას დამატებითობის პრინციპის შექმნაში ჰაიზენბერგის როლის შეფასებისას აღწევს), მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საკითხები დღემდე დაუსრულებელი დავისა და შეხლა-შემოხლის საგანია.
წიგნში უხვად, და ყოველთვის სათანადო სიზუსტით, არის წარმოდგენილი ამონარიდები აინშტაინის პირადი წერილებიდან, რაც მისი პიროვნული წყობისა და ხასიათის მდიდარ პანორამას ქმნის და ამ კომპაქტურ ბიოგრაფიას კიდევ უფრო მიმზიდველ საკითხავად აქცევს.
დაბოლოს, მკითხველმა არ უნდა დაივიწყოს, რომ, უპირველეს ყოვლისა ეს არის წიგნი მეცნიერზე და მეცნიერებაზე, და იგი, დარწმუნებული ვართ, ფიზიკის ურთულეს პრობლემებში ნაკლებად ჩახედული მკითხველის ცოდნასაც გაამდიდრებს და ბუნებისმეცნიერების მიმართ მის ინტერესსაც გააძლიერებს.